სიახლეები
2025 წლის 15 მარტს, ,,მთის ამბების“ რედაქტორმა და ჟურნალისტმა, გელა მთივლიშვილმა, სოციალური ქსელ Facebook-ის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ წეროვანთან, ავტობანზეб თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შეიარაღებული სპეცრაზმელი. 1 მოგვიანებით, ,,მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელიც ასახავს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, ასევე, სავარაუდო დევნას. 2
საია სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს გელა მთივლიშვილს. მასზე განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, სამართალდამცავი ორგანოებისა და მართლმსაჯულების სისტემის უფუნქციობით გამოწვეული დაუსჯელობა როგორ ახალისებს ძალადობას. ამ პირობებში, დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიებსა და ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელება სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად უწევთ.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შევახსენებთ, რომ მისი ვალდებულებაა გამოიძიოს სამართალდამცავთა მიერ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, აგრეთვე დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულები. ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენცია ვრცელდება ძირითადი უფლებების წინააღმდეგ მიმართულ ისეთ დანაშაულზე, როგორიცაა სიტყვის თავისუფლების ხელყოფა, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და დევნა. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ამჯერად მაინც იმოქმედოს საკუთარი მანდატის შესაბამისად, და საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყოს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება.
1 გელა მთივლიშვილის Facebook გვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/share/p/19we2fLvdG/ . განახლებულია: 15.03.2025.
2 მთის ამბების მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, მთის ამბების Facebook გვერდი, 15.03.2025, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/share/v/1HEVSH5JDV/ . განახლებულია: 15.03.2025
გააზიარე: