სიახლეები
საია ეხმიანება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმადგენლების, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, 1 მამუკა ხაზარაძისა 2 და ბადრის ჯაფარიძის 3 მიმართ დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საფუძვლით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების, ჯვებე ნაჭყებიას და ზვიად შარაძის, მიერ გამოტანილ განაჩენებს და თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებულ მკაცრ სასჯელს.
2025 წლის 21 მაისს საიამ საზოგადოებას წარუდგინა დასაბუთებული სამართლებრივი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა შეფასებულიყო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად, რაზე დაყრდნობითაც, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევებში ადგილი აქვს ავი განზრახვით (ulterior purpose) სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ. აღნიშნულს, ასევე, ამყარებს განაჩენის 4 გამოცხადებამდე ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, ის, ვინც არ აღიარებს [ამ პარლამენტს], „წავლენ ციხეში“. 5
როდესაც ხელისუფლება სისხლის სამართლის მექანიზმებს ინსტრუმენტად იყენებს განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად, კრიტიკოსების დასაშინებლად ან პოლიტიკური კონკურენციის აღმოსაფხვრელად, ასეთი ქმედებები არღვევს, არა მარტო, ინდივიდუალურ უფლებებს, არამედ, ძირს უთხრის დემოკრატიული პროცესებისთვის საჭირო ფუნდამენტებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში დაადგინა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, როდესაც ის მიზნად ისახავს ოპოზიციის ჩახშობას ან დემოკრატიული პროცესებით მანიპულირებას, არის კონვენციის სერიოზული დარღვევა.
დამატებით, მივუთითებთ, რომ, ბრალდებულთათვის ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 349-მუხლის შემადგენლობა განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, და თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმალურ სასჯელად ითვალისიწინებს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო, მოსამართლეს შეეძლო ალტერნატიული სასჯელის სახის ჯარიმის გამოყენებაც, რაც არც ერთ შემთხვევაში არ მომხდარა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში არსებობს ხარვეზი, კერძოდ, დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა – შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდარღვევად, ისე დანაშაულად, სასამართლოს არ უსარგებლია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. საია 21 მაისს წარდგენილ მოსაზრებაში მიუთითებს, რომ, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი არ განსაზღვრავს, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებში იდენტური ჩანაწერების არსებობის შემთხვევაში რომელს ენიჭება უპირატესობა, მნიშვნელოვანია საკითხის შეფასება მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული ყოფილიყო ის ნორმა, რომელიც ნაკლებად ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას (In dubio pro libertate).
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ორგანიზაცია ჯერ კიდევ აღკვეთის ღონისძიების ცვლილების ეტაპზე კრიტიკულად აფასებდა რიგი ბრალდებულების, მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფასებული გირაოს პატიმრობით ცვლილებას და მიიჩნევდა, რომ მხოლოდ გირაოს სახით შეფარდებული თანხის გადაუხდელობა არ უნდა შეფასებულიყო გირაოს პირობის შეუსრულებლობად. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ბრალდებული პირები ცხადდებოდნენ სასამართლოში და თავს არ არიდებდნენ მართლმსაჯულების განხორციელებას, მათ მიმართ არ არსებობდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების საფუძვლები.
ფოტოები: პუბლიკა / ტვ პირველი
1 წულუკიანის კომისიის საქმეზე ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა, პუბლიკას ვებგვერდი, 23.06.2025, ხელმისაწვდომია: https://publika.ge/wulukianis-komisiis-saqmeze-zurab-jafaridzes-7-tviani-patimroba-miesaja/?fbclid=IwY2xjawLGMPdleHRuA2FlbQIxMQBicmlkETFpSmk2dFloRXl3bHJTdFVKAR4B7PfIGpCWSEv-LPY0QZZkcDKxouP30x6iBgFFPITGK6wwIh_AqPT_EHrb9w_aem_8MbxSNP3ikMGGpk8C0KGzg, [23.06.2025].
2 https://www.facebook.com/photo?fbid=1478870973512448&set=a.715406393192247
3 სასამართლომ ბადრი ჯაფარიძესაც 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33452487.html?fbclid=IwY2xjawLGMsVleHRuA2FlbQIxMQBicmlkETFpSmk2dFloRXl3bHJTdFVKAR7GqoDBNpy5nRFauNzUyj6whtRmNinzt2V0rjnTKqDw9tXWRXNyBIMRH4fN5Q_aem_AIAdMaqTRRYaPeoj68Zo4Q, [23.06.2025].
4 იგულისხმება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გამოცხადება.
5 იხ. განცხადება https://www.youtube.com/watch?v=CdbdNYiCiCY , https://www.facebook.com/story.php?story_fbid=1166201145541488&id=100064548410237&mibextid=wwXIfr&rdid=qLeNRm6cddDZx4x8#, [23.06.2025].
გააზიარე: