GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

29 ნოემბერი, 202416:15

საია აკვირდება 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული პროტესტების დროს დაკავებული პირების (ასევე, რუსული კანონის პროტესტთან დაკავშირებული პირების) სისხლის სამართლის საქმეებს. ანატოლი გიგაური ერთ-ერთია, ვინც სწორედ არჩევნებთან დაკავშირებულ პროტესტში იღებდა მონაწილეობას.


2024 წლის 26 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ანატოლი გიგაურს პატიმრობა შეუფარდა. აქტივისტების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენება, სასამართლოს მხრიდან ჩვეულ პრაქტიკად იქცა.1 ბრალდების მხარის ვერსიით, 24 ნოემბერს, რუსთაველის გამზირისა და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციელს.2 მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.3


სასამართლო პროცესზე ანატოლი გიგაურს მარცხენა წარბის ზემოთ, შუბლის მიდამოებში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი.4 ბრალდებულმა პროცესზე მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ისაუბრა. ანატოლი გიგაურმა აღნიშნა, რომ მასზე არაერთხელ იძალადეს. კერძოდ, ასეთი 3 ეპიზოდი გამოყო:


1. თავდაპირველად აქციაზე ყოფნისას პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას მუშტი გაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გიგაურის პოზიციით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ პოლიციელი კვლავ დაარტყამდა და პოლიციელის მიმართ მისი რეაქცია, ხელის კვრა, მოგერიების მიზანს ემსახურებოდა.

2. შემდგომ პოლიციის თანამშრომლებმა მასზე დაკავებისას იძალადეს. კერძოდ, მარჯვენა სანაპიროზე მანქანით გადაადგილებისას, მას შემდეგ რაც აქცია დატოვა, ის შეაჩერეს, ხელბორკილები დაადეს და პოლიციის მანქანის უკან პოლიციის

რამდენიმე თანამშრომელმა მას დაზიანებები მიაყენა, მათ შორის, სახის მიდამოში. ბრალდებულმა განმარტა, რომ ის დარტყმებმა საბოლოოდ სისხლდენა გამოიწვია.

3. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი, იმავე პოლიციის თანამშრომელმა, რომელთანაც აქციაზე კონფლიქტი ჰქონდა, კვლავ იძალადა დაკავებულზე, მას შემდეგ, რაც გიგაურმა საკუთარი ტანსაცმლის გამოცვლაზე უარი განაცხადა, რომელიც წინა ძალადობის ეპიზოდის დროს ეცვა და რომელზეც სავარაუდოდ აღენიშნებოდა ძალადობის კვალი.


სასამართლო პროცესზე პრობლემური იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების დასაბუთებულობა. დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ ბრალდებული არ იყო არც ნასამართლევი და არც ადმინისტრაციულსახდელდადებული. მას არასდროს გადაულახავს საქართველოს საზღვარი და ამასთან მას არც დაკავებისას და არც შემდგომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაცვის მხარემ აღკვეთი ღონისძიების სახით ალტერნატიულად მოსამართლეს 10000 ლარის ოდენობით გირაო შესთავაზა და გამოთქვა მზაობა ნებისმიერი სხვა დამატებითი პასუხისმგებლობის შესრულებაზე. ასევე, დაცვის მხარემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დაკავების კანონიერების საკითხი, რადგან დაკავების ოქმი მისი განმარტებით არსებითი დარღვევებით იყო შევსებული. კერძოდ, დაკავების ოქმის შედგენის დრო 5 წუთს მოიცავდა, რის ობიექტურ შეუძლებლობაზეც მიუთითებდა ადვოკატი. ასევე დაკავების ადგილად მითითებული იყო პოლიციის განყოფილება, მაშინ, როცა გიგაურის დაკავება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. პროკურორის განმარტებით, ის თავიდან ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა ამის მტკიცებულება პროცესზე წარმოდგენილი არ ყოფილა. წლებია საია საუბრობს დაკავების კანონიერების საჯარო სხდომაზე განხილვის აუცილებლობაზე, თუმცა სასამართლოს მხრიდან ამ საკითხს კვლავ არ ეთმობა სათანადო ყურადღება.5


სასამართლო პროცესზე მხარეებმა განმარტეს, რომ ანატოლი გიგაურის მიმართვის საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის აპრილ-მაისში მიმდინარე აქციების დროს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დარღვევებზე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა არის ამ გამოძიების შედეგი, საია მოუწოდებს საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სახელმწიფოს ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე, რომელიც გულისხმობს გამოძიების დამოუკიდებლობის, ადეკვატურობის, გამოძიების სწრაფი წარმოების, საჯაროობისა და მასში დაზარალებულის ჩართულობის მოთხოვნებს.


ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე საქმეში მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანომ დროულად გამოკვეთოს შესაძლო ძალადობის ჩამდენი პოლიციელების ბრალეულობა, რათა მათ არ მიეცეთ შესაძლებლობა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელებით ჩაიდინონ ახალი დანაშაული ან/და გაანადგურონ ბრალეულობის მამხილებელი მტკიცებულებები.


ინფორმაციის სახით, აღვნიშნავთ, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა, რომელიც 2024 წლის 1 ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე. მისი უკანასკნელი სამუშაო გამოცდილება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკავშირდება, სადაც ის ჯერ თავმჯდომარის მოადგილე იყო, შემდეგ კი პირველი მოადგილე(2013-2023).6 მოსამართლე ლელა მარიდაშვილი თანამდებობაზე სამი წლის ვადით არის დანიშნული.7




1 “რუსული კანონის“ საპროტესტო აქციების მონაწილე პირების სისხლის სამართლის საქმეების განხილვას სასამართლო აჭიანურებს, საია, 24.11.2024, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/rusuli-kanonis-saprotesto-aqciis-monawileta-sasamrtlo-chianurdeba.

2 პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, საქართველოს პროკურატურა, 26.11.2024, ხელმისაწვდომია: https://pog.gov.ge/news/prokuraturam-policielze-Tavdasxmis-faqtze-erT-pirs-braldeba-warudgina .

3 შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, 25.11.2024, ხელმისაწვდომია:https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministrom-politsielze-tavdaskhmis-braldebit-erti-piri-daakava/16469 .

4 კაცს, რომელმაც აქციაზე პოლიციელს სახეში ხელი გაარტყა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - მისი თქმით, მასზე იძალადეს, რადიო თავისუფლება, 26.11.2024, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33216758.html .

5 სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N16 ანგარიში გვ. 72, საიას ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/pVOVs

6 თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია: https://tcc.court.ge/Justice/Details/1604 .

7 იქვე.

სხვა სიახლეები