სიახლეები
საია ეხმიანება გორის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებას, რომლითაც „გორელ ფოტოგრაფთა კლუბისთვის“ გამოხატვის სივრცის დახურვა მოხდა. ეს საპროტესტო და შემოქმედებითი გამოხატვის უკანონო შეზღუდვის კიდევ ერთი საგანგაშო მაგალითს წარმოადგენს.
ა(ა)იპ „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ მიერ 2024 წლის 16 ნოემბერს გახსნილი იქნა კოლაბორაციული გამოფენა, რომელიც იყო რეფლექსია მიმდინარე პროტესტებზე და აერთიანებდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე პროტესტის მონაწილეების მიერ გამოყენებულ ფრაზებს1.
აღნიშნულის შემდეგ, 5 დღეში, გორის მუნიციპალიტეტმა ორგანიზაციას გაუგზავნა წერილი უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხოლო 2024 წლის 16 დეკემბერს უშუალოდ მიმართა საჯარო რეესტრს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.
მერიის არათანმიმდევრული პოზიცია ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების რეალური მიზეზი თავისუფალი სახელოვნებო გამოხატვის სივრცის დახშობაა. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის თავდაპირველ მიზეზად მუნიციპალიტეტის საჭიროება, შემდეგ უზუფრუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გამხოლოება, რამდენიმე დღეში კი ახალგაზრდებისთვის ინოვაციური ცენტრის მოწყობა სახელდებოდა.2
აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით, ხოლო შემოქმედების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულ ადამიანის ძირითად უფლებებს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის მიერ უსაფუძვლოდ, ფიქტიური საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტა, რეალურად კი საპროტესტო გამოხატვის შინაარსის გამო „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ დასჯა და მათთვის შემოქმედებითი გამოხატვის პლატფორმის წართმევა წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ ძირითად უფლებებთან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მხარდაჭერას უცხადებს ა(ა)იპ - „გორელ ფოტოგრაფთა კლუბს“ და მოუწოდებს გორის მუნიციპალიტეტის მერიას გააუქმოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „გორელ ფოტოგრაფთა კლუბისთვის“ უზუფრუქტის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.
1 იხ: ხელოვნების სახლის ფეისბუქ პოსტი https://www.facebook.com/ArtHouseGori/posts/pfbid02SHxC1nUPN3a8bNQDv4dTREyBfiCKFJC6ioSpy3cCaZaz2dmAqFkzmy4YK6Ljj7ADl [24.12.2024]; იხ: რადიო თავისუფლება, დღეს გორში ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა მსვლელობა გაიმართა, 20.12.2024, https://www.radiotavisupleba.ge/a/33247517.html, [24.12.2024].
2 იქვე.
გააზიარე: