GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

28 სექტემბერი, 202616:33

წამების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი ციხეებში გადატვირთულობის შემცირებისა და პრევენციის შესახებ ტექნიკურ სახელმძღვანელოს ამზადებს, რომლის შემუშავების პროცესშიც ინფორმაციას იღებს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან.1


აღნიშნული სახელმძღვანელოს მომზადების მიზნით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სპეციალურ მომხსენებელს 2026 წლის 28 სექტემბერს გაუზიარა დოკუმენტი, რომელიც საქართველოში ციხის მოსახლეობის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებულ გამოწვევებს მიმოიხილავს.


დოკუმენტში განხილულია ციხის პოპულაციის რაოდენობასთან დაკავშირებით არსებული სტატისტიკა, ყურადღება გამახვილებულია საქართველოში პატიმართა ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე ევროპაში, პატიმართა რაოდენობის ზრდაზე და ცალკეულ დაწესებულებებში არსებულ ლოკალურ გადატვირთულობაზე.


ასევე, მიმოხილულია პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლის გამოწვევები, აღნიშნული ზომების გამოყენების შემცირება, გადაწყვეტილებების არათანმიმდევრულობა. დოკუმენტი ასევე შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ფართო გამოყენების, თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივების არასათანადო გამოყენებისა და დასჯაზე ორიენტირებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის პრობლემებს.


დოკუმენტი ასევე მიუთითებს პრევენციის, რეაბილიტაციისა და სოციალური მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერების საჭიროებაზე და პატიმართა რაოდენობის ზრდას განიხილავს ადამიანის უფლებების მდგომარეობისა ფართო გაუარესების კონტექსტში. აღნიშნულ საკითხებზე დაყრდნობით, დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები.


ციხის პოპულაცია საქართველოში


საქართველო ამჟამად ევროპის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ევროპის საბჭოს მიერ 2026 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პატიმართა რაოდენობა, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, ყოველ 100,000 მოსახლეზე დაახლოებით 232 პატიმარს შეადგენს. ევროპის საბჭოში საქართველოს მაჩვენებელს მხოლოდ თურქეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მაჩვენებლები აღემატება.2




საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, 2025 წლის ბოლოს საქართველოში პატიმართა/თავისუფლებააღკვეთილ პირთა საერთო რაოდენობა 11 153-ს შეადგენდა. წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი გარკვეულ მერყეობას განიცდიდა. 2012 წლისთვის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა, რაც დაკავშირებული იყო მასობრივ ამინისტიასთან. 2024 წლიდან, ასევე, შესამჩნევია პატიმართა საერთო რაოდენობს ზრდა.3




მიუხედავად იმისა, რომ ციხის პოპულაციის საერთო რაოდენობა სასჯელაღსრულების დაწესებულებების საერთო ტევადობას არ აღემატება,4 ცალკეულ დაწესებულებებში ლოკალური გადატვირთულობა შეინიშნება, რასაც 2025 წლის CPT-ს ანგარიშიც ადასტურებს. საქსტატის მონაცემებით, 14 დაწესებულებიდან 4-ში პატიმართა რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატება.5


მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლება, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა


ბოლო წლებში შესამჩნევია როგორც მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების, ასევე, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მაჩვენებლის კლება. საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, გააანალიზოს აღნიშნული ტენდენციის გამომწვევი მიზეზები.6




სახალხო დამცველის ანგარიშებიდან იკვეთება პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებათა არათანმიმდევრულობის პრობლემა. პრობლემურია ასევე, რომ შეფასება მეტწილად ფორმალურ გარემოებებს ეფუძნება, ხოლო მსჯავრდებულის რესოციალიზაციის რეალურ შესაძლებლობებს, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებს სათანადო ყურადღება არ ეთმობა. ამასთან, კანონმდებლობა მკაფიოდ არ განსაზღვრავს, როდის უნდა ჩაატაროს ადგილობრივმა საბჭომ ზეპირი განხილვა, რის გამოც შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ისე, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მთელი პერიოდის განმავლობაში ერთხელაც არ მიეცეს საკუთარი პოზიციის პირადად წარდგენის შესაძლებლობა.


ევროპის საბჭოს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე პრობაციონერთა მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის: 100,000 მოსახლეზე 699 პრობაციონერი, რასაც მხოლოდ თურქეთის (954) და პოლონეთის (842) მაჩვენებლები აღემატება.7 ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოში ციხის პოპულაციის მაჩვენებელიც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზე რჩება. ეს მიუთითებს, რომ ალტერნატიული სანქციები შესაძლოა უფრო მეტად გამოიყენებოდეს თავისუფლების აღკვეთის დამატებით სანქციებად და არა მის რეალურ ალტერნატივად.


აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება


პატიმრობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ აღკვეთის ღონისძიებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველა აღკვეთის ღონისძიებას შორის პატიმრობის წილი მცირედით შემცირდა, სტატისტიკური მონაცემები ბოლო წლებში მისი გამოყენების შესამჩნევ ზრდაზე მიუთითებს.




მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენებისთვის კანონით მაღალი დასაბუთების სტანდარტია დადგენილი, პრაქტიკაში გადაწყვეტილებები ხშირად ზოგად და აბსტრაქტულ არგუმენტებს ეფუძნება. პრობლემას წარმოადგენს ასევე გირაოს ხელმისაწვდომობა, გირაოს მინიმალური ოდენობის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა 1 000 ლარით და გირაოს ოდენობის განსაზღვრა ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის სათანადო შეფასების გარეშე.


დასჯაზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა


კანონმდებლობისა და სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გამკაცრებამ შესაძლოა დანაშაულის პრევენციის მიზნების რეალური შესრულების ნაცვლად ციხის მოსახლეობის ზრდა გამოიწვიოს. 2025 წელს ნარკოპოლიტიკის გამკაცრება, არასაკმარისია პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის სერვისების ფოზნე, შესაძლოა ამის ერთ-ერთი მაგალითი იყოს. ანგარიში ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, არ არსებობს დანაშაულის პრევენციის თანმიმდევრული სოციალური პოლიტიკა, რომელშიც სიღარიბის, უმუშევრობის და სხვა სოციალური გამოწვევების ასპექტები საკმაროსად იქნება ინტეგრირებული.


სისხლის სამართლის პოლიტიზაცია და ადამიანის უფლებების მკვეთრი გაუარესება


დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოში პატიმართა რაოდენობის ბოლო პერიოდის ზრდის პარალელურად, ადამიანის უფლებებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მდგომარეობა სწრაფად უარესდება. 2024 წლიდან ხელისუფლების მიერ გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვასა და სამოქალაქო სივრცის შევიწროებას სისხლის სამართლის სისტემის პოლიტიზაცია ახლავს თან. საიას სისიხლის სამართლის სქმეებზე მონიტორიგბის ფარგლებში 2024 წლიდან იდენტიფიცირებული აქვს 150-ზე მეტი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე, რომლებიც შეიცავს პოლიტიკური მდგენელის არსებობის რისკს.8 მათგან სულ მცირე 69 პირის საქმეზე საიას გაკეთებული აქვს შეფასება, რომლის თანახმად: სისხლის სამართლის საქმეებზე დაკვირვება ავლენს, რომ აქტივისტების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენება, რაც მიმართულია არა მხოლოდ კონკრეტული შესაძლო დანაშაულის გამოვლენის და აღკვეთისკენ, არამედ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე ზეწოლისკენ, არის არა იზოლირებული უფლებადარღვევა, არამედ შეიცავს პოლიტიკური მოტივის / ფარული განზრახვის ელემენტს.9 სხვა საქმეებთან დაკავშირებით ორგანიზაცია აგრძელებს მონიტორინგს შემდგომი შეფასების მიზნით.


დოკუმენტში, განხილულ საკითხებზე დაყრდნობით, გაცემულია რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითად:


1. პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე, ინდივიდუალურ და თანმიმდევრულად გამოყენებულ კრიტერიუმებს. მსჯავრდებულებს უნდა ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობა, წარადგინონ საკუთარი გარემოებები და გაასაჩივრონ მათთვის არასასურველი გადაწყვეტილებები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ზეპირი მოსმენის გზით.


2. პრობაციონერთა მაღალი რიცხვი ყოველთვის არ იწვევს თავისუფლების აღკვეთის შემცირებას. სახელმწიფოებმა უნდა შეაფასონ, რეალურად ცვლის თუ არა აღნიშნული ზომები თავისუფლების აღკვეთის მაჩვენებელს.


3. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ გამონაკლისის სახით. სასამართლოებმა გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად უნდა დაასაბუთონ და აჩვენონ, რატომ არის ნაკლებად მკაცრი ღონისძიებები არასაკმარისი. გირაოს ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს პირის ფინანსური მდგომარეობა.


4. სისხლისსამართლებრივი სასჯელების გამკაცრების ან თავისუფლების აღკვეთის გამოყენების გაფართოების შესახებ კანონმდებლობის მიღებამდე უნდა ჩატარდეს ციხის პოპულაციაზე გავლენის შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასება.


5. დანაშაულის პრევენციის პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ხელმისაწვდომი რეაბილიტაციის, სოციალური დაცვის, დასაქმებისა და სხვა მხარდამჭერი სერვისების განვითარებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი სერვისების ნაკლებობამ შესაძლოა დასჯაზე ორიენტირებულ რეაგირება გაზარდოს.


6. პატიმართა საერთო რაოდენობა შესაძლოა პენიტენციური სისტემის საერთო ტევადობაზე ნაკლები იყოს, მაშინ როდესაც ცალკეულ დაწესებულებებში გადატვირთულობა მაინც არსებობს. შესაბამისად, პენიტენციური სისტემის ტევადობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ლოკალური გადატვირთულობა და შემუშავდეს შესაბამისი რეაგირების მექანიზმები.



დოკუმენტი სრულად



1 Special Rapporteur on Torture, call for input: Practical measures to reduce and prevent prison overcrowding, https://www.ohchr.org/en/calls-for-input/2026/call-input-practical-measures-reduce-and-prevent-prison-overcrowding,

2 SPACE I 2025, Council of Europe Annual Penal Statistics: Prison populations, 2026, pg. 4, 34. https://wp.unil.ch/space/files/2026/06/260626_rapport-space-i-2025.pdf

3 საქსტატი, პატიმართა რიცხოვნობა, https://www.geostat.ge/ka/modules/categories/132/siskhlis-samartlis-statistika,

4 ევროპის საბჭოს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში პატიმართა საერთო რაოდენობა 2025 წლის იანვარში 8,592-ს შეადგენდა, ხოლო პენიტენციური დაწესებულებების საერთო ტევადობა 12,332-ს. ციხეში სიმჭიდროვის მაჩვენებელი (prison density), 69.7%-ს შეადგენს. ერთ საკანში პატიმართა საშუალო რაოდენობა კი 2.9 არის. SPACE I 2025, Council of Europe Annual Penal Statistics: Prison populations, 2026, table 16, https://wp.unil.ch/space/files/2026/06/260626_rapport-space-i-2025.pdf

5 №17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა საერთო რაოდენობა (2,030) დადგენილ ზღვარს (2,000) 1.50%-ით აღემატება; №2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა საერთო რაოდენობა (1,384) დადგენილ ზღვარს (1,068) 29.59%-ით აღემატება; №8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა საერთო რაოდენობა (3,203) დადგენილ ზღვარს (2,426) 32.03%-ით აღემატება; ხოლო №15 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა საერთო რაოდენობა (2,177) დადგენილ ზღვარს (1,604) 35.72%-ით აღემატება. საქსტატი, სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიში საანგარიშო პერიოდი - 2026 წლის ივლისი, გვ. 60, https://www.geostat.ge/media/82981/Report_ivlisi_2026.pdf,

6 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახენ, 2026, გვ. 113, https://www.ombudsman.ge/res/docs/2026040108450417707.pdf,

7 Probation and Prisons in Europe, 2025: Key Findings of the SPACE reports, Council of Europe, https://wp.unil.ch/space/files/2026/07/260708_key-findings-space-ii_probation-europe-2025-1.pdf,

8 საია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც შეიცავს პოლიტიკური მდგენელის არსებობის რისკს, ინფორმაცია განახლებულია 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით

9 „2024-2025 წლებში აქციების კონტექსტში დაკავებული პირების პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკვირვების შედეგები“, 2025, გვ. 12-16, ხელმისაწვდომია: https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/2024-2025%20wlebSi%20politikurad%20motivirebuli%20saqmeebi_geo.pdf.




თუ გსურთ, ხელი შეუწყოთ საიას საქმიანობას, მათ შორის, უფასო იურიდიულ დახმარების მიმართულებას, შემოწირულობების განხორციელების გზაა:


საქართველოს მოქალაქის მიერ საბანკო გადარიცხვა.


თქვენთვის სასურველი თანხის ოდენობა შეგიძლიათ გადმორიცხოთ შემდეგ საბანკო ანგარიშზე:


მიმღების ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“

მიმღების ანგარიში: GE25TB7324636080100001

მიმღების სახელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია


მადლობა საიას საქმიანობის მხარდაჭერისთვის!



სხვა სიახლეები