სიახლეები
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უარყოფითად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს,[1] რომლითაც ცვლილებების შეტანა იგეგმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ინიცირებული პროექტის თანახმად, საგრძნობლად იზრდება ჯარიმების ოდენობა წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევაში - 100 ლარიდან 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის - 250-2000 ლარიდან - 1000-დან 4000 ლარამდე. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზანს მოსახლეობაში კანონმორჩილების ხარისხის გაზრდა წარმოადგენს. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ საზოგადოებრივი წესრიგის და კანონმორჩილების მიღწევა მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრების და რეპრესიის გაძლიერების გზით თავშივე არასწორ მიდგომაა და ხანგრძლივ პერსპექტივაშიც არაეფექტურია. კანონდარღვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია არა სასჯელის გამკაცრება, არამედ კანონის ერთგვაროვანი და სამართლიანი აღსრულება ყველა შეთხვევაში.
იმ პირობებში როდესაც ქვეყანაში მოქმედებს საბჭოთა კავშირის დროს მიღებული კოდექსი, რომელიც არ ითვალისწინებს სათანადო საპროცესო გარანტიებს, სანქციების გამკაცრებით, კიდევ უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებათა დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
დღეისათვის მოქმედი სამართალდარღვევათა კოდექსი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი სასამართლო განხილვის მოთხოვნებს და ხშირად, გამოიყენება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების არამართლზომიერად შეზღუდვისათვის. როგორც წესი, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა დაკავება სწორედ ამ მუხლების გამოყენებით ხდება. პირები, რომლებსაც ,,ბრალი ედებათ” ისეთ გადაცდომებში, როგორიც არის წვრილმანი ხულიგნობა, ან პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ვერ სარგებლობენ მინიმალური საპროცესო გარანტიებით. სასამართლო არ აკონტროლებს ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებას, არ მოქმედებს გონივრულ ეჭვს მიღმა გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი. ამდენად, ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე ხდება. საქმის განხილვის და სანქციის გამოყენების შემჭიდროებული პროცედურები ვერ უზრუნველყოფს ეფექტური წარმომადგენლობის განხორციელებას (საქმის განხილვა ხშირ შემთხვევაში 10-15 წუთს გრძელდება).
პროცედურული გარანტიების არარსებობაზე და რეფორმის გატარების აუცილებლობაზე თავად ხელისუფლებაც საუბრობს. სწორედ ამ მიზნით, 2014 წლის 3 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ შექმნა სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია, რომელმაც 2016 წელს მუშაობა დაასრულა და შეიმუშავა ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტი. თუმცა, პროექტის ინიცირება პარლამენტში ამ დრომდე არ მომხდარა.
ზემოთ დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ერთადერთი სწორი ცვლილება, მისი სისტემური გადასინჯვაა. შესაბამისად, კოდექსის არსებული ფორმით შენარჩუნება ახანგრძლივებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების უხეშ დარღვევას. ამ პირობებში კი ჯარიმების საგრძნობი ზრდა იქონიებს მსუსხავ ეფექტს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაუბრკოლებელ რეალიზებაზე.
შესაბამისად, მოვუწოდებთ:
საქართველოს პარლამენტს
არ დაუჭიროს მხარი შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონის პროექტს და არ გაამკაცროს სანქციები ადმინისტარციულ გადაცდომებზე;
საქართველოს მთავრობას
დროულად მოახდინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში.
გააზიარე: