სიახლეები
2025 წლის 5 თებერვალს „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ პარლამენტში შეიქმნა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია.1 1-ელ აპრილს კი პარლამენტმა კომისიის საგამოძიებო ფარგლები 2012 წლის ნაცვლად დღემდე, 2025 წლამდე, გაზარდა.2 კომისიის საქმიანობის მიზანი, განმარტებითი ბარათის მიხედვით, არის 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების შეფასება და მათი გადაწყვეტილებების სამართლებრივ ჭრილში მოქცევა.3 აღნიშნული კომისიის საქმიანობა პრობლემურია რამდენიმე მიმართულებით, რაც, ფაქტობრივად, მის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მით უფრო მაშინ, როდესაც მთლიანად საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციაც საეჭვოა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის რეგლამენტი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორებს პირდაპირ უდგენს დასაბუთების ვალდებულებას.4 შესაბამისად, აუცილებელი იყო, მოქმედი საგამოძიებო კომისიის ინიციატორებს სრულად და ამომწურავად დაესაბუთებინათ, არა მხოლოდ, კომისიის შექმნის მიზანი და საჭიროება, არამედ საქმიანობის მიმდინარეობის პროცესიც. რეალურად, განმარტებითი ბარათი არ იძლეოდა სრულ ინფორმაციას იმაზე, კონკრეტულად რა საკითხები რატომ უნდა გამოძიებულიყო, ასევე, ვინ იქნებოდნენ გამოკითხულნი და რა დოკუმენტაცია იქნებოდა გამოძიებული სხდომებზე. განმარტებითი ბარათი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით 2003-2012 წლების რეჟიმის შესახებ და ბუნდოვნად ხსნიდა საგამოძიებო საკითხების რელევანტურობას. ამასთანავე, იგი საუბრობს „რადიკალური ოპოზიციისგან“ მომდინარე საფრთხეებზე, რომ „ისინი გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნი[დნენ] საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას“.5 თუმცა, წარმოდგენილი ინფორმაციით, უცნობია, რა მყისიერი საფრთხე არსებობს დღეს ქვეყნის წინაშე და რამდენად იკვეთებოდა 2003-2012 წლებში თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა მათ რეალიზაციაში.
მართალია, საგამოძიებო კომისია, როგორც პარლამენტის დროებითი ორგანო თავისთავად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და მას არ აქვს ისეთი მაღალი სამართლებრივი მტკიცების სტანდარტი, როგორიც ორდინალურ საგამოძიებო უწყებებს, თუმცა მას, როგორც ხალხისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სახელმწიფო ორგანოს აქვს დასაბუთების სტანდარტი, მინიმუმ იქიდან გამომდინარე, რომ მისი დასკვნა, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს კონკრეტულ პირთა თუ პარტიათა სამართლებრივ პასუხისმგებლობას. დასაბუთების აუცილებლობა ერთ-ერთი პროცედურული ეტაპია კომისიის შექმნის პროცესში.6
სწორედ კომისიის შექმნის საჭიროების დასაბუთების სიმწირიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ კომისიის საქმიანობის მიზანი სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალური გამოძიება კი არა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მარგინალიზაცია და მათი აკრძალვისთვის შესაბამისი სამართლებრივ-პოლიტიკური საფუძვლის მომზადებაა, რაზეც „ქართული ოცნების“ ლიდერები ღიად საუბრობდნენ.7 თუმცა გამორიცხულია, საგამოძიებო კომისიის საქმიანობა თავისთავად მიმართული იყოს კონკრეტული პოლიტიკური პარტი(ებ)ის წინააღმდეგ ან მათი აკრძალვისკენ.8
გარდა დასაბუთების ნაკლებობისა, პრობლემურია კომისიის შემადგენლობაც. კონსტიტუციის მიხედვით, საგამოძიებო ან სხვა სახის დროებით კომისიებში ოპოზიციის შემადგენლობა არ უნდა იყოს ნახევარზე ნაკლები.9 რაც, არა მხოლოდ, კვოტების შესაბამისად გადანაწილებას, არამედ საპარლამენტო უმცირესობების კომისიის ფაქტობრივ საქმიანობაში ფაქტობრივად ჩართვას გულისხმობს. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებში ოპოზიციონერი წარმომადგენლების მონაწილეობა უზრუნველყოფს კომისიის გამჭვირვალობას, დაბალანსებულობასა და ობიექტურობას. მოქმედი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილია მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა და მას გამოყოფილი ე.წ. „ოპოზიციური“ ჯგუფები, რომლებიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით მოხვდნენ პარლამენტში.10 შესაბამისად, კომისიაში მათი არსებობა ვერ იქნება ოპოზიციის რეალურ ჩართვად აღქმული და უფრო მეტად ფორმალურ ხასიათს ატარებს.
ზოგადად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით ამა, თუ იმ გარემოების გამო მოიწვიოს ნებისმიერი პირი და მას წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას. ეს უფლებამოსილება, ობიექტურ რეალობაში, უზრუნველყოფს კომისიის საგამოძიებო ფუნქციის ჯეროვან შესრულებას, სხვა მხრივ, იგი ვერ შეძლებდა საკითხის სრულად შესწავლასა და ობიექტური დასკვნის შემუშავებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საგამოძიებო კომისიის საქმიანობის დროს დადგა არის კომისიის სხდომაზე დაბარების შემთხვევაში გამოუცხადებლობა. ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მოთხოვნის მიუხედავად, არ გამოცხადდნენ კომისიის სხდომაზე და არ ჩააბარეს ახსნა-განმარტებები. ამის საპასუხოდ კომისიამ გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა შესაბამისი პირების შესახებ ინფორმაცია გამოუცხადებლობის თაობაზე.11
საია მიიჩნევს, რომ კომისიაზე გამოუცხადებლობა ვერ შეფასდება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის სანქცია გათვალისწინებულია, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ისე სისხლის სამართლის კოდექსში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733 მუხლის მიხედვით - „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით“. ანალოგიური შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლიც, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ, ერთი და იგივე ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდარღვევად, ისე დანაშაულად.
იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი არ განსაზღვრავს, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებში იდენტური ჩანაწერების არსებობის შემთხვევაში რომელს ენიჭება უპირატესობა, მნიშვნელოვანია საკითხის შეფასება მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნეს ის ნორმა, რომელიც ნაკლებად ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას (In dubio pro libertate).
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, რომლისთვისაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად გათვალისწინებულია ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ქმედების შემადგენლობა და მისი ჩადენისთვის განსაზღვრული სასჯელიც მიუთითებს, რომ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საშიშ ქმედებას, რაც პრიორიტეტულს გახდიდა მისი ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის კანონდებლობის მომეტებული გავრცელების საჭიროებაზე. პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იხელმძღვანელოს საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, მინიმალური ჩარევის სტანდარტებით, პროპორციულობის და სამართლებრივი განჭვრეტადობა პრინციპებით.
პროპორციულობის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი უფლებრივი შეზღუდვა, რისი გამოყენებაც სახელმწიფოს მხრიდან ხდება, უნდა იყოს სამართლიანი, საჭირო და სათანადოდ დასაბუთებული, და არ უნდა აღემატებოდეს მიზნის მისაღწევად აუცილებელ ზომებს. ხოლო სამართლებრივი განჭვრეტადობა წარმოადგენს ისეთ მნიშვნელოვან პრინციპს სამართალში, რომელიც გულისხმობს, რომ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს თავისი ქმედების შედეგები. აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი განჭვრეტადობის პრინციპი ადამიანების უსაფრთხოების გარანტიაა, მოცემულ შემთხვევაში, კი, ადამიანისთვის არ არის განჭვრეტადი, როგორ მოხდება მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.
ზემოთ ხსენებულის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც უგულებელყვეს არამხოლოდ იდენტური შინაარსის მუხლის არსებობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, არამედ ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტები.
პროკურორმა სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი ორი ტესტით: მტკიცებულებითი და საჯარო ინტერესის ტესტით, რომლებიც ერთობლიობაში ქმნის ე.წ. სრულ ტესტს. მხოლოდ სრული ტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა დაიწყოს პროკურორმა სისხლისსამართლებრივი დევნა.12 საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ზემოთ ხსენებული მუხლით მოხდა არაერთი პირისთვის ბრალის წარდგენა.13 ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი პრობლემის სათავე, ასევე, კომისიის ლეგიტიმურობა და კანონიერი მოთხოვნის არარსებობაა. მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩავთვლით, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, მაინც მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ საჯარო ინტერესზე, რა დროსაც პროკურორმა უნდა გასაზღვროს რამდენად პრიორიტეტულია სახელმწიფოსათვის კონკრეტული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნა. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პროკურატურა თვეებია უგულებელყოფს რეალურ საჯარო ინტერესს და არ არ იწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას იმ პირთა მიმართ რომლებიც მონაწილეობდნენ წამების ორგანიზებულ დანაშაულებში.
აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს პატიმრობით შეცვლა
2025 წლის 14 მაისს ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000 ლარის ოდენობის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.
გირაოსთან ერთად ირაკლი ოქრუაშვილს დამატებითი ვალდებულების სახით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აუკრძალა საზღვრის კვეთა. პირველი წარდგენის სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო არ იყო დასაბუთებული, საყურადღებოა, რომ გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოცემულ შემთხვევაში ბრალად წარდგენილი მუხლი სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.
აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.14
თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.15
პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა, ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.16
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი როგორც პირველი წარდგენის სხდომაზე ისე წინასასამართლო სხდომაზე გამოცხადდა სასამართლოში, სადაც დააფიქსირა მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ აპირებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობას.
მართალია, მოცემულ შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილი იყო სასამართლოსთვის მიემართა გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით, რაც ავტომატურად არ ნიშნავს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას, მაგრამ, როცა პირი სასამართლოში ცხადდება, უზრუნველყოფილია აღკვეთის ღონისძიების მიზნის შესრულება, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ პირმა არ გადაიხადა გირაოს თანხა პატიმრობის შუამდგომლობა და შემდეგ სასამართლოს მხრიდან აღნიშნული შუამდგომლობის უაპელაციოდ დაკმაყოფილება მიუთითებს აღკვეთის ღონისძიების მიზნის არასწორ გააზრებაზე. სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის დროს საიას გამოუვლენია არაერთი შემთხვევა, როცა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა არ გადაიხადა გირაოს თანხა, პროკურატურას არ მიუმართავს სასამართლოსთვის შუამდგომლობით შეცვლილიყო გირაო პატიმრობით, ერთ შემთხვევაში სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ მხოლოდ გირაოს თანხის გადაუხდელობა გავლენას არ ახდენდა აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებაზე.
ხსენებულ შემთხვევაში პროკურატურის მხრიდან შინაარსობრივი გააზრებისგან დაცლილი, ტექნიკურად მკაცრი მიდგომა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურა მოქმედებს პოლიტიკური მოტივით განპირობებული პირის დასჯის ინტერესით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულისგან გამომდინარე, საია მიიჩნევს, რომ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო არ არის საქართველოს კანონმდებლობასთან თავსებადი.
1 საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის დადგენილება N 240-IIმს-XIმპ.
2 „პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ დადგენილებაში ცვლილება განხორციელდა“, საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი, 2025 წლის 1-ელი აპრილი, ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/media/news/parlamentis-droebiti-sagamodziebo-komisiis-shesakheb-dadgenilebashi-tsvlileba-gankhortsielda?fbclid=IwY2xjawJ_6JZleHRuA2FlbQIxMABicmlkETFicjlIZFhUT05yUkU1VkZ2AR7JvVh5z2AXaU_61zwGSGFLpWnxWwbR0ippb4KAQfgQ--HgCjDfe2hjxc3t3g_aem_6-3FfzsSoTTHIVng2V4PLg, განახლებულია: 01.05.2025.
3 განმარტებითი ბარათი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის თაობაზე.
4 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის 1-ელი პუნქტი.
5 იქვე.
6 საკითხზე უფრო დეტალურად იხ. „ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2025 წლის 21 მაისი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/IqtaL, განახლებულია: 21.05.2025.
7 „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ნაციონალური მოძრაობის „მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას“ ითვალისწინებს“, საინფორმაციო პორტალი „civil.ge“, 2025 წლის 28 მარტი, ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/672285, განახლებულია: 21.05.2025.
8 v. Münch/Kunig/Groh, 7. Aufl. 2021, GG Art. 44, Rn. 22-28.
9 საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
10 კომისიის წევრები არიან: ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ (5 წევრი): თეა წულიკიანი (თავმჯდომარე), ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია (შემდგომ ირაკლი ქადაგიშვილი), პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალიდან“ (2 წევრი): სოზარ სუბარი (მდივანი), გურამ მაჭარაშვილი, პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ (1 წევრი): ილია ინჯია, ასევე კვოტებით განსაზღვრულია 2 წევრი უფრაქციო დეპუტატებიდან (კერძოდ, პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“, რომელმაც პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა). იხ. საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში“ წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ“.
11 სულ 8 პირი: ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ნიკანორ მელია, გიორგი (გივი) თარგამაძე.
12საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბერის ბრძანება №181ე ბრძანება სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილის დამტკიცების შესახებ.
13 საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა მამუკა ხაზარაძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, გიორგი (გივი) თარგამაძეს, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძეს, ნიკანორ მელიასა და ბადრი ჯაფარიძეს. ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით არის გათვალისწინებული.
14 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი, 198.1,2.
15 იქვე მუხლი 200,5.
16 იქვე მუხლი 205.
გააზიარე: