GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

16 სექტემბერი, 202114:56

საქართველოს ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 2021 წლის 13 სექტემბერს და წინა დღეებში მასმედიით გავრცელებულ[1] ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დასტურდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან სავარაუდოდ უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის სისტემატური და მასშტაბური ფაქტები. საია გმობს პირთა პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეშ დარღვევებს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დროულად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად აწარმოოს გამოძიება.

მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 სექტემბერს გამოქვეყნებული ჩანაწერები ძირითადად შეიცავს სასულიერო პირების კერძო კომუნიკაციის უკანონოდ ჩაწერის და შენახვის შესახებ მონაცემებს. ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაცია,[2]თუმცა 13 სექტემბერს გავრცელებული მონაცემების მასშტაბურობა მიანიშნებს სუს-ის მხრიდან მოქალაქეების ტოტალურ კონტროლზე. გავრცელებული ინფორმაციით სასულიერო პირებთან ერთად უსმენენ არასამთავრობო ორგანიზაციების,[3] სახალხო დამცველის[4] და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს,[5] აგრეთვე ადვოკატსა და კლიენტს შორის დაცულ კონფიდენციალურ საუბრებს.[6]

ადამიანის პირად ცხოვრებას, პირად სივრცესა და კერძო კომუნიკაციას იცავს საქართველოს კონსტიტუცია და არაერთი საერთაშორისო აქტი.[7] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი განსაკუთრებულ კონტროლს აწესებს პირად ცხოვრებაში ჩარევაზე.[8] ხშირია შემთხვევები, როდესაც მრევლს მოძღვართან ტელეფონის მეშვეობით აქვს ისეთ საკითხებზე საუბარი,  რაც აღსარების საიდუმლოს მიეკუთვნება. სასულიერო პირების უკონტროლო და უკანონო მიყურადება კი საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანების პირადი ცხოვრების სხვა ასპექტებს აგრეთვე აღსარების საიდუმლოს, რომელსაც გამოძიების მიმდინარეობის პროცესშიც კი იცავს კანონმდებლობა.[9] სავარაუდო ფარული მიყურადება/თვალთვალი ასევე არღვევს კიდევ ერთ ფუნდამენტურ სისხლისსამართლებრივ პრინციპს - ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალურ ურთიერთობას,[10] რომლის დაცვის გარეშე შეუძლებელია კლიენტის ნდობის მოპოვება და მისი საპროცესო უფლებების ჯეროვნად შესრულება. 

არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, საია წლების განმავლობაში მიუთითებენ[11] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განუსაზღვრელ და უკონტროლო უფლებამოსილებაზე. არსებული კანონმდებლობა ვერ იცავს პირის პირად ცხოვრებას უკანონო ჩარევისგან. ფარული მიყურადება და თვალთვალი გავლენას ახდენს პირთა თავისუფლებაზე. წლებია საკონსტიტუციო სასამართლოგანიხილავს 2017 წლის 1 ივნისის №1231 სარჩელს[12] ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან, კომპიუტერულ მონაცემებთან, მონაცემთა ბანკთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან მექანიზმს, მნიშვნელოვანია მის მიერ საკითხის გადაწყვეტა იყოს დროული და ეფექტიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად უნდა შეაფასოს გასაჩივრებული ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა, თავის მხრივ, ხელი შეუწყოს  ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწასა და კანონმდებლობაში ადამიანის უფლებების დაცვის მყარი გარანტიების შექმნას. 

მიგვაჩნია, რომ წარსულში პირადი ცხოვრების ხელყოფის არაერთი გამოუძიებელი საქმე  კიდევ უფრო ახალისებს და მეტ მასშტაბს სძენს სხვის პირად ცხოვრებაში უკანონოდ  ჩარევას. ამ მიმართლებით, წლების განმავლობაში საგამოძიებო ორგანოების არაფექტიანი მუშაობის, საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტმა, როგორც მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა შეისწავლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა. 

დადებითად ვაფასებთ მედიასაშუალებების ნაწილის გადაწყვეტილებას მაქსიმალურად დაიცვან არსებული ჩანაწერების გავრცელების პროცესში პირთა პირადი ცხოვრების უფლება. ასევე გვსურს, ჩანაწერების ფიგურანტ პირებს გამოვუცხადოთ სოლიდარობა და საჭიროების შემთხვევაში, გავუწვიოთ სამართლებრივი დახმარება.

ამასთანავე, საია მოუწოდებს:

საქართველოს პროკურატურას:

- დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით აწარმოოს დროული, მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიება.

- მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერმანენტულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტს:

- განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა და დროულად შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის  სუს-ის მხრიდან სავარაუდო მასობრივი უკანონო მიყურადებისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე მათი გავლენის ფაქტებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს:

დროულად უზრუნველყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მომწესრიგებელი კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა.

 


[1]ტელეკომპანია პირველის სიუჟეტი  - “  სკანდალი: სპეცოპერაცია საპატრიარქოს წინააღმდეგ - სუს-ი მღვდლებს უთვალთვალებს და მათზე კომპრომატებს აგროვებს,“  ხელმისაწვდომია: https://bit.ly/39baQNC .

[2] ტელეკომპანია პირველის სიუჟეტი „უთვალთვალებდნენ მასწავლებელსაც კი, არკვევდნ ვისთან გაქვთ რომანი, რომ შემდეგ დაგაშანტაჟონ“, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3kcAibZ.

[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება სუსის უკანონო მუშაობის სავარაუდო ფაქტებს“- ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/3AfTeMp . 

[4] ტვ. პირველის დიანა ტრაპაიძის დღის ამბები - საქართველოს სახალხო დამცველი საუბრობს 13 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერებზე, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3AigwkO .

[5] მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვება მთავარი 3 ზე -„საერთაშორისო სკანდალი - სუს-ი დიპლომატებსაც უსმენს“ - https://bit.ly/3ElNbZe

[6] მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვება -მთავარი არხის დირექტორი საუბრობს მისი როგორც ადვოკატის და კლიენტის კომუნიკაციის დარღვევის შესახებ- ხელმისაწვდომია:

https://bit.ly/39aHQpd .

[7] საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, მუხლი (8).

[8] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი112, 143(1).

[9] იქვე, მუხლი 50 (1 გ)მუხლი 1437 (2).

[10] ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 7,  38 (6); სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 38 (5).

[11] არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება - „სამოქალაქო ორგანიზაციები: ხელისუფლება სუს-ს ტოტალური კონტროლის მექანიზმად იყენებს“, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2YSDfpO  

[12] 2017 წლის პირველი  ივნისის N1231 საკონსტიტუციო სარჩელი - ხელმისაწვდომია: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1962

სხვა სიახლეები