სიახლეები

2025 წლის 30 სექტემბერს, Crew Against Torture-მა (შემდგომში „CAT”) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა მესამე მხარის წერილობითი პოზიცია (amicus curiae) საქმეზე Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia, no. 31069/24. წერილობითი პოზიციის ავტორი მიიჩნევს, რომ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებების ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (შემდგომში - „სტრასბურგის სასამართლო“) ვრცლად იმსჯელა მსგავს კანონმდებლობასთან დაკავშირებით საქმეში ქობალია და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Kobaliya and Others v. Russia),1 რის გამოც წარდგენილი მოსაზრება ძირითადად ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) მე-8, მე-14 და მე-18 მუხლებით დაცულ უფლებებს.2
კონვენციის მე-8 მუხლი („პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება“)
წერილობით პოზიციაში მითითებულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი (შემდგომში - „რუსული კანონი“) არ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, შენახვა და პოტენციურად გავრცელება შეუძლია იუსტიციის სამინისტროს.3 CAT-ის პოზიციით, იმის გამო, რომ ინდივიდუალური მომჩივნების საქმიანობა დაკავშირებულია ორგანიზაციებთან, რომლებიც ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაცია“, არსებობს გონივრული საფუძველი, რომ ამ პირების პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გახდეს დაუცველი, ხოლო „რუსული კანონი“-ს მოქმედებით, იმ მომჩივნების პერსონალურ ინფორმაცია, რომლებიც იკავებენ მმართველობით პოზიციებს აღნიშნული იარლიყის ქვეშ მოქცეულ ორგანიზაციაში, არა სავარაუდოდ, არამედ გარდაუვლად დაზიანდება.4
წარდგენილი პოზიციით, „რუსული კანონი“ ვერ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის პრინციპს, რამდენადაც კანონი ანიჭებს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას, მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ნებისმიერი პირისგან ან ორგანიზაციისგან და არ განსაზღვრავს ინფორმაციის შენახვის ვადას, გამოყენების მიზანს ან მესამე პირებისათვის ხელმისაწვდომობის პირობებს.5 ლეგიტიმურ მიზანთან დაკავშირებით CAT აღნიშნავს, რომ ასეთი მოცულობის ინფორმაციის შეგროვება, შენახვა და პოტენციური გავრცელება შეიძლება ემსახურებოდეს მომჩივანი ორგანიზაციების და მათ საქმიანობაში ჩართული თითოეული პირის შევიწროვებას.6 დამატებით აღნიშნულია, რომ „რუსული კანონი“ არ განასხვავებს პერსონალურ მონაცემს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემისაგან, რასაც შესაძლოა არაპროპორციული გავლენა ჰქონდეს დისკრიმინაციის მსხვერპლებსა და ისეთ ჯგუფებზე, როგორიც არის LGBT+ პირები, მიგრანტები, რელიგიური უმცირესობები, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები.7
კონვენციის მე-14 მუხლი („დისკრიმინაციის აკრძალვა“)
წერილობით პოზიციაში დისკრიმინაციული მოპყრობა განხილულია კონვენციის მე-8, მე-10 და მე-11 მუხლებთან ერთად. კერძოდ, წარდგენილი პოზიციით აღნიშნულია, რომ „რუსული კანონი“ განსხვავებულად ექცევა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც 20%-ს ან მეტს იღებენ უცხოური ძალისაგან მაშინ, როცა არც თავად კანონი და არც განმარტებითი ბარათი არ განმარტავს ფაქტორებს, რომლებმაც მიიყვანა საქართველოს ხელისუფლება იმ დასკვნამდე, რომ გარკვეული ტიპის ორგანიზაციები უფრო მეტად მიდრეკილნი არიან უცხო ძალის ინტერესების გატარებისაკენ.8 დამატებით, CAT უთითებს იმ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც დაფინანსების უცხოური წარმომავლობის გამო დისკრიმინაციული მოპყრობა შეფასებულია დარღვევად9 და აღნიშნავს, რომ არ არსებობს განმარტება, თუ რატომ არის ნაკლებად სავარაუდო სახელმწიფოს მიერ დაარსებული ან გარკვეული ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციები არ იყვნენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი.10
კონვენციის მე-18 მუხლი („უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები“)
წერილობით პოზიციაში მე-18 მუხლი განხილულია მე-8, მე-10 და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში. კერძოდ, წარდგენილ პოზიციაში აღნიშნულია, რომ „რუსული კანონის“ განმარტებითი ბარათი აიდენტიფიცირებს „უცხოურ ძალას“ მთავარ საფრთხედ, თუმცა არ გვაძლევს განმარტებას კონკრეტულად რას უკავშირდება აღნიშნული საფრთხე.11 დამატებით, CAT მიუთითებს პოლიტიკოსების, მათ შორის, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, 2024 წლის 29 აპრილის განცხადებაზე და ასევე აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის პოლიტიკური აზრის გამოხატვის დასჯა აშკარად ცდება კონვენციის ფარგლებს.12
1 საქმეში ქობალია და სხვები რუსეთის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთში მოქმედი ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონი იყო მასტიგმატიზებელი და შეცდომაში შემყვანი, რომლის რეალური მიზანი იყო დასჯა და დაშინება. შედეგად სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10, მე-11 და მე-8 მუხლების დარღვევა. ვრცლად შეგიძლიათ იხ.: Kobaliya and Others v. Georgia, no. nos. 39446/16 and 106 others, 22.01.2026, ხელმისაწვდომია აქ: https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-237425%22]} [23.10.2025].
2 Crew Against Torture, მესამე მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი მოსაზრება საქმეზე Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia, no. 31069/24, 30.09.2025, § 2.
3 იქვე, § 6.
4 იქვე.
5 იქვე, § 10.
6 იქვე, § 13.
7 იქვე, § 20.
8 იქვე, §§ 23-24.
9 იხ. Moscow Branch of the Salvation Army v. Russia, no. 72881/01, 05.10.2007, § 100; Aziz v. Cyprus, no.69949/01, 22.09.2004, § 36; European Commission v. Hungary (Case C-78/18), Judgment (GC), 18.06.2020, § 62.
10 Crew Against Torture, მესამე მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი მოსაზრება საქმეზე Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia, no. 31069/24, 30.09.2025, §§ 25-27.
11 იქვე, § 33.
12 იქვე, §§ 34-37.
გააზიარე: