სიახლეები
დღეს, 03 თებერვალს, რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
გიორგი ოკმელაშვილს ბრალდება პოლიციელზე თავდასხმასა და „მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას“ ედავებოდა. სასამართლომ გიორგი ოკმელაშვილი დამნაშავედ ცნო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით მიუსაჯა. ხოლო ნარკოტიკული დანაშაულის ნაწილს ამნისტია შეეხო და სისხლის სამათალწარმოება შეწყდა.
საია მონიტორინგს უწევდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს და ჯერ კიდევ პროცესის მიმდინარეობის ეტაპზე აღნიშნავდა საქმის ხელოვნურად გაჭიანურების თაობაზე და რომ აქტივისტების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები არ არის დაცლილი სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივებისგან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საქმეზე სრულყოფილ შეფასებას განაჩენის გაცნობის შემდგომ გამოაქვეყნებს.
ამასთან, გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ამ დრომდე არათუ განაჩენი, ბრალდებულის სახითაც კი არ წარმდგარა სასამართლოს წინაშე არცერთი იმ სამართალდამცავთაგან, რომლებიც აქციის მონაწილეებს აწამებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ.
გააზიარე: