GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

23 ოქტომბერი, 2024


საქართველოში ისევ მოქმედებს საბჭოთა პერიოდში მიღებული და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან შეუსაბამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. 1984 წელს მიღებულ კოდექსში წლების განმავლობაში 500-ზე მეტი ცვლილება შევიდა, თუმცა, ისინი არსებითად არ შეხებია იმ ფუნდამენტურ საკითხებს, რომლებიც კოდექსის ინსტრუმენტალიზების მთავარ საფუძვლებს ქმნის. არსებული სამართადლარღვევათა კოდექსის შენარჩუნებით, ხელისუფლება ინარჩუნებს ადამიანების უფლებების დარღვევის ინსტრუმენტს, რომელსაც მასობრივად იყენებს პოლიტიკური კრიზისების დროს, მშვიდობიანი შეკრების უფლების მონაწილეების წინააღმდეგ. ბოლო 2 წლის განმავლობაში, კოდექსის ყველაზე პრობლემური 2 მუხლით[1] ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცა 10500-ზე მეტი პირი[2].


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან შეუსაბამობის გამო, ევროპულმა კომისიამ საქართველოსთან მიმართებით მე-9 ნაბიჯის კონტექსტში დაადგინა პირობები, რომლებიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს.

ევროკავშირის მოლოდინია, რომ საქართველო დაინტერესებული პირების ფართო ჩართულობით დაიწყებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სისტემურ ცვლილებაზე მუშაობას. კოდექსის ცვლილების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები.



,,ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სამჯერ დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობა, თუმცა, პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ბოლო წლებში, რეფორმის გატარების ვალდებულება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აიღო. კომიტეტის 2021, 2022, 2023 და 2024 წლების სამოქმედო გეგმების თანახმად, ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მისაღებად უნდა შემუშავებულიყო კანონპროექტის სამუშაო ვერსია. თუმცა, მე-10 მოწვევის პარლამენტი ისე ამთავრებს მუშაობას, რომ ამ დრომდე საკითხით დაინტერესებული პირებისთვის ეს სამუშაო ვერსიაც კი არ წარმოუდგენია.


2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამების შემდგომ, ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა გაატაროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემური რეფორმა.


·         საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დაინტერესებული პირების ფართო ჩართულობით, უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანიც იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის პროექტის მომზადება. რეფორმით გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები. მათ შორის, უნდა გაუმჯობესდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მტკიცების ტვირთის სტანდარტები, ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაში მიცემულ პირთა უფლებების დაცვის გარანტიები, დაკავების კანონი ერების შემოწმების სამართლებრივი მექანიზმი.


·         საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტმა 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე უნდა მიიღოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი.

 




[1] ასკ-ის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით.

[2] ინფორმაცია ეყრდნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატისტიკურ ინფორმაციას. 

სხვა სიახლეები