სიახლეები

2024 წლიდან სასამართლო ხელისუფლება ვალდებულია გამოაქვეყნოს სასამართლოს გადაწყვეტილებები. კერძოდ - სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. არავის არ აქვს უფლება, ამ აქტის ტექსტი საჯაროდ გამოაქვეყნოს მისი დეპერსონალიზაციის გარეშე. ამასთანავე, აღნიშნული სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის, სასამართლო აქტი არის საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება.1
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2023 წელს ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა სასამართლო გადაწყვეტილებებზე წვდომის გამარტივებული მექანიზმი. კომისიის შეფასებით, მისასალმებელი იყო, რომ 2023 წლის სექტემბრის ცვლილებების პროექტები ითვალისწინებდა სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობას მათი მიღების მომენტიდან დეპერსონალიზებული სახით. თუმცა, მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია რამდენად ეფექტიანი იქნება ეს გაუმჯობესებები პრაქტიკაში და იქნება თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებებზე წვდომის უფლება თავისუფალი პრაქტიკული ბარიერებისგან.2
საიამ 2026 წლის 22 იანვრის წერილით3 მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რათა მიეღო ინფორმაცია, თუ:
· ვინ არის პასუხისმგებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებაზე;
· რა მიზეზით არ ქვეყნდება სასამართლო გადაწყვეტილებები შესაბამისი წესით საჯაროდ ვებგვერდზე - https://info.court.ge ან სხვა ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციამ ითხოვა, მიეთითებინათ შესაბამისი გვერდი).
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონით დადგენილ ვადაში საიას საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა. საგანგაშოა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელ, ხარისხიან და ეფექტიანი მართლმსაჯულების ხელშეწყობისათვის შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს, წლებია თავად აღარ გასცემს საჯარო ინფორმაციებს და არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე.4
ცხადია, რომ ამ დრომდე სასამართლო სისტემა არღვევს კანონს. სასამართლო გადაწყვეტილებების გამოუქვეყნებლობა ხელს უშლის ადვოკატებსა და პრაქტიკოს იურისტებს თავიანთი პროფესიული საქმიანობა განახორციელონ მაღალპროფესიონალურად, გაეცნონ საერთო სასამართლოების სასამართლო პრაქტიკას და ამით უკეთ შეძლონ პოზიციების ჩამოყალიბება. ყურადსაღებია, რომ ამ ტიპის სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროდ ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ადვოკატებს ხელს უშლის დაცვის უფლების რეალიზებაში.
გადაწყვეტილებების გამოქვეყნების პრობლემა ასევე აფერხებს აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებსა და სტუდენტებს მათი საკვლევი მასალის მომზადებასა და პროფესიული ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით. ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრდება იმ ფონზე, როდესაც საერთო სასამართლოები, საიას გამოცდილებით,5 არ გასცემენ საჯარო ინფორმაციებს - სასამართლო გადაწყვეტილებებს.
მაგალითად, 2024 და 2025 წელს სასამართლოებმა უმეტესად საიას არ მიაწოდეს სასამართლო გადაწყვეტილებები (განაჩენები, განჩინებები). სასამართლოების პასუხები უმეტესად მსგავსი და შაბლონური იყო. ისინი მიუთითებდნენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების ავტომატურად დამუშავებას არ ახორციელებენ.
ამასთან, ინფორმაციის მოცულობის გამო, მოთხოვილი სახით მათი მოძიება/დამუშავება საჭიროებს საკმაოდ დიდ დროსა და სასამართლოს რესურსს, სასამართლო რესურსის საგანგებოდ ამ მიზნით მობილიზება კი გამოიწვევს სასამართლო აპარატის ძირითადი საქმიანობისგან მოცდენას, რის გამოც მოკლებულნი არიან საიას მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.6
საყურდღებოა, რომ გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა, შესაბამისი წესების (პერსონალური მონაცემების დაფარვის) გათვალისწინებით ემსახურება, მათ შორის, სასამართლო გამჭვირვალობასა და ნდობას. აღნიშნული უზრუნველყოფს საზოგადოებრივ კონტროლს. მოქალაქეებს, მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებს შეუძლიათ შეაფასონ, რამდენად სამართლიანად და პროფესიონალურად მუშაობს სასამართლო სისტემა. ეს, ასევე, მნიშვნელოვანია კორუფციის პრევენციის თვალსაზრისითაც, რადგან საჯაროობა ამცირებს არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილებების რისკს, რამდენადაც მოსამართლეებმა იციან, რომ მათი არგუმენტაცია ყველასათვის ხილული იქნება.
სასამართლოს გადაწყვეტილებების საჯაროდ გამოუქვეყნებლობის პრობლემა სასამართლო სისტემის გაუმჭვირვალობისა და საზოგადოებისა და პროფესიული წრეებისადმი ანგარიშვალდებულების სერიოზულ კრიზისს ასახავს, რაც არსებითად ზღუდავს როგორც დაცვის უფლების ეფექტიან განხორციელებას, ისე დამოუკიდებელი სამართლებრივი კვლევისა და ანალიზის შესაძლებლობას.
1 საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 13 (31).
2 იხ. https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD(2023)033-e , პარა 46.
3 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართვის წერილი N გ-04/02-26.
4 საიასთვის საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე სახალხო დამცველმა იუსტიციის საბჭოს მხრიდან ინფორმაციის მიღების უფლების დარღვევა დაადგინა, საიას ფეისბუქგვერდი, 08.04.2025, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/GYLA.ge/posts/-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95-%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90/1091377053034316/ .
5 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის N გ-04/13-24 წერილი, 20.02.2024, N გ-04/14-24 წერილი, 20.02.2024; N გ-04/53-24 წერილი, 20.02.2024; N გ-04/54-24 წერილი, 20.02.2024; N გ-04/55-24 წერილი, 20.02.2024; Nგ-04/57-24 წერილი, 20.02.2024; N გ-04/58-24 წერილი, 20.02.2024; N გ-04/59-24 წერილი, 20.02.2024; N გ-04/60-24 წერილი, 20.02.2024; N გ-04/61-24 წერილი, 20.02.2024; N გ-04/62-24 წერილი, 20.02.2024; N გ-04/63-24 წერილი, 20.02.2024; N გ-04/64-24 წერილი, 20.02.2024; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წერილი N გ-04/53-25 წერილი, 24.09.2025.
6 თბილისის საქალაქო სასამართლოს პასუხი N 1-01101/11831506, 01.10.25, ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს N296, 13.03.2024; რუსთავის საქალაქო სასამართლოს N420/გ, 02.03.2024.
გააზიარე: