GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

21 ოქტომბერი, 2024

2024 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც იგი, ფაქტობრივად, ადასტურებს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების (2024 წლის აპრილი-მაისი) მონაწილეთა მიმართ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის პარალელურ გამოყენებას, ირწმუნება, რომ აღნიშნული არ არღვევს საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას, ამტკიცებს რა, რომ სამინისტროს ქმედებები დემონსტრანტების წინააღმდეგ იყო კანონიერი და პროპორციული, რაც, საიას შეფასებით, სიმართლეს არ შეესაბამება.


უპირველესად, შსს-ს შევახსენებთ, რომ ასეთი აკრძალვა არსებობს შს მინისტრის N1002 ბრძანებაშიც (მუხლი 9.1.ჟ), რომელიც განსაზღვრავს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას, და, რომლის თანახმად, აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენება აკრძალულია. ასეთ მიგნებას ციტირებს, ასევე, ევროპული სასამართლო 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (პარ. 147) და ადასტურებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია ამ საშუალებების ერთმანეთის პარალელურად და ერთდროულად გამოყენება. ხაზგასასმელია, რომ ეს ბრძანება საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის ოფიციალურ მაცნეში, და, საიამ იგი სამინისტროდან სხვადასხვა აქციის მონიტორინგის დროს გამოითხოვა. უცნობია, რაზე დაყრდნობით აცხადებს შსს, რომ აქტიური სპეციალური საშუალებების ერთდროულად გამოყენების ამკრძალავი ნორმა არ არსებობს, და, თუ ასეა, ეს ნიშნავს იმას, რომ შსს-მ აქციების დაშლის ოპერაციების ინსტრუქცია გააუარესა, და აღნიშნული ნორმა შეცვალა. 


შსს-ს განცხადებაში, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, არასწორი კონტექსტით არის ციტირებული “ამნესთი ინთერნეიშენალის” (Amnesty International) სახელმძღვანელო დოკუმენტის ტექსტიც. დოკუმენტის მიხედვით, წყლის ჭავლში შესაძლოა შერეული იყოს ქიმიური ნივთიერებები და საღებავი, თუმცა დოკუმენტი სწორედ აღნიშნული პრაქტიკის უარყოფით შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას და მის მიხედვით, “წყლისა და ქიმიური საშუალებების შერევა შეუძლებელს ხდის გაკონტროლდეს გამაღიზიანებელი საშუალების რაოდენობა და, დამატებით, შესაძლოა ჰქონდეს ხანგრძლივი ეფექტი ინდივიდზე” 1. უფრო მეტიც, “ამნესთი ინთერნეიშენალის” სახელმძღვანელო მითითებები ცალსახად კრძალავს წლის ჭავლის გამოყენებას ქიმიურ საშუალებებთან ან საღებავთან ერთად. 2


ამასთან, როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, თავად სამინისტროს განცხადებაში ციტირებული სახელმძღვანელოების მიხედვით, აღნიშნული სპეციალური საშუალებები შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ პროპორციულად, კანონიერად და მინიმალური ინტენსივობით.3 წყლის ჭავლიც და ცრემლსადენი გაზიც  გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს მკაცრად აუცილებელია შეკრებაში მონაწილე ჯგუფის სამართავად და ძალადობამ ისეთ ხარისხს მიაღწია, როდესაც საფრთხის კონტროლი პირდაპირ ძალადობრივი ინდივიდებისადმი მიმართული ზომების მიღებით შეუძლებელია,4 თუმცა, აღნიშნული საშუალებები არ უნდა იყოს გამოყენებული ერთდროულად, ან ერთმანეთის პარალელურად. აღნიშნულის საპირისპიროდ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, სამართალდამცავები სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ მშვიდობიანინ დემონსტრანტების წინააღმდეგ, შესაბამისი საფუძვლის და აუცილებლობის გარეშე; ადგილი ჰქონდა სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული სტანდარტების და ადამიანის უფლებების ისეთ მძიმე დარღვევებსაც კი, როგორიცაა შესაძლო წამება და არაადამიანური მოპყრობა.


მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: 5

გაასაჯაროოს შს მინისტრის N1002-ე ბრძანება და მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, შეიცვალა თუ არა ნორმა, რომელიც სამართალდამცავს უკრძალავდა აქტიური სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის, ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას. 




1 Amnesty International, USE OF FORCE GUIDELINES FOR IMPLEMENTATION OF THE UN BASIC PRINCIPLES ON THE USE OF FORCE AND FIREARMS BY LAW ENFORCEMENT OFFICIALS, 2015, 159, https://policehumanrightsresources.org/content/uploads/2015/01/ainl_guidelines_use_of_force_0.pdf?x86271 

2 Amnesty International, LESS LETHAL WEAPONS: Water Cannons, https://www.amnesty.nl/content/uploads/2024/03/Water-cannon-1.pdf?x82004 

3  Amnesty International, USE OF FORCE GUIDELINES FOR IMPLEMENTATION OF THE UN BASIC PRINCIPLES ON THE USE OF FORCE AND FIREARMS BY LAW ENFORCEMENT OFFICIALS, 2015, 159, https://policehumanrightsresources.org/content/uploads/2015/01/ainl_guidelines_use_of_force_0.pdf?x86271
4 იქვე.
5 ამ და სხვა დარღვევების შესახებ დეტალურად იხილეთ საიას ანგარიში “საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ”, 2024, https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0.pdf_01722589845.pdf


სხვა სიახლეები