GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

29 იანვარი, 202518:37

თემურ ქათამაძის (გაფფარ ილმაზის) საქმის განხილვა მრავალ კითხვას აჩენს მისი დაკავებისა და მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით. იგი საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აქტიურად საქმიანობს. ამასთან, გაძევების შემთხვევაში არსებობს მისი თავისუფლებისა და სიცოცხლის უფლების ხელყოფის საფრთხე. თუმცა, აღნიშნული გარემოებები სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს. მისი დაკავება და გაძევების პროცედურების დაწყება აშკარად უკავშირდება მის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასა და საჯარო პროტესტს, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.


როგორც ცნობილია, თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 და შემდეგ 16 იანვარს დააკავა. ადმინისტრაციული წესით, 2025 წლის 11 იანვარს დაკავებისას, იგი მიიყვანეს ბათუმის პოლიციის სამმართველოში. დაკავებული უთითებს, რომ სამართალდამცავების მხრიდან მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ სამართალდამცავებს შორის იყო ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც თემურ ქათამაძე გამოიკითხა 2025 წლის 22 იანვარს.


16 იანვარს თემურ ქათამაძე ხელახლა დააკავეს და გადაიყვანეს სამტრედიის დროებითი მოთავების იზოლატორში. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 18 იანვარის ბრძანების საფუძველზე, მისი გაძევების საქმის განხილვამდე, იგი მოთავსდა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში (შემდგომში - დროებითი განთავსების ცენტრი) და ამ დრომდე იქ იმყოფება. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისთანავე, მან დაიწყო სრული შიმშილობა. შესაბამისად, თემურ ქათამაძე მე-13 დღეა შიმშილობს და იღებს მხოლოდ წყალს. 


აღსანიშნავია, რომ თემურ ქათამაძემ რამდენიმე დღის წინ მიმართა შესაბამის უწყებას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და მის მინიჭებაზე მიიღო უარი. უარის მიღებამდე, იგი წარმოადგენდა თავშესაფრის მაძიებელ პირს, რაზე დაყრდნობითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიმართა ამჯერად თბილისის საქალაქო სასამართლოს - დროებით განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებული მოთხოვნით, მაშინ როდესაც იგი უკვე იმყოფება ამ დაწესებულებაში. სასამართლომ დააკმაყოფილა მიგრაციის დეპარტამენტის მეორე შუამდგომლობაც. ორივე სასამართლომ თემურ ქათამაძის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებით ბრძანება იმ საფუძვლით მიიღო, რომ შესაძლოა აღნიშნული პირი მიმალულიყო. დამატებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მიგრაციის დეპარტამენტის ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამ პირმა საერთაშორისო დაცვა მისი საქართველოდან გაძევების პროცედურების გაჭიანურების მიზნით მოითხოვა.


არც ერთმა ხსენებულმა სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ თემურ ქათამაძე საქართველოში ცხოვრობს 2012 წლიდან დღემდე. მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ბათუმში და საქმიანობს მის მიერ დაარსებულ ორგანიზაციაში. ამასთან, მას რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა მიეღო საქართველოს მოქალაქეობა. ამ დროისთვის მას აქვს მიმდინარე დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში სერვისების განვითარების სააგენტოს წინააღმდეგ იმ დასკვნასთან დაკავშირებით, რომლითაც მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული მისთვის მოქალაქეობის მინიჭება. ამდენად, იგი ელოდება აღნიშნული დავის დასრულებას.


აღსანიშნავია, რომ თემურ ქათამაძემ თანამოაზრეებთან ერთად 2016 წელს საქართველოში დააარსა ორგანიზაცია „ქართველთა კავშირი-ფენიქსი“, იგი არის თურქეთის ეთნიკურ ქართველთა საზოგადოების ,,ჩვენებურების“ ლიდერი და მისი საქმიანობა აღნიშნული ორგანიზაციის მეშვეობით, უკავშირდება დიასპორის უფლებების დაცვას. მის მიმართ გაძევების პროცედურების დაწყება და დაკავება ცალსახად უკავშირდება მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აქტიურ და საჯარო პროტესტს. სწორედ საჯარო პროტესტის გამო დააკავეს იგი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე. 


თემურ ქათამაძემ სამტრედიის რაიონული სასამართლოს ბრძანებასთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებაც გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. მის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

 


სხვა სიახლეები