სიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში ,,რუსული კანონი“ საქმეზე (Georgian Young Lawyers Association and Others v. Georgia, no. 31069/24) საერთო ჯამში 22 მხარე ჩაერთო და ცხრა წერილობითი პოზიციაა წარდგენილი. საქმეში მესამე მხარედ ჩართულ პირებს შორის არიან ისეთი საერთაშორისო აქტორები, როგორებიცაა: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ვენეციის კომისია, Amnesty International (საერთაშორისო ამნისტა). მესამე მხარეთა მიერ ამგვარი ჩართულობა და სასამართლოს მიერ ცხრა წერილობითი პოზიციის მიღება მიუთითებს, რომ საქმე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პრობლემას შეეხება, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფართო ინტერპრეტაციასა და სასამართლოს პრაქტიკის განვითარებაზე.
სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი დაინტერესებულ პირებს ანიჭებს უფლებას საკუთარი პოზიცია წარუდგინოს სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ მესამე მხარედ ჩართული პირები დავის მხარეებს არ წარმოადგენენ, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ განსახილველი საქმის არსებითი სამართლებრივი საკითხების ობიქტური, აკადემიური და თეორიული განმარტებების მიწოდებისას და რიგ შემთხვევებში სასამართლო მეგობრის დასკვნა ემთხვევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შინაარსს.
აღსანიშნავია, რომ მესამე მხარეთა მიერ წარდგენილი მოსაზრებები ემთხვევა მომჩივნების მიერ წარდგენილ წერილობით პოზიციებს და იმ სამართლებრივ დასაბუთებას, რაც საჩივარშია ხაზგასმული. მომჩივნები, ისევე როგორც მესამე მხარედ ჩართული პირები, მიუთითებენ, რომ ,,რუსული კანონი“ არ არის იზოლირებული საკითხი და შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებები, განსაკუთრებით „უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის აქტი“ და ცვლილებები „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, წარმოადგენს იმ სამართლებრივი ჩარჩოს გაგრძელებას, რაც ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაიწყო.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა წარდგენილ პოზიციაში აღნიშნა, რომ ტერმინი ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ ხელისუფლებისა თუ პროსამთავრობო ჯგუფების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების „სახელმწიფოს მტრებად“, „გლობალური ომის პარტიად“ და ე.წ. „Deep State”-ად გამოცხადება უკვე ატარებს დამღუპველ ეფექტს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეპუტაციაზე საქართველოში. Alliance Defending Freedom International-ის პოზიციით, ,,რუსული კანონი“ წარმოადგენს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შემზღუდველ კანონმდებლობას, რომლის მსგავსიც მოქმედებს რუსეთში, ინდოეთსა თუ ჩინეთში.
ვენეციის კომისიის მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ ,,რუსული კანონი“ არის ფართო და ბუნდოვანი, რომელიც შესაბამის უწყებებს ანიჭებს გადაჭარბებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას. Crew Against Torture ასევე მიუთითებს, რომ კანონი აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის პრინციპს, ხოლო Media Defence-ის პოზიციით, საქართველოში მოქმედ „რუსულ კანონს“, რუსეთში მიღებული „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონებსა და სხვა ქვეყნებში მიღებულ კანონებს ერთი, საერთო ფოკუსი აერთიანებს, რაც ადამიანის უფლებების დამცველი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად მომუშავე დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციასა და დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კანონები ხშირად წარმოდგენილია როგორც „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის“ ან „გამჭვირვალობის გაზრდის“ საშუალება, რეალურად ისინი მიზნად ისახავენ კრიტიკული აზრის ჩახშობას და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას, ხოლო „International Network of Civil Liberties' Organizations“-ის წევრების პოზიციით, ,,რუსული კანონი“ ჰგავს იმ შემზღუდველ კანონებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში მიიღეს და ამ კანონის მოქმედება შეუქცევადად ახდენს გავლენას სამოქალაქო საზოგადოებაზე მაშინაც კი, თუ ისინი მათ მიმართ არ გამოიყენება.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) და Memorial Human Rights Defence Center-მა განმარტა, რომ სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლზე („უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები“), რამდენადაც რუსეთის მაგალითმა გვაჩვენა, რომ განვითარებული მოვლენები გადაიქცა ტოტალიტარული რეჟიმის მაგალითად. Amnesty International-ის მოსაზრებით, სახელმწიფო ვერ ამტკიცებს რეალური საფრთხის არსებობას და წინასწარ, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისადმი უნდობლობას გამოხატავს, რითაც იქმნება რისკი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეეზღუდებათ თავისუფლად და უსაფრთხოდ საქმიანობა.
გააზიარე: