GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

02 დეკემბერი, 2024


2024 წლის 28 ნოემბერს “ქართული ოცნების” განცხადებამ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო კურსის ცვლილების შესახებ, გამოიწვია მოქალაქეების ლეგიტიმური პროტესტი, რომელთა შორისაც არიან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები. ამ დროისათვის “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების საწინააღმდეგო აზრი განცხადებების სახით დააფიქსირეს 19 სახელმწიფო უწყების თანამშრომლებმა. 


ვინაიდან საჯარო მოხელეების პროტესტი რადიკალურად ეწინააღმდეგება ხელმძღვანელობაში მყოფ “ქარული ოცნების” პოზიციას, ისინი შესაძლოა აღმოჩნდნენ სამსახურიდან გათავისუფლების რისკის ქვეშ. ქალაქ თბილისის მერის, კახი კალაძის და, ასევე, “ქართული ოცნების” წევრის, ნინო წილოსანის, გამოხმაურება ადასტურებს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მიმართ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ზეწოლის რისკებს.


საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულია და გარანტირებულია ყველა ადამიანის, მათ შორის, საჯარო მოხელის, გამოხატვის  თავისუფლებაც. “საჯარო სამსახურის” შესახებ კანონი საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს აკისრებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის ვალდებულებას, თუმცა სახელმწიფო საგარეო კურსის შესახებ აზრის დაფიქსირება არ შეიძლება მოექცეს ამ პრინციპის ფარგლებში. ეს არც აგიტაციაა და არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა და სრულ თანხვედრაშია კონსტიტუციის 78-ე მუხლთან.


“საჯარო სამსახურის” შესახებ კანონის მე-12 თავი ამომწურავად ადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს, რომელთა შორის, ცხადია, არაა მოსაზრების დაფიქსირება. მეტიც, საჯარო მოხელეების იძულება (პირდაპირი ან ირიბი), დაწერონ განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, მათ მიერ გამოხატული ლეგიტიმური პროტესტის (ან სხვა ნებისმიერი მიზეზის) გამო, ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.


ამასთან, როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები (ECHR), იცავს მამხილებელთა უფლებებს. ნებისმიერი პირს შეუძლია გამოიყენოს მამხილებელის ფუნქცია და მიმართოს კონკრეტულ უწყებას, გამომძიებელს, პროკურატურას ან/და სახალხო დამცველს საჯარო მოსამსახურის (მხილებულის) მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობით, დაუშვებელია მამხილებლის ან მისი ახლო ნათესავის დაშინება, შევიწროება, იძულება, დამცირება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენება, დისკრიმინაციული მოპყრობა ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელება მხილების ფაქტთან დაკავშირებით.


მიგვაჩნია, რომ, შესაძლო ზეწოლის და პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებების ფონზე, სახალხო დამცველის ინსტიტუტმა და საჯარო სამსახურის ბიურომ უნდა მოახდინოს პრევენციული რეაგირება და გამოიყენოს მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი საჯარო მოხელეების უფლებების დასაცავად.











სხვა სიახლეები