GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

19 ივნისი, 202513:22

საიამ 2025 წლის 29 მაისს ევროპის საბჭოს სოციალური უფლებების სოციალური უფლებების ევროპულ კომიტეტს (ECSR) ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა. აღნიშნული კომიტეტი მონიტორინგს უწევს წევრი სახელმწიფოს მიერ ევროპის სოციალური ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.


დოკუმენტში საია მიმოიხილავს ადამიანის უფლებების კრიზისულ მდგომარეობას (ამასთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ ანგარიში „ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში”1, რომელიც 2025 წლის 14 მაისს გამოქვეყნდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ უფლებადარღვევების ერთობლივი დოკუმენტირების შედეგად), რაც განსაკუთრებით გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბრიდან, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გამოცხადების შემდეგ,2 რასაც მოჰყვა ხალხის პროტესტი, რომელთა შორის არიან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები.


საიას წარდგენილი ანგარიში ეხება შრომით უფლებებს, კერძოდ, სხვადასხვა საკანონმდებლო აქტით საჯარო მოხელეების უფლებების შეზღუდვას და საჯარო სამსახურებში პარტია „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული მოსაზრების მქონე დასაქმებულების გათავისუფლების მიზნით რეორგანიზაციას და უწყებების ლიკვიდაციას. შესაბამისად, ანგარიშში ასახულია ინფორმაცია საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი რეპრესიული ცვლილებების შესახებ. ასევე, ანგარიშში განხილულია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობის შემზღუდველი კანონები.


საქართველოს კონსტიტუციითა3 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულია4 და გარანტირებულია ყველა ადამიანის, მათ შორის, საჯარო მოხელის, გამოხატვის თავისუფლებაც. “საჯარო სამსახურის” შესახებ კანონი საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს აკისრებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის ვალდებულებას,5 თუმცა სახელმწიფო საგარეო კურსის შესახებ აზრის დაფიქსირება არ შეიძლება მოექცეს ამ პრინციპის ფარგლებში. ეს არც აგიტაციაა და არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა და სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ საგარეო კურსს უჭერს მხარს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო სტრუქტურებში ჩატარდა რეორგანიზაციები, განახორციელა საჯარო სამსახურის ბიუროსა და პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაცია, აღარ გაუგრძელა შრომითი ხელშეკრულება საჯარო სამსახურში დასაქმებულ იმ პირებს, რომლებიც წლები მუშაობდნენ, რაც უმეტესად, უკავშირდებოდა სწორედ საჯარო მოხელეების მიერ დაფიქსირებულ პროტესტს პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ქმედებების შედეგად, საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით 800-ზე მეტი პირი გათავისუფლდა.6


ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.



1 საია და სხვა 10 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, 2025, https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/ადამიანის%20უფლებების%20კრიზისი%20საქართველოში%20-%20საბოლოო.pdf [29.04.2025].

2 რადიო თავისუფლება, „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს, 28.11.2024, https://www.radiotavisupleba.ge/a/33219304.html [29.04.2025].

3 საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 17.

4 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხლი 10.

5 საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მუხლი 15.

6 ფორმულა, კონსტიტუციის 78-ე მუხლი: საჯარო სამსახურებიდან უკვე 800-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს, 24.04.2025, https://formulanews.ge/News/კონსტიტუციის_78-ე_მუხლი:_საჯარო_სამსახურებიდან_უკვე_800-ზე_მეტი_ადამიანი_გაათავისუფლეს/125348 [29.04.2025].

სხვა სიახლეები