სიახლეები
თემურ ქათამაძე უკვე 26 დღეა შიმშილობს, მიუხედავად იმისა, რომ საიამ არაერთხელ მოითხოვა მის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი და მათგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმაც ვერ მიიღო სამედიცინო დოკუმენტები დროულად.
ამ პერიოდში თემურ ქათამაძეს უკვე 4 სასამართლო პროცესი ჰქონდა. ბოლო პროცესზე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანება და თემურ ქათამაძე კვლავ რჩება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით.
დაკავებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, რადგან ის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის დამძიმება ან რაიმე მძიმე შედეგი სრულად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იქნება.
მოვუწოდებთ შინაგან სამინისტროს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს ინფორმაცია რა კვლევები უტარდება თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, იმოქმედონ შესაბამისი სამედიცინო გაიდლაინებით და შიმშილობის ამ ვადისთვის საჭირო ყველა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარონ დაკავებულ პირს შესაბამისი აღჭურვილობის მქონე დაწესებულებაში.
გააზიარე: