GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

11 იანვარი, 202514:00


2025 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 8 საათიანი სხდომის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების კონტექსტში დაკავებული 11 ბრალდებულის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის, მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ, და, ისევე, როგორც, პირველი წარდგენის სხდომაზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემაც კვლავ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ზემოთხსენებული პირები  პატიმრობაში დატოვა.

საია პირველი წარდგენის სხდომაზე ხსენებულ პირთა მიმართ  აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას აფასებდა და აღნიშნავდა, რომ პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.1

აღნიშნულის გათვალისწინებით, საია პროკურატურას მოუწოდებდა თავად ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით ცვლილების ინიციატორი.2 თუმცა, საქართველოს პროკურატურამ უგულებელყო სისხლის სამართლის პროცესის ის დანაწესიც, რომლის მიხედვითაც პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულის მხრიდან მომდინარე საფრთხეები.3  

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები, ვაჟა თოდუა და გიორგი მუკბანიანი, სასამართლო სხდომაზე მოითხოვდნენ ყველა აქტივისტის მიმართ პირველი წარდგენის სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვებას. აღნიშნავდნენ, რომ არ არსებობს პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახით შეცვლის საფუძველი. პროკურატურის შეფასებით, არ გამოვლენილა გარემოება ან მტკიცებულება, რაც საფუძვლად დაედებოდა პატიმრობის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით ცვლილებას, ბრალდებულთაგან კვლავ მომდინარეობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები. ისევე, როგორც პირველი წარდგენის სხდომაზე, პროკურატურის წარმომადგენლები კვლავ უგულებელყოფდნენ ბრალდებულთა ინდივიდუალურ მახასიათებლებს, არ საუბრობდნენ ბრალდებულის, როგორც კონკრეტული ინდივიდის მხრიდან  მომდინარე საფრთხეებზე.

ადვოკატები საკუთარი არგუმენტაციის წარმოდგენისას აპელირებდნენ პატიმრობის გამოყენების დაუსაბუთებლობაზე და სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდნენ, არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიება, ხოლო, ალტერნატივის სახით, ასევე, იყო შუამდგომლობები გირაოს გამოყენებაზე (ნაწილის შემთხვევაში), პირადი თავდებობის გამოყენებასა (ერთ შემთხვევაში) და, ყოველგვარი საფრთხის განეიტრალების მიზნით, უმრავლესობა ნებისმიერი დამატებითი ვალდებულების დაკისრებასაც შუამდგომლობდა.

ა) საია აკვირდებოდა ამ პროცესს სასამართლო დარბაზში, და, წარმოგიდგენთ შემდეგ ინფორმაციასა და შეფასებას პროცესის განმავლობაში გამოკვეთილი მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ, კერძოდ: 

  1. 11 პირს ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც, პროკურატურის განმარტებით, ბრალად წარდგენილი ქმედებისთვის გათვალისწინებული მოსალოდნელი სასჯელის შიშთან ერთად, საკმარისი იყო იმის სათქმელად, რომ ბრალდებულები მიიმალებიან, თუმცა, როგორც სხდომაზე გაჟღერდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების დროს, პირველი წარდგენის სხდომის მოსამართლემ ბრალდებულთა უმრავლესობასთან დაკავშირებით არ გაიზიარა მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით პროკურატურის არგუმენტები.

  2. ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის დასაბუთებისას, პროკურატურის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ საქმეზე გაგრძელდა გამოძიების ვადა, რის გამოც,  ბრალდებულთა პატიმრობაში ყოფნის ალტერნატივა  ხელს შეუშლიდა გამოძიების მიმდინარეობას. 

  • საია აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები კვლავ ვერ/არ ასახელებდნენ, როგორ შეეძლოთ ბრალდებულების ხელი შეეშალათ გამოძიებისთვის ან მოეხდინათ იმ მოწმეებზე ზემოქმედება, რომელთა დიდი ნაწილიც პოლიციელია და რომლეთა იდენტიფიცირება და გამოკითხვა, გამოძიების დაწყებიდან ერთ თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგაც კი, თავად პროკურატურამაც ვერ მოახდინა.

დაცვის მხარის არგუმენტაციით ამ საკითხზე, სასამართლომ პირველი წარდგენის  ეტაპზე პატიმრობის გამოყენებისას დაუსაბუთებლად გაითვალისწინა ახალი დანაშაულისა და მტკიცებულებების განადგურების კუმულაციური საფრთხე.  საქმეში მოწმეები სამართალდამცავები არიან და ბრალდებულებს არ შესწევთ მათზე ზემოქმედების შესაძლებლობა. 

  1. პროკურატურის წარმომადგენლები ასევე უთითებდნენ, რომ უკვე ამოღებულ ნივთებზე დასანიშნი იყო სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. 

  • საია აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ვერ/არ ასახელებდნენ (1) რა სახის გავლენა ჰქონდათ ბრალდებულებს ამ პროცესზე; (2) როგორ მოხდებოდა ამ გავლენის გამოყენება  საგამოძიებო ორგანოს მიერ დასანიშნ ან საექსპერტო დაწესებულების მიერ ჩასატარებელ ექპერტიზებზე, (3) რა ბერკეტებით გაანადგურებდნენ ამოღებულ მტკიცებულებებს; ან (4) რა შესაძლებლობებით მოახდენდნენ მოწმის სახით გამოსაკითხი პოლიციელების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იძულებას, რომ მათ არ მიეცათ ბრალდებულთა მამხილებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩვენებები. 

დაცვის მხარე ამ საკითხზე ასევე მიუთითებდა, რომ მხოლოდ ექსპერტიზებია ჩასატარებელი და ვიდეოები დასათვალიერებელი,  შესაბამისად, გაურკვეველია როგორ უნდა შეუშალონ ხელი ბრალდებულებმა ან ექსპერტიზების ჩატარებას ან საჯაროდ გავრცელებული ვიდეოების დათვალიერებას. ბრალდებულებს ფიზიკურად არ შეუძლიათ ზემოქმედების მოხდენა ამ პროცესებზე. 

  1. ასევე, აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის რამდენიმე წარმომადგენელმა სხდომაზე გააჟღერა ბრალის წარდგენის შემდეგ შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმში ასახული ინფორმაცია. ამასთან, სხდომაზე გაჟღერდა იმ ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებათა ჩამონათვალი, რომელთა გამოც პროკურატურამ წინასასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა. ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალი საგრძნობლად აღემატება იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რაც პროკურატურამ ერთი თვის ვადაში ჩაატარა.

  • საიას აღნიშნავს, რომ ცხადია, კანონმდებლობა ითვალისწინებს გამოძიების ვადის გაგრძელებას, თუმცა ბრალდების მხარე, მით უფრო მაშინ, როცა ბრალდებულების მიმართ გამოყენებულია პატიმრობა, ვალდებულია რაციონალურად განსაზღვროს და გამოიყენოს გამოძიების დრო, სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაცია კი, საპირისპიროზე მეტყველებს. 

  1. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ პროკურატურის იგივე საკმაოდ გამოცდილი  წარმომადგენლები, საქმის მოცულობის აღქმის და ჩასატარებელ საგაოძიებო მოქმედებათა განსაჭვრეტად,  პირველი წარდგენის სხდომაზე წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრას შემჭიდროვებულ ვადებში ითხოვდნენ. პროცესის განმავლობაში პროკურატურას არ გაუჟღერებია, რა მტკიცებულებები დაედო საფუძვლად პროკურატურის პოზიციის ცვლილებასა და, შესაბამისად, გამოძიების გაგრძელებაზე გავლენას, გარდა იმ სს ორი საქმის გართიანების, რომლებზე გამოძიების დასრულებასაც პროკურატურა ერთიდაიგვე დროში ვარაუდობდა. 

  • საიას შეფასებით, პროკურატურის ზემოაღნიშნული არგუმენტები, და, მათი დაუსაბუთებლობა კიდევ ერთხელ ამყარებს, იმ ვარაუდს, რომ პროკურატურამ ორი სისხლის სამართლის საქმე ერთ წარმოებად გააერთიანა იმ მოტივაციით, რომ საქმის მოცულობასა და გამოძიების მიმდინარეობაზე აპელირებით, დროულად არ გადაეცა საქმე არსებითად განსახილველად და შეფარდებული პატიმრობის პირველ გადასინჯვის სხდომაზე არგუმენტად კვლავ საქმეზე გამოძიების გაგრძელება დაესახელებინა.  

  • საიას შეფასებით, ასევე, ბრალდებულთა სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე გაჟღერებული გარემოებებით იკვეთებოდა, რომ ხსენებულ საქმეებში პრობლემური და საყურადღებო იყო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არარსებობა.  წინასასამართლო სხდომის  ვადის გაგრძელებით კი გამოიკვეთა, რომ პროკურატურას ამ ეტაპზე კვლავ  არ აქვს ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.4

  1. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ცვლილების დასაბუთებისას ადვოკატები აპელრებდნენ წინასასამართლოს ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობაში პროკურატურის მიერ მოყვანილ არგუმენტაციაზე, და აღნიშნავდნენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია, როგორც ახალი გარემოება, სხვა ინფორმაციებთან ერთად აღკვეთის ღონისძიების ცვლილებას უნდა დასდებოდა საფუძვლად. მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების განხილვის პროცესზე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიწყო მის მიერ წინასასამართლოს ვადის გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განმარტება.  

ამის შემდეგ, დაცვის მხარის წარმომადგენლებმა მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე აპელირებით დააყენეს მოსამართლის აცილების შუამდგომლობა. აღნიშნულს არ დაეთანხმა მხოლოდ ერთი ბრალდებული და  იურიდიული დახმარების სამსახურიდან სავალდებულო წესით დანიშნული მისი ადვოკატი. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ბ) საიას შეფასება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობასთან დაკავშირებით 

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სსსკ 198-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. ამდენად, პროკურატურა და სასამართლო, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით, ვალდებული არიან დაასაბუთონ ყოველი კონკრეტული ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. აღნიშნული დასაბუთება უნდა ემყარებოდეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, ბრალდებულთა მხრიდან რეალურად მომდინარე საფრთხეების პრევენციასა და არა კონკრეტული, თუ მათი ზემდგომი პროკურორებისა და მოსამართლის  მიხედულობას. პირის პატიმრობის ალტერნატიული ღონისძიების ან თავისუფლების ინტერესის საპირწონე ვერ იქნება, მისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ პროკურატურის წარმომადგენლების დაუსაბუთებელი ვარაუდები. 

საია მიიჩნევს, რომ, ზემოთ განხილული საკითხების (იხ. (ა) სექცია) გათვალისწინებით,  არ არსებობდა პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძველი. სასამართლოს მიერ პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობების დაკმაყოფილება, უკარგავს სასამართლოს ფუნქციას და მას პროკურატურის გაგრძელებად წარმოაჩენს.  ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენს  პროკურორების კვალიფიკაციაზე, რადგან სასამართლოს მხრიდან კონტროლის არ არსებობის პირობებში, პროკურორს ექმნება მოლოდინი, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს მის შუამდგომლობას, რაც მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს, როგორც კონკრეტულ ბრალდებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევებისა  და დაბალი სანდოობის მქონე მართლმსაჯულების სისტემაზე. 

გ) სასამრთლო სხდომის ორგანიზება

ბრალდებულთა მაღალი რიცხვის (11 პირი), მათი ადვოკატების რაოდენობის, მაღალი საჯარო ინტერესის და პროცესზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, სასამართლომ პირველ ეტაპზე არ უზრუნველყო სხდომის ყველაზე დიდ დარბაზში ჩატარება, რომელიც სხდომის გამართვის დროისთვის თავისუფალი იყო და სასამართლოსთვის აღნიშნული წინასწარ განჭვრეტადი იყო. თუმცა მოსამართლემ მხოლოდ დაცვის მხარის შუამდგომლობის შემდგომ შეცვალა დარბაზი და სხდომა პირველ დარბაზში ჩაატარა.  

საია შენიშნავს, რომ სასამართლო სივრცის ორგანიზებასა და მოწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებაში.  ადვოკატსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა გადამწყვეტია სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებაში, ხოლო, ეს კომუნიკაცია უნდა იყოს ეფექტიანი და პრაქტიკული.  სასამართლომ, მიუხედავად დარბაზის ცვლილებისა, არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები, და, მიუთითა, რომ დარბაზის ცვლილების გადაწყვეტილება არ მომდინარეობდა საჯაროობის ან ადვოკატსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაციის სირთულეებიდან გამომდინარე.  

საიას შეფასებით, სასამართლო უგულვებელყოფს იმ ფაქტებს, რაც თავიდანვე განჭვრეტადი იყო ლოჯისტიკური თვალსაზრისითაც იმ საქმეზე, სადაც ბრალდებული 11 პირია და შედარებით პატარა დარბაზში სხდომის ჩატარების მოტივაციით რეალური რისკის ქვეშ დააყენა ბრალდებულთა სამართლიანი სასამართლოს უფლების რიგი პროცედურული გარანტიების დაცვას. 






 1 საია დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებას აფასებს, https://gyla.ge/post/sisxlissamartlissaqmeta-monitoringi.


 2 ალეკო ელისაშვილის მსგავსად აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც პროკურატურამ გამოყენებულ პატიმრობებს უნდა გადახედოს, https://gyla.ge/post/aqciaze-dakavebuli-pirebis-patimorbebis-sakitxs-prokurturam-unda-gadaxedos.


3  სსსკ 205.


 4 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 3.







სხვა სიახლეები