GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

12 თებერვალი, 202516:57

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, ადვოკატები წარადგენენ შუამდგომლობას მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, პროკურატურამ მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა უსაფუძვლოდ დაიწყო, მისი ბრალდება უკანონოა და მის მიმართ უკანონოდ გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა - პატიმრობა.


2025 წლის 11 იანვარს, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებას წინ უსწრებდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება, რაც საპროტესტო სტიკერის გაკვრას მოჰყვა. უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელი მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე, დააკავეს სისხლის სამართლის წესით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.


წარმოგიდგენთ მზია ამაღლობელის უფლებების დამცველების ერთობლივ შეფასებას:


1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების უსაფუძვლობა და მისი შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები


1.1. რა დაედო საფუძვლად აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას


2025 წლის 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პირველი წარდგენის სხდომა. პროკურორი დაუსაბუთებლად მოითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი სახის - პატიმრობის გამოყენებას. პროკურორის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო ბრალდების მხარის აბსტრაქტულ და ჰიპოთეტურ პოზიციას ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკის არსებობის შესახებ. პროკურატურის შუამდგომლობაში არ იყო წარმოდგენილი არცერთი არგუმენტი თუ გარემოება, და მით უფრო მტკიცებულება, რომელიც აღნიშნული რისკების არსებობას მინიმალურისტანდარტით მაინც დაასაბუთებდა. ერთი მხრივ, პროკურორმა და მეორე მხრივ, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა, რომ პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული და უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს აღკვეთის ღონისძიების ალტერნატიულ სახეს.


მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა აღკვეთის ღონისძების გამოყენების წინაპირობა, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს პატიმრობის ალტერნატივად უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გამოყენებაც შესთავაზეს. თუმცა, მოსამართლემ უპირობოდ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა. სასამართლომ მზია ამაღლობელის საწინააღმდეგოდ გამოიყენა ადმინისტრაციული დაკავებისა და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ისე, რომ ჯერ არც დაკავების კანონიერების საკითხი იყო დადგენილი და არც თავად სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ამით, მოსამართლემ დაარღვია მზია ამაღლობელის თავისუფლების უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია და გამოავლინა აშკარა მიკერძოება პროკურატურის სასარგებლოდ.


1.2. აღკვეთის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები


დაცვის მხარე მიმართავს სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების/პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით, ვინაიდან გამოყენებული პატიმრობა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს.1


სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული პატიმრობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, როგორც კი აღმოიფხვრება ის რისკები, რაც დაედო მას საფუძვლად, რაც საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს.2 შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტით პატიმრობის საფუძვლები დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების ყოველ ეტაპზე და პატიმრობის ყოველი დღისთვის. უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი მუდმივი მონიტორინგი და ყველა ეტაპზე გადასინჯვის ეფექტური მექანიზმი.


2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელის პატიმრობა დაასაბუთა 2 საფუძვლით: რომ (ა) არსებობდა მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე და (ბ) ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.


დაცვის მხარის შუამდგომლობაში მითითებულია ახალი არსებითი გარემოებები და წარდგენილია მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობა უნდა გაუქმდეს.


(ა) დაცვის მხარისათვის გადმოცემული საქმის მასალების მიხედვით გამოძიება პრაქტიკულად დასრულებულია და მოწმის სახით გამოკითხულნი არიან მხოლოდ პოლიციელები (6 პოლიციელი), არც ერთი სხვა პირი ან დემონსტრანტი როგორც ამას ბრალდების მხარე მიუთითებდა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობის დასაბუთებისას გამოკითხული არ არის. ნათელია, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობის მოთხოვნა მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის მოხდენის მიზნით სრულად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი იყო და ვერ აკმაყოფილებდა ვერანაირ სტანდარტს. ეს საფრთხე მით უფრო აბსურდულია გამოძიების ამ ეტაპზე, სადაც ბრალდებამ ხელახლა უნდა ასაბუთოს რა საფრთხე არსებობს დღეს მოწმეებზე ზეწოლის და რატომ არის მზია ამაღლობელის პატიმრობა ამ საფრთხის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება, მაშინ, როდესაც ყველა მოწმე პოლიციელია და ყველა მათგანი დაკითხულია. ამასთან, ახალ გარემოებად სასამართლოს დამატებით წარვუდგენთ მზია ამაღლობელის გამოკითხვის ოქმს. შესაბამისად, გამოძიების ამ ეტაპზე, გამოკითხულია ყველა მოწმე (ვინც საჭიროდ მიიჩნია გამოძიებამ), გამოკითხულია დაზარალებული და ბრალდებული.


(ბ) 2025 წლის 14 იანვრის განჩინებაში პატიმრობის დასაბუთებისათვის მოსამართლე დაეყრდნო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ოქმს, რომლის მიხედვით მზია ამაღლობელი დააკავეს ადმინისტარციული წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სიცრუეა.


სასამართლოს წარვუდგენთ ვიდეოფაილს, სადაც ნათლად ჩანს, რომ მზია ამაღლობელს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი (გრიგოლ ბესელია) აკავებს პოლიციის ღობეზე სტიკერის გაკვრის გამო და არა პოლიციის შეურაცხყოფის გამო. მზია ამაღლობელი დააკავეს იმ ქმედებისთვის, რაც არ წარმოადგენს სამართალდარღვევას საქართველოს კანონდებლობით. თავად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში, ასევე ყალბად, მზია ამაღლობელის დამკავებელ პირად მითითებულია ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე გოჩა ვაზაძე.


მიუხედავად იმისა, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებიდან გავიდა 1 თვე, მას არ ჩაბარებია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ასევე ადმინისტარციული სამართალწარმოების საქმე არ წარმართულა სასამართლოში, შესაბამისად არ არსებობს დადგენილება მზია ამაღლობელის მიერ არარსებული ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ჩადენის შესახებ. თავად ადმინისტრაციული დაკავების ოქმი (რომელსაც დააყრდნო უკანონო განჩინება სასამართლომ), გაასაჩივრა მზია ამაღლობელმა, თუმცა დღემდე არ არის განხილული შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიერ.


მოსამართლემ მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყვიტოს ბრალდებულის სასარგებლოდ.3 ჩვენ მიერ წარდგენილი ვიდეოფაილი კი აშკარად აჩვენებს, რომ მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი ყალბი დოკუმენტია და მზია ამაღლობელის დაკავება იყო უკანონო, ვინაიდან მას არ ჩაუდენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამიტომ ახალი არსებითი გარემოების გათვალისწინებით აღარც არსებობს „ახალი დანაშაულის ჩადენის“ მინიმალური დასაბუთებაც კი, რომელიც აქამდე ემყარებოდა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ერთადერთ დოკუმენტს - ადმინისტრაციული დაკავების ყალბ ოქმს.


(მზია ამაღლობელის უკანონო ადმინისტაციული დაკავების სხვა დეტალები იხილეთ განცხადების მე-4 თავში).


1.3. მოსამართლის სადავო პროფესიული კვალიფიკაცია


ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა ჩაატარა და მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მას მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაბარებული აქვს მხოლოდ სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 2022 წელს ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის საქმიანობას შეუდგა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.4 ამავე საიტზე არ იძებნება ინფორმაცია, როდის მოხდა მისთვის კოლეგიის შეცვლა და როდიდან იხილავს სისხლის სამართლის საქმეებს. იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მას შეეცვალა კოლეგია, ეს ადასტურებს იმ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც მოსამართლეებისათვის კოლეგიების განსაზღვრა ხდება ისე, რომ არ არის გათვალისწინებული რა მიმართულებით აქვთ მათ ჩაბარებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები. შესაბამისად, მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, რომელსაც არა აქვს კვალიფიკაცია სისხლის სამართალში. ეს პრაქტიკა შესაძლოა შეფასდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად.


2. სისხლის სამართლის უკანონო ბრალდება


პროკურატურამ მზია ამაღლობელს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით. მითითებული მუხლი ითვალისწინებს პოლიციელზე ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა, რაც დაკავშირებული უნდა იყოს სამსახურებრივ საქმიანობასთან. იმისათვის, რომ ქმედება ამ მუხლად დაკვალიფიცირდეს, სახეზე უნდა იყოს ამ მუხლისათვის დამახასიათებელი საკვანძო გარემოებები:


- თავდასხმა - როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა;


- თავდასხმა მიმართული უნდა იყოს პოლიციელის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების წინააღმდეგ და თავდასხმა უნდა იყოს ამგვარი საფრთხის შემცველი;


- თავდასხმა უნდა განხორციელდეს პირდაპირი განზრახვით;


- თავდასხმა დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის კონკრეტული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან, ამ მოვალეობის შესრულების გამო და დამნაშავესა და დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობას შორის უნდა არსებობდეს რაიმე სახის ბმა/კავშირი.


მზია ამაღლობელის ქმედება - გაშლილი მარცხენა ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძის სახეზე ხვდება, არცერთ ამ ელემენტს არ მოიცავს. როგორც თავად ირაკლი დგებუაძე აღწერს, მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი. მხოლოდ სუბიექტური აღქმებით შეფასებული ფიზიკური ტკივილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, 3531 მუხლით გათვალისწინებული თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება. ქმედების ინკრიმინირება ვერ იქნება დამოკიდებული დაზარალებულის სუბიექტურ აღქმებზე. გარდა ამისა, მზია ამაღლობელის ქმედება ვერ შეფასდება რომელიმე სახის იმგვარ ძალადობადაც, რაც შესაძლებელს გახდის მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის ნებისმიერი სხვა მუხლით. ამდენად, მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა ატარებს მისი პერსონალური დასჯის, დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს.


3. ინტერესთა კონფლიქტი მზია ამაღლობელის საქმის გამოძიებისას


გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რაც მოცემულ შემთხვევაში, სრულებით გამორიცხულია, ვინაიდან სახეზეა უხეში ინტერესთა კონფლიქტი. 5


საქმეზე დაზარალებულად ცნობილია ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში არის ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი პირი. დაახლოებით 1 თვის განმავლობაში საქმის გამოძიება მიმდინარეობდა იმავე ადმინისტრაციულ შენობაში (სადაც თავად დაზარალბულიც საქმიანობს) განთავსებული საგამოძიებო დანაყოფის მიერ. საქმეზე დაკითხული ბრალდების მთავარი მოწმეები არიან ამავე სამმართველოს პოლიციელები. საგამოძიებო დანაყოფის უფროსი (ბერდია ფერაძე), რომლის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი გამომძიებლებიც აწარმოებდნენ გამოძიებას, არის ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე და ამასთან, მან თავად დააკავა მზია ამაღლობელი. საბოლოოდ, როგორც გამომძიებლები, ისე მოწმეები, დაზარალებულის ჩათვლით, არიან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას, სამსახურებრივ დაქვემდებარებაში, რომელმაც განახორციელა მზია ამაღლობელის უკანონო ადმინისტრაციული დაკავება. მედიაში არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ირაკლი დგებუაძის ნათლია არის გრიგოლ ბესელია.


გამოძიების დაწყებიდან მზია ამაღლობელის საქმეს იძიებდა სწორედ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახური. დაცვის მხარემ მიმართა გენერალურ პროკურორს მოთხოვნით, ამოეღო სისხლის სამართლის საქმე აჭარის პოლიციის საგამოძიებო წარმოებიდან და დაექვემდებარებინა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფისათვის. ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი საქმე ჩამოცილდებოდა ასევე აჭარის პროკურატურას.


დაცვის მხარისათვის სიტყვიერად გახდა ცნობილი, რომ რამდენიმე დღის წინ გენერალურმა პროკურატურამ საქმე დაუქვემდებარა გურიის პოლიციის დეპარტამენტს, რაც არ აღმოფხვრის ინტერესთა კონფლიქტს და არ შექმნის ელემენტარული ობიექტურობის განცდას, ვინაიდან გურიის პოლიციის დეპარტამენტზე საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს კვლავ აჭარის პროკურატურა, რომელიც ზედამხედველობდა მზია ამაღლობელის საქმეს გამოძიების პირველი დღიდან. აჭარის პროკურატურამ აჩვენა, რომ მას არ შესწევს უნარი იმსჯელოს გრიგოლ ბესელიას და სხვა პოლიციელების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მზია ამაღლობელის უკანონო ადმინისტრაციული დაკავების და მის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული საქმისწარმოების დოკუმენტების გაყალბების გამო. ამასთან, ეჭვს არ იწვევს, რომ აჭარის პროკურატურას აქვს ყოველდღიური სამსახურებრივი და ოპერატიული კავშირი როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ისე ბათუმის პოლიციის უფროსთან და ყველა მის დანაყოფთან.


4. ადმინისტრაციული წესით თვითნებური დაკავება


2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში შეკრებილი აქტივისტები ატარებდნენ საპროტესტო აქციას და აკრავდნენ სტიკერებს წარწერით - „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. აქციის მიმდინარეობისას, პოლიციამ დაიწყო აქციის მონაწილეების თვითნებური დაკავება. როდესაც მზია ამაღლობელმა შეიტყო, რომ მისი მეგობარი და კოლეგა, ციალა ქათამიძე დააკავეს, თავადაც მივიდა აქციის მიმდინარეობის ადგილას და ერთ-ერთ პირს გამოართვა სტიკერი, რომელიც გაშალა კედელზე. სწორედ ამ დროს, სტიკერის გაკვრის გამო მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავებიდან დაახლოებით ერთ საათში ხელწერილის საფუძველზე მზია ამაღლობელი გაათავისუფლეს. საჯარო სივრცეში არსებობს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების კადრები, სადაც ჩანს, რომ აჭარის პოლიციის უფროსი, გრიგოლ ბესელია თავად აკავებს მას სტიკერის გაკვრისთანავე და მზია ამაღლობელი ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის და სიტყვიერი კომენტარის გარეშე ემორჩილება მის უკანონო დაკავებას.


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, როდესაც პოლიციელი უფლებამოსილია პირი დააკავოს. სტიკერის შენობის ღობეზე დროებითი განთავსება, არ შეიძლება ჩაითვალოს იერსახის დამახინჯებად, ამასთან ამავე კოდექსით არ იკრძალება სტიკერის დროებითი განთავსება ადმინისტრაციულ შენობებზე. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ქმედება იერსახის დამახინჯებად და ნახატის შესრულებად შეფასდებოდა, შსს-ს თანამშრომელს არ აქვს ამ ქმედებისათვის პირის დაკავების უფლებამოსილება.6 მზია ამაღლობელის თვითნებური და უკანონო დაკავების შენიღბვის მიზნით პოლიციამ დაკავების ოქმი შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვა 173-ე მუხლით, რომელიც არ გადასცემია მზიას დაკავებისას. დაკავების ოქმში ჩაიწერა ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მზია ამაღლობელი დაკავებამდე ლანძღავდა და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას, რაც სრული სიცრუეა. ამ სიცრუეს ადასტურებს მზია ამაღლობელის დაკავების ვიდეოკადრები. ასევე, ამ დრომდე არ არის შედგენილი არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და არც სასამართლოს დაუდასტურებია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად ამისა, ეს გარემობა და ყალბი ადმინისტრაციული დაკავების ოქმი პროკურატურამ და ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიყენეს მზია ამაღლობელის პატიმრობის დასასაბუთებლად.


2025 წლის 21 იანვარს, ადმინისტრაციული დაკავების ოქმი მზია ამაღლობელის სახელით გასაჩივრებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა, ამ დროისათვის საჩივართან დაკავშირებით არ არის მიღებული არანაირი გადაწყვეტილება.


5. მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა


სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდგომ, პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. პოლიციის შენობაში შეყვანამდე, ეზოში, ირაკლი დგებუაძემ მას არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ საქმეს სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა.7 დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა. პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ოთახში ერთ-ერთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მზია ამაღლობელი პერიოდულად ითხოვდა ადვოკატებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი მოთხოვნა იგნორირებული იყო. პარალელურად, ადვოკატები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და მზია ამაღლობელთან შეხვედრას.


არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ევალება. 12 იანვარს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეცნობა მომხდარის შესახებ, რაც საკმარისი საფუძველია გამოძიების დასაწყებად.8 სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების დაწყების ნაცვლად, ე.წ. ,,მოკვლევის“ პროცესი დაიწყო, რომელიც არ წარმოადგენს საპროცესო მოქმედებას. მოკლვევის ფარგლებში, 15 იანვარს, მზია ამაღლობელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის შესახებ.


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება რეალურად 2025 წლის 17 იანვარს დაიწყო, თუმცა, მზია ამაღლობელს ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2025 წლის 17 იანვარს დაიწყო გამოძიება, თუმცა, მზია ამაღლობელს ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 2025 წლის 7 თებერვალს წარდგენილია საჩივარი გენერალურ პროკურატურაში, თუმცა, ამ დროისათვის არ არის მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება. 2025 წლის 11 თებერვალს, საიას ადვოკატს მიეცა შესაძლებლობა, გაცნობოდა გამოძიების მასალებს და ამ დროისათვის გამოიკვეთა, რომ გამოძიება არაეფექტიანია. კერძოდ,:


● გამოძიება არ მიმდინარეობს სწორი კვალიფიკაციით. ნაცვლად სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლისა, გამოძიება დაწყებულია 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება);


● შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების მიუხედავად, მზია ამაღლობელს ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი;


● საგამოძიებო სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ დრომდე არ მიუღია სასამართლოს მიერ 22 იანვარს გაცემული განჩინების საფუძველზე ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის კამერის ჩანაწერები, რომლებიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს ადასტურებს. ასევე, კამერის ჩანაწერები არ გადასცემია გამოძიებას ბათუმის მერიისგან. ამ დრომდე არ არის საქმეზე დამაგრებული სხვადასხვა მედია საშუალების მიერ გადაღებული კადრები;


● ამ დროისთვის გამოძიებას დანიშნული აქვს სამედიცინო ექსპერტიზის და მზია ამაღლობელის ტანსაცმელზე ტრასოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზა. ადვოკატთან ზეპირი კომუნიკაციის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ გამოძიება არ აპირებს მიკრონაწილაკური ექსპერტიზის ჩატარებას, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია მთელი რიგი გარემოებების დასადგენად;


● ირაკლი დგებუაძე გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ ის პოლიციის ეზოში არ შესულა და დარჩა აქციაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულით იგი ცდილობს, გამოძიებას მიაწოდოს არასწორი ინფორმაცია, რათა გამორიცხოს მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა, ხოლო ამ ფაქტის დადგენისთვის გამოძიებას არ ჰყავს გამოკითხული მოწმეები. აღნიშნული პირი გამომძიებელმა გამოკითხა მხოლოდ 31 იანვარს, ანუ შემთხვევიდან 20 დღის შემდეგ;


● გამომძიებელს გამოკითხული ჰყავს 10 სამართალდამცავი, რომელთა ჩვენებები შინაარსობრივადაც და სტილისტურადაც მსგავსია, რაც აჩენს იმ ეჭვს, რომ მათი ჩვენებები შეთანხმებულია ერთმანეთთანაც და ირაკლი დგებუაძესთანაც. ამ დრომდე გამოკითხულები არ არიან პოლიციელთა გარდა სხვა მოწმეები (მათ შორის, აქციის მონაწილეები).


სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა ადასტურებს, რომ არ არსებობს ინსტიტუციური და პოლიტიკური მზაობა, გამოიძიონ მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი.


6. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა


მზია ამაღლობელი 32-ე დღეა აგრძელებს სრული ფორმით შიმშილობას. კანონმდებლობის თანახმად, ,,თუ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი გაჩერება სასჯელაღსრულების დაწესებულების სტაციონარულ სამკურნალო ან საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი დირექტორის ბრძანებით, საექიმო დასკვის საფუძველზე, დაუყოვნებლივ გადაიყვანება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში. პირველ ეტაპზე, საიას დაგვიანებით, მხოლოდ 2025 წლის 31 იანვარს გადაეცა სამედიცინო დოკუმენტაცია მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია. მიღებული დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროება. აღნიშნულის თაობაზე ციხის ადმინისტრაციას ეცნობა 2025 წლის 1-ელ თებერვალს. 2025 წლის 2 თებერვალს, საიამ დამატებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, შეექმნა სპეციალური სამედიცინო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. 2025 წლის 4 თებერვალს, განხორციელდა მზია ამაღლობელის გადაყვანა კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით. 2025 წლის 6 თებერვალს, სახალხო დამცველმა შექმნა ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფი. ჯგუფის წევრებმა მზია ამღლობელი მოინახულეს კლინიკაში და გაეცნენ სამედიცინო დოკუმენტაციას. ამ დროისათვის ექსპერტთა ჯგუფი ამზადებს წერილობით შეფასებას.


მზია ამაღლობელის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და არ სურს შიმშილობის გამო რაიმე ტიპის შეღავათით სარგებლობა, შესაბამისად, აუცილებელი სამედიცინო გამოკლევების შემდგომ, ითხოვს ციხეში დაბრუნებას. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის საჭიროებს კლინიკის პირობებში მეთვალყურეობას და ექიმების რჩევით რჩება კლინიკაში.


შეჯამება


მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი, ვინაიდან მისი დევნა თავსდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900(2012) რეზოლუციით განსაზღვრულ კრიტერიუმებში, მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ დევნას და პატიმრობას არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები.


არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოვითხოვთ:


1. სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან;


2. საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე;


3. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი;


4. პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი;


5. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო.


6. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი დგებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადი მოპყრობისა და 2025 წლის 11 იანვრის ბათუმის აქციაზე ციალა ქათამაძის უკანონო დაკავების გამო;


7. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც მიიღო მონაწილეობა 2025 წლის 11-12 იანვრის ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასა და უკანონო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.


მზია ამაღლობელის უფლებების დამცველები:

- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

- იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი.



1 მოთხოვნა ეფუძნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-8 ნაწილს.

2 S., V. და A. დანიის წინააღმდეგ [GC], 2018, § 161

3 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი.

4 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე - http://hcoj.gov.ge/ka/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98.html

5 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

6 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 246.

7 ვიდეოჩანაწერი https://www.facebook.com/watch/?v=589294457041491&rdid=Y1kJUWZRZhSF73tK

8 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 100.


სხვა სიახლეები