სიახლეები
საია სასამართლოში იცავდა იმ პირის ინტერესებს, რომლის მიმართაც სამედიცინო დაწესებულებებმა დაარღვიეს კოვიდ პანდემიის პერიოდში მოქმედი მარეგულირებელი წესები. კერძოდ, სარჩელი შეეხებოდა კოვიდ პანდემიის პერიოდში პირის სტაციონარში განთავსებისა და მოვლის წესების დარღვევიდან გამომდინარე მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.
მოსარჩელეს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემის გამო მოუწია კლინიკისათვის მიმართვა, ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე. ტესტის შედეგი იყო „საეჭვო“. ხსენებული პასუხის გამო პირის ტრანსპორტირება განხორციელდა ერთ-ერთ მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან ერთად და სწორედ ამავე, პაციენტთან ერთად განთავსდა დაწესებულებაში მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის ტესტის შედეგი იყო „საეჭვო“ და არა დადებითი.
მოგვიანებით, პირს მისივე მოთხოვნით ჩაუტარდა განმეორებითი ტესტი, რომლის შედეგიც იყო უარყოფითი. მიუხედავად აღნიშნულისა, იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტის ტრანსპორტირება და ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა კოვიდ ვირუსით ინფიცირებულ პაციენტთან ერთად, კლინიკამ გადაწყვიტა მისი 14-დღიანი იზოლაციის საჭიროება, რომელიც მან ე.წ. კარანტინში გაატარა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც 5-წლიანი სამართალწარმოების შედეგად, ახლა ჩაბარდა პაციენტს, დადგინდა მოპასუხეების მხრიდან პაციენტის სტაციონარში განთავსების და შემდგომ მისი მოვლის რეგულაციების დარღვევა, რის გამოც მათ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზე სამართალწარმოება 5 წლის წინ დაიწყო და ამ დროისთვის აღარ არის აქტუალური კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები, ხსენებული საქმის შედეგი მნიშვნელოვანია, რადგან სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა ერთგვარი სტანდარტი პაციენტის მოვლისა და განთავსების საკითხთან დაკავშირებით. ამ სტანდარტის დარღვევის გამო დადგინდა დაწესებულების ვალდებულება პაციენტის უკანონოდ კლინიკაში დაყოვნების გამო მატერიალური ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) ანაზღაურების ნაწილში.
გააზიარე: