GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

18 იანვარი, 202310:53

2023 წლის 17 იანვარს ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მედიის 16 წარმომადგენლის სახელით გასაჩივრებული საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საჩივარი სიძულვილის ჯგუფების მიერ 2021 წლის 05 ივლისს განხორციელებულ ძალადობას ეხება და საგულისხმოა, რომ საჩივრის გაგზავნიდან (2022 წლის 04 ნოემბერი), არსებითი განხილვის ეტაპის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ საკმაოდ შემჭიდროვებულ დროში მოხდა.

საჩივარში საია დავობს, რომ ხელისუფლებამ 2021 წლის 05 ივლისს ვერ მოახერხა ძალადობის თავიდან არიდება და შემდგომ მომხდარზე შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, სხვა ელემენტებს, შორის, სადავოდ არის გამხდარი 2021 წლის 05 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ოპერაციისა და შემდგომ წარმოებული გამოძიების ეფექტიანობა, განსაკუთრებით სიძულვილის ჯგუფების ლიდერების/ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთის კუთხით. ამასთან საჩივარში ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა 05 ივლისს განვითარებულ მოველენებზე კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა. ამასთან, მომჩივნები, რომლებიც ძალადობას დაექვემდებარნენ, დავობენ, რომ ისინი დაზარალდნენ იმის გამო, რომ არიანმთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები და/ან ისინი ასოცირებულნი იყვნენ ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ლგბტ+ თემთან. 

ევროპულმა სასამართლომ საჩივარში სადავოდ გამხდარ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა სახელმწიფოს, კერძოდ, არსებითი განხილვა ევროპული კონვენციის  მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებთან დაკავშირებით დაიწყო. ქვემოთ მოცემულია ის კითხვები, რომლებითაც სასამართლომ სახელმწიფოს მიმართა და პასუხის წარმოსადგენად ვადა 2023 წლის 09 მაისი განუსაზღვრა: 

1. ამოწურეს თუ არა მომჩივნებმა ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები თავიანთ საჩივრებთან დაკავშირებით, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტი?

2. 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს, შეასრულეს თუ არა შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებები, მიეღოთ პრევენციული ზომები, რომლებიც მიზნად ისახავდა განმცხადებლების დაცვას კერძო პირების თავდასხმებისგან? გაამწვავა თუ არა პრაიდის მარშთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებებმა 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობა? 

3. ჩაატარეს თუ არა კომპეტენტურმა შიდასახელმწიფოებრივმა ორგანოებმა ეფექტიანი გამოძიება არასათანადო მოპყრობისა და პოლიციის დაცვის არარსებობის შესახებ მომჩივნების ბრალდებებზე, კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ვალდებულებების შესაბამისად, მათ შორის ძალადობრივი ინციდენტების სავარაუდო წამქეზებლებთან მიმართებაში?

4. იყო თუ არა წინამდებარე საქმეში გასაჩივრებული ძალადობრივი ქმედებები განმცხადებლების ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული? შეასრულა თუ არა მთავრობამ კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული თავისი პოზიტიური   ვალდებულებები, როგორც ეს განსაზღვრულია სასამართლოს მიერ (იხ. Uzeyir Jafarov v. Azerbaijan, no. 54204/08, § 68, 2015 წლის 29 იანვარი)? 

5. მომჩივნების საჩივრების გათვალისწინებით, რომ თავდასხმა მოტივირებული იყო ლგბტ თემისა და მის მხარდამჭერებად დანახულ პირთა მიმართ სიძულვილით, დაირღვა თუ არა კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც იკითხება კონვენციის მე-3 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში?

6. ხელი მიუწვდებოდათ თუ არა მომჩივნებს ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებისთვის თავიანთ საჩივრებთან დაკავშირებით, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-13 მუხლი?

 

ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

სხვა სიახლეები