GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

02 დეკემბერი, 202520:54

BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი და თანამშრომელი. ჩვენი თანამშრომლები მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხებიან.

ხაზგასმით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ საიას წარმომადგენლები BBC-თან მიცემულ ინტერვიუში ახმოვანებენ ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც ემყარება უფლებების დარღვევის შემთხვევების მონიტორინგს.

ფილმში საიამ ისაუბრა 2024 წლის მასობრივი პროტესტების დროს აქციის მონაწილეების წამების და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა სისტემურ შემთხვევებზე, რომელთა შესახებაც საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში, სადაც ათეულობით დაზარალებულის შემთხვევაა აღწერილი. ანგარიში საჯაროდ ხელმისაწვდომია და საია ამ საკითხებზე ღიად საუბრობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში საიას თანამშრომლების მოწმის სტატუსით დაბარება  აჩენს ძლიერ ეჭვს, რომ მიზანი არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე ზეწოლაა რომლებიც სისტემურ უფლებადარღვევებზე საუბრობენ.

სუს-ის მიერ ამ საქმის ფარგლებში გამოყენებული ფორმულირება - „სახელმწიფო ინტერესების დაზიანების“ კვალიფიკაციის შესახებ განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო არ ატარებს ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას ძალოვანი უწყებების მხრიდან შესაძლო ძალადობისა და უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ გასცეს მკაფიო და დამაკმაყოფილებელი პასუხი კითხვაზე, რა ქიმიური საშუალებების გამოყენებით მოხდა აქციების დარბევა, სახელმწიფო ცდილობს პასუხისმგებლობა გადაიტანოს იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც ადამინის უფლებებს იცავავენ.

მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი ზეწოლის მცდელობები ვერ შეცვლის ჩვენს საქმიანობას და მიზნებს. გამოძიებას საიას თანამშრომლები მიაწვდიან ინფორმაციას მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე. ჩვენ ვაგრძელებთ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების გამოვლენას, დოკუმენტირებას და საზოგადოების ინფორმირებას.

სხვა სიახლეები