სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მე-18 წელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე იცავს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 400-მდე დაზარალებულ ადამიანს. საიას ჯამში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი, რომელიც ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლების დარღვევას შეეხება. 1
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომის კონტექსტში უკვე გამოიტანა გადაწყვეტილება საიას მიერ ნაწარმოებ სამ საქმესთან დაკავშირებით, სადაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებები. 2
სტორიმანს-ვერჰულსტი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ
2025 წლის 7 ოქტომბრის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში “სტორიმანს-ვერჰულსტი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ”, სტრასბურგის სასამართლოს პალატამ განიხილა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქალაქ გორში ნიდერლანდელი ოპერატორის, სტან სტორიმანსის მკვლელობის ფაქტი. ამ საქმის ფარგლებში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ ვერ ჩაატარა ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჟურნალისტის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად, შესაბამისად, მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილი დაარღვია. ამასთანავე, ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ჯამურად ყველა მომჩივნისთვის დააკისრა სამართლიანი დაკმაყოფილების სახით 50 000 ევროს გადახდა. 3
მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ
მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოვიდა 2026 წლის 23 ივნისს საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“. ეს გადაწყვეტილება აერთიანებს საიას ორ საჩივარს - “ჩიკვილაძე და ანწუხელიძე რუსეთის წინააღმდეგ” და “მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ” და ეხება 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროების წამებასა და მკვლელობას. ეს საქმე განსაკუთრებულია იმითაც, რომ ევროპულმა სასამართლომ პირველად დაადგინა დარღვევა კონფლიქტის აქტიური ფაზის დროს. 4ხაზგასასმელია, რომ ევროპულ სასამართლოს სახელმწიფოთაშორის საქმეში - “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II” იურისდიქციის საკითხი კონფლიქტის აქტიური ფაზის დროს (2028 წლის 8-12 აგვისტო) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების მატერიალურ დარღვევასთან დაკავშირებით არ დაუდგენია. 5გარდა ამისა, გიორგი ანწუხელიძე არც არის ნახსენები ზემოაღნიშნულ სახელმწიფოთა შორის საქმეში. 6საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედროების მკვლელობასა და წამებაზე, ასევე ამ ფაქტების არაეფექტიან გამოძიებაზე. სასამართლოს განმარტებით, რუსეთს ჰქონდა ექსტრატერიტორიული იურისდიქცია ტყვეობაში მყოფ პირებზე, რისთვისაც რუსეთს კომპენსაციის სახით 395 000 ევროს გადახდა დაეკისრა.7
სამართალწარმოებასთან ერთად, საია აქტიურად ადვოკატირებს, რომ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციები.
2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, დიდმა პალატამ სახელმწიფოთაშორის საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II“, რუსეთს დააკისრა 129 827 500 ევროს გადახდა.8 გადახდის ვადა დაახლოებით 3 წლის წინ - 2023 წლის 28 ივლისს ამოიწურა. რუსეთმა აღნიშნული არ გადაიხადა და, შესაბამისად, ამ თანხას დაემატა პროცენტი და 2026 წლის 29 ივლისის მდგომარეობით, აგვისტოს ომის საქმესთან დაკავშირებით რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს 155 111 316.70 ევრო. 9
უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო რუსეთი 2022 წელს ევროპის საბჭოდან გარიცხეს. 10 რუსეთის ფედერაციამ უარი თქვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და მინისტრთა კომიტეტთან თანამშრომლობაზე და მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც უარი განაცხადა აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.11 ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ ათავისუფლებს რუსეთს ვალდებულებისგან, აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება 2022 წლის 16 სექტემბრამდე მომხდარ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევის ფაქტებს.12 2025 წლის ნოემბრის მონაცემებით, რუსეთის დავალიანება სტრასბურგის სასამართლოს საქმეების არ აღსრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 3.3 მილიარდ ევროზე მეტს. ხსენებული რუსეთის ფედერაციის საერთო დავალიანებიდან 425 მილიონ ევროზე მეტი (2026 წლის 29 ივლისის მდგომარეობით, ჯამური დავალიანება სამ სახელმწიფოთაშორის საქმეზე, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ I, II, IV - 425 746 719.23 ევრო) რუსეთმა უნდა გადაუხადოს საქართველოს. 13აღნიშნული თანხიდან კომპენსაციას 54 ათასზე მეტი დაზარალებული მოქალაქე მიიღებს, მათ შორის, 23 ათასზე მეტი უშუალოდ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმესთან დაკავშირებით.14
აქედან გამომდინარე, საიამ 2024 წლის 26 იანვარს მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებით სპეციალური საკომპენსაციო ფონდის შექმნის თაობაზე, რომელიც მოახდენდა რუსეთის ფედერაციის საზღვარგარეთ არსებული მატერიალური აქტივების აკუმულირებას და დაზარალებულებისთვის გადაცემას. 15 2024 წლის 16 ოქტომბერს საქართველის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საიას დანართის სახით წარუდგინა საინფორმაციო მასალა, სადაც აღწერილია სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად გადადგმული ნაბიჯები, თუმცა არაფერი წერია საკონპენსაციო მექანიზმებთან დაკავშირებით. 16
ამასთანავე, 2026 წლის 3 აგვისტოს საიამ მიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და წარუდგინა გადაწყვეტილების აღსრულების კონკრეტული მექანიზმები. საიას პოზიციით, დაზარალებულები, რომლებმაც უკვე გაიარეს მძიმე სამართლებრივი გზა, არ უნდა დარჩნენ მარტო კომპენსაციების მოპოვების ბრძოლაში და აღსრულება უნდა მოხდეს ცენტრალიზებულად. ამისთვის საია მინისტრთა კომიტეტს სთავაზობს ორ ურთიერთშემავსებელ გზას: ევროპის საბჭოს ფარგლებში სპეციალური ფონდის (Trust Fund) შექმნას, რომელიც უპირატესად დაეყრდნობა რუსეთის სახელმწიფოს ჩამორთმეული/განკარგული აქტივების გამოყენებას, და „კოლექტიური აღსრულების“ პრინციპზე დაფუძნებულ მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს მიეცემათ რეკომენდაცია, საკუთარ შიდა იურისდიქციებში დაუშვან რუსეთის სახელმწიფო აქტივების მიმართ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება. საია მოუწოდებს მინისტრთა კომიტეტს, დაიწყოს აქტიური ნაბიჯების გადადგმა, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა და წამყვანი როლი იკისროს სხვა საერთაშორისო თუ სამოქალაქო აქტორებთან თანამშრომლობით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს 2008 წლის ომით დაზარალებული ათასობით მსხვერპლისთვის მიკუთვნებული სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდა.
1 საია, ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყო, 08.02.2022, https://gyla.ge/post/evropulma-sasamartlom-2008-tslis-omtan-dakavshirebit-rusetis-tsinaaghmdeg-individualuri-sachivrebis-gankhilva-daitsyo?fbclid=IwAR3mPOTfwXjFxr4H87BYlZmDPIP2OTjuuopTUyc9ohNfs43qMiH8OHKd6rs [04.08.2026].
2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2025 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე “სტორიმანს-ვერჰულსტი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ” (no. 26302/10); ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2026 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (nos. 9184/09; 22580/10).
3 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2025 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე “სტორიმანს ვერჰულსტი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ” (no. 26302/10). იხ: ასევე, საია, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგვისტოს ომის გაშუქებისას გარდაცვლილი ჰოლანდიელი ჟურნალისტის საქმეზე რუსეთის მხრიდან სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა, 08.10.2025, https://www.gyla.ge/post/GYLA-ECHR-jurnalistissaqme [04.08.2026].
4 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2026 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (nos. 9184/09; 22580/10). იხ: ასევე, საია, საიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო, 23.06.2026, https://gyla.ge/post/GYLA-antrukhelidzissaqme [04.08.2026].
გააზიარე: