სიახლეები
დღეს, 2025 წლის 04 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით ბრალდებული კიდევ ორი პირის - გიორგი კუჭუაშვილისა და დავით კოლდარის სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ეს ბოლო საქმეა, რომელიც რუსული კანონის პროტესტის კონტექსტში დაკავებულ პირებს უკავშირდება.
ბრალდების მხარე გიორგი კუჭუაშვილს პოლიციელზე თავდასხმას, ხოლო დავით კოლდარს, ნივთის დაზიანებას ედავებოდა. სასამართლომ ორივე ბრალდებული წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო. გიორგი კუჭუაშვილს სასჯელის სახედ და ზომად 4 წლის ვადით, ხოლო დავით კოლდარს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, რადგან კოლდარი დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, საბოლოოდ 2 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
საყურადღებოა, რომ 2024 წლის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს იმ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებას, რომელსაც ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), თუ დაზარალებული გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. აღნიშნულის საფუძველზე შესაძლებელი იყო დავით კოლდარისთვის ბრალად წარდგენილ სსკ-ის 187-ე მუხლს შეხებოდა ამნისტია. თუმცა სს საქმეში დაზარალებულად მიჩნეულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს (დაზიანებულ ნივთი პოლიციის მანქანა იყო) წარმომადგენელმა უარი განაცხადა დავით კოლდარის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
საია ხსენებულ შემთხვევაშიც აღნიშნავს, რომ აქტივისტების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები არ არის დაცლილი სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივებისგან. აღნიშნულ ეჭვს მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო განხილვების საეჭვო საფუძვლებით გაჭიანურებასთან ერთად, ამყარებს სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან დავით კოლდარის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარიც. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საქმეზე სრულყოფილ შეფასებას განაჩენის გაცნობის შემდგომ გამოაქვეყნებს.
ქვემოთ წარმოგიდგენთ რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირთა წინააღმდეგ გამოყენებული სასჯელის სახეებისა და ზომების შესახებ ინფორმაციას:
გააზიარე: