GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

12 თებერვალი, 2016

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2016 წლის 28 იანვარს გარდაბანში მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს დააკვირდა.[1] საიას ათამდე დამკვირვებელმა კენჭისყრის დღის დაკვირვება განახორციელა როგორც სტატიკურად, ასევე მობილური ჯგუფის მეშვეობით. ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იყო წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ უბნებზე.

კენჭისყრის დღეს საიას დამკვირვებლებმა საარჩევნო კანონდარღვევის სულ 10 შემთხვევა დააფიქსირეს, მათ შორის: უბნის გარეთ, უბნის მიმდებარე ტერიტორიზე ფიზიკური დაპირისპირების - 2,  უბანზე სიტყვიერი დაპირისპირების - 2,  არაუფლებამოსილ პირთა უბანზე ყოფნის - 1, საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსების - 1, საარჩევნო კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვანი/ბრალეული შეუსრულებლობის - 4 შემთხვევა. ასევე დაფიქსირდა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაურკვეველი სტატუსის მქონე პირების მობილიზების შემთხვევები.

საიას დამკვირვებლების მიერ დღის განმავლობაში სულ 6 საჩივარი დაიწერა. მათ შორის 5 ფაქტთან დაკავშირებით 3 საჩივარი წარდგენილ იქნა საოლქო საარჩევნო კომისიაში. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საიას დამკვირვებლების მოთხოვნა და სხვადასხვა სახის პროცედურული დარღვევების გამო 6 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (შენიშვნა და გაფრთხილება) შეუფარდა საარჩევნო კომისიის 4 წევრს. მათ შორის, 2 კომისიის წევრის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის 2 ზომა მათ მიერ ჩადენილი სხვადასხვა ხასიათის პროცედურული დარღვევების გამო.

აღსანიშნავია, რომ 28 იანვრის არჩევნებზე საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების არასათანადო ქცევა საარჩევნო უბნებზე.  ასეთი ფაქტები საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს (#1, #4, #8 და #53 საარჩევნო უბნებზე.) საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის“, „მომავლის არჩევანის“, „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის“, „ანტიკორუფციული მედია ცენტრის,“ „თავისუფალი ზონის“ დამკვირვებლები ცალკეულ შემთხვევებში არღვევდნენნ ეთიკის პრინციპებს და ცდილობდნენ არასათანადო გავლენა მოეხდინათ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაზე. საიამ მოუწოდა საარჩევნო ადმინისტრაციას ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველეყო წესრიგის დაცვა საარჩევნო უბნებზე. ასევე მოვუწოდეთ შესაბამის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, უზრუნველეყოთ საკუთარი დამკვირვებლების ქცევის წარმართვა ეთიკის და კანონის  მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენი მოსაზრებით, დამკვირვებელს ჰქონდა კანონით მინიჭებული უფლება პრეტენზიები გამოეთქვა საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობასთან დაკავშირებით, მოეწოდებინა მისთვის ხარვეზის გამოსწორებისკენ. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდა ვალდებულება განეხილა დამკვირვებლის შენიშვნები და პრეტენზიები, თუმცა ეს ფაქტი დამკვირვებელს არ აძლევდა იმის უფლებას, რომ ჩარეულიყო საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში და ასეთი ჩარევით ჰქონოდა მცდელობა არასათანადო გავლენა მოეხდინა მის საქმიანობაზე.

რაც შეეხება უშუალოდ 28 იანვრის გარდაბნის მუნიციპალიტეტის არჩევნების შეფასებას:

- აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც 2015 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებიც  ერთგვარი პოლიტიკური ბოიკოტის პირობებში წარიმართა.  ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე. არჩევნებში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალის საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იღებდნენ მონაწილეობას.

- კენჭისყრის დღის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებდნენ და ოპონენტებს ძალადობის პროვოცირებასა და ამომრჩევლის ზეწოლაში ადანაშაულებდნენ.

- მსგავსად, 2015 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისა, ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე 28 იანვრის არჩევნებზეც დაფიქსირდა.  მართალია, ამ ინციდენტებს არ მოუხდენიათ გავლენა უშუალოდ კენჭისყრის პროცესზე, თუმცა მსგავსი ფაქტები ქმნიან დაძაბულობას და ხელს უშლიან საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას.

-  რიგ შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის დაბალი დონე  და საქმისადმი არაპროფესიული მიდგომა გამოვლინდა. მთელ რიგ შემთხვევებში დაფიქსირდა, რომ საუბნო კომისიის წევრები არ ფლობდნენ სათანადო ინფორმაციას კენჭისყრის პროცედურების თაობაზე. რიგ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა ცალკეული სადამკვირვებლო ორგანიზაციების პირდაპირ თუ ირიბ არასათანადო გავლენის მოხდენის მცდელობას კომისიის წევრების საქმიანობაზე.

- 28 იანვრის არჩევნებზე კვლავ აქტუალური გახდა სამხედრო მოსამსახურეთა არჩევნებში მონაწილეობის საკითხი. გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შეიქმნა #64 სპეციალური უბანი, რომელზეც  688 სამხედრო მოსამსახურეს უნდა მიეცა ხმა. ამასთან საოლქო კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე ხმის მიცემის მიზნით #31 სამოქალაქო უბანს მიემაგრა. ამიტომ ჩვენი, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, აქცენტი იმ მონაცემების სისწორეზე გაკეთდა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეთა არჩევნებში მონაწილეობისა და სპეც უბნის შექმნის საფუძველი გახდა. ამ მიზნით საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან[2] და შესაბამისი სამხედრო ნაწილებიდან, ასევე ცესკოდან.

საუბარია საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისობის შემოწმებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, რომელიც განთავსებულია შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით, 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით, მონაწილეობს მერის/გამგებლის არჩევნებში, ხოლო თუ ის განთავსებულია არჩევნების დღისთვის 1 წელზე ნაკლები ვადით, გამგებლის არჩევნებში მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დისლოკაციის ადგილი, შესაბამისად იმ საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ის არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 

უნდა ითქვას, რომ ისევე როგორც 31 ოქტომბრის არჩევნებმა, გარდაბნის არჩევნებმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა ე.წ სპეც უბნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების ხარვეზები. საია წლების განმავლობაში მოუწოდებდა ხელისუფლებას საკითხის სათანადოდ დარეგულირებისაკენ. თუმცა ამის მიუხედავად, სამხედრო მოსამსახურეების მიერ ხმის მიცემის არსებული რეგულაციები კვლავ პრობლემურია. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს არაერთხელ გამოუთქვამთ ეჭვი, რომ არჩევნების დღემდე სამხედრო ნაწილების გადაადგილება სხვადასხვა საარჩევნო ოლქში მიზნად ისახავს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მაჟორიტარული წარმომადგენლის მხარდამჭერთა რიცხვის ხელოვნურ ზრდას. ამასთან, რთულია სამხედრო მოსამსახურეთა გადაადგილების მიზანშეწონილობასა და საჭიროებასთან დაკავშირებით სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელება. 

- ისევე, როგორც ყველა წარსულ არჩევნებზე, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე კენჭისყრის დღეს შეინიშნებოდნენ გაურკვეველი სტატუსის მქონე პირები, რომლებიც სიებით ხელში აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს. მართალია, ეს არ არის კანონის დარღვევა, თუმცა ჩვენი აზრით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ამომრჩევლის ნებაზე ირიბ კონტროლს და ხელს არ უწყობს თავისუფალი არჩევნების პრაქტიკას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ ეფექტურად უნდა გამოიყენოს დარჩენილი დრო და განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ხელს შეუწყობს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში წარმართვას.

კერძოდ, მიგვაჩნია, რომ:

- მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლებამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები არსებული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შესაცვლელად.

- უნდა დაწესდეს მთელი რიგი შეზღუდვები, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების თანაბარ პირობებში წარმართვას. ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს ერთის მხრივ, პოლიტიკური თანამდებობის პირთა წრის დავიწროება,  ვისაც შეუზღუდავად შეუძლია წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა.

- სპეც. უბნების შექმნის საკითხი მკაცრად უნდა დარეგულირდეს. საარჩევნო კოდექსმა უნდა დაადგინოს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები, თუ რა შემთხვევაში უნდა შეიქმნას ან არ შეიქმნას სპეციალური საარჩევნო უბნები,  როდესაც ამომრჩეველთა რაოდენობა სამხედრო ნაწილში 50-ს აღემატება, რათა მისი შექმნის, ან არშექმნის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქცეს მანიპულაციის საბაბად. ამასთან, მსგავსად სპეციალურ სიაში შეყვანილი სხვა პირებისა, სამხედრო მოსამსახურე არ უნდა სარგებლობდეს მაჟორიტარულ ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უპირატესობით, როდესაც იგი იმყოფება იმ ოლქის ფარგლებს გარეთ, სადაც იგი არის დარეგისტრირებული.

საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად, აუცილებელია, რომ:

- სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოხდეს არჩევნების დროს  ძალადობრივი ინციდენტების პრევენცია, ასევე მათი სწრაფი, სრულყოფილი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიება.

- საარჩევნო პროცესებში მონაწილე პირებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან და პროვოკაციული ქმედებებისგან, რაც გაზრდის დაძაბულობას არჩევნების დროს და წარმოქმნის სიტუაციის ესკალაციის რისკებს. 

- გაგრძელდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება და  ტრენინგების მოდულებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს არჩევნების დღისა და საარჩევნო დოკუმენტაციის წარმოების  სათანადოდ შესწავლას.

 

თავის მხრივ, საია გამოთქვამს მზადყოფნას საკუთარი წვლილი შეიტანოს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის მიზნით განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობაში და ამ მიზნით ხელისუფლებას შესთავაზოს კონკრეტული რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად.

 


[1] საია დააკვირდა როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე შემდგომ, საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივრების განხილვას. რაც შეეხება წინასაარჩევნო პროცესებს, ორგანიზაციას ამ კუთხით მონიტორინგი არ განუხორციელებია.

[2] საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საიასთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის ა.ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდაბნის საოლქო კომისიას გაეგზავნა I საარტილერიო ბრიგადის,  უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრისა და ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისის“ არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით 1 წლით და 1 წელზე მეტით განთავსებული 765 სამხედრო მოსამსახურის სია, ხოლო იმავე მუხლის ა.ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიას გაეგზავნა აღნიშნული ქვედანაყოფების არჩევნების დღისთვის 1 წელზე ნაკლები ვადით განთავსებული 19 სამხედრო მოსამსახურის სია. 29/01/2016 MOD 8 16 00089578.

სხვა სიახლეები