GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

25 მაისი, 202611:13

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება კახაბერ ალიბეგაშვილის სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შეეხება 2024 წლის 28 ნოემბერს თბილისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს. კახაბერ ალიბეგაშვილი აღნიშნულ საქმეში ცნობილია დაზარალებულად.


2024 წლის 28 ნოემბერს კახაბერ ალიბეგაშვილი მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაში, სადაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს. დაკავების შემდგომ შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მას წაართვეს მობილური ტელეფონი, სათვალე და თავსახვევი, რის შემდგომაც დაიწყეს მასზე ფიზიკური ძალადობა. წაქცეულ კახაბერ ალიბეგაშვილზე შსს-ის რამდენიმე თანამშრომელი ერთდროულად ძალადობდა ხელებითა და ფეხებით, რის შემდგომაც აიტაცეს ხელში და ჰაერში მყოფს გადასცემდნენ ერთმანეთს, რა დროსაც აგრძელებდნენ მასზე ფიზიკურ ძალადობას, არ აძლევდნენ ფეხზე დადგომის საშუალებას, რის შემდგომაც კიდევ ერთხელ წააქციეს და წაქცეულზე იძალადეს ხელებითა და ფეხებით.


კახაბერ ალიბეგაშვილზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემდგომ, დაიწყეს მისი ხელის კვრით გაყვანა ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას წასვლის უფლება მისცა, რის შემდგომაც კახაბერ ალიბეგაშვილი დაიძრა დემონსტრანტების მიმართულებით, ხოლო, გადაადგილებისას შსს-ის შემხვედრი თანამშრომლები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. როდესაც კახაბერ ალიბეგაშვილი თითქმის გასცდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კორდონს, შსს-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაიძახა: „სად მიდის ეს, ვინ გაუშვაო?!“, რის შემდეგაც იგი თავიდან დააკავეს და კიდევ ერთხელ გაატარეს ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე მოწყობილ გდდ-ის თანამშრომლების კორდონში, სადაც მასზე კიდევ ერთხელ განხორციელდა ძალადობა.


მომხდარის შემდგომ კახაბერ ალიბეგაშვილი მოათავსეს პარლამენტის უკან მდგარ შსს-ის მინივენში, სადაც აერია გული და მოუწია საათზე მეტი ხნით ყოფნა. პარლამენტის უკანა ტერიტორიიდან იგი გადაიყვანეს მისთვის უცნობ ადგილას, რომელიც, მისი აღქმით, უნდა ყოფილიყო მოტოციკლების ფარეხი. ადგილზე მას აწუხებდა ტკივილები და თავბრუსხვევა, რის შედეგადაც კიდევ ერთხელ აერია გული. აღნიშნულ ფარეხში იმყოფებოდნენ ექიმები და პოლიციელები, ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი დაკავებული გადაეყვანათ კლინიკაში და რომელი წინასწარი დაკავების იზოლატორში. ვინაიდან კახაბერ ალიბეგაშვილს აშკარად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი და ჰქონდა ტვინის შერყევის აშკარა ნიშნები, იგი გადაიყვანეს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მას 48 საათით მოუწია დარჩენა.


სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა #IV-100/ა-ს მიხედვით, კახაბერ ალიბეგაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად აღენიშნებოდა თავის ტვინის შერყევა, თავის სხვა ნაწილების ტრავმა, კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმულობა და გადაძაბვა, გულმკერდის წინა კედლის ტრავმა.


კახაბერ ალიბეგაშვილმა მომხდარის შესახებ მალევე მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. მან საგამოძიებო უწყებას ასევე მიაწოდა ვიდეო-მასალა, რომელიც ასახავს შსს-ის თანამშრომელთა მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტს, თუმცა საგამოძიებო ორგანომ მომხდარზე არ განახორციელა არანაირი რეაგირება.


საგამოძიებო უწყების მხრიდან საქმეზე გამოძიების გაჭიანურების კონტექსტში აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოხსენებულ ვიდეო მასალაზე აღბეჭდილია, თუ როგორ ძალადობენ გდდ-ის თანამშრომლები რამდენიმე წუთის განმავლობაში კახაბერ ალიბეგაშვილზე. ვიდეოში, გარდა ნიღბიანი პირებისა, ჩანან შსს-ის თანამშრომლები, რომელთაც არ უკეთიათ ნიღბები, ფიზიკური ძალადობა კი მათ სიახლოვეს ხდება. 


ვიდეო ხელმისაწვდომია ბმულზე.


კახაბერ ალიბეგაშვილის დაზარალებულად ცნობა მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც 2026 წლის 1 აპრილს მისი დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით თბილისის პროკურატურას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა მიმართა. საია სწორედ ამ პერიოდიდან არის საქმეში ჩარული. დაზარალებულად ცნობის პარალელურად, კახაბერ ალიბეგაშვილს უარი ეთქვა გადასცემოდა იმ საქმის მასალები, რომელშიც იგი დაზარალებულადაა ცნობილი. პროკურორის აღნიშნული გადაწყვეტილება დღეის მდგომარეობით გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს, კახაბერ ალიბეგაშვილისა და სხვა დემონსტრანტების უფლებების დაცვას, რომელთაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის თანამშრომელთა ძალადობის შედეგად მიადგათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება. თუმცა, მივუთითებთ, რომ აღნიშნული გამოძიება სისტემური გამოწვევებითა და საერთო ჯამში არაეფექტიანობით ხასიათდება. ფართოდ გავრცელებული დაუსჯელობის ფონზე, მომხდარიდან თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ მხოლოდ 3 დაზარალებულის საქმეზე 5 სპეცრაზმელისთვის ბრალის წარდგენა გამოძიების მიზანმიმართულ არაადეკვატურობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.


არაეფექტიანი გამოძიება იკვეთება შემდეგში:


(1) მეთაურის პასუხისმგებლობის საკითხის უგულვებელყოფა: ის, რომ 2024 წლის აქციებზე ძალადობა არ იყო ინდივიდუალური გადაცდომა, არამედ მიზანმიმართული სახელმწიფო სტრატეგია, დასტურდება მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის განმახორციელებელთა საჯარო დაჯილდოებითა და დამნაშავე ოფიცრების დაუსჯელობითაც, იმის მიუხედავად, რომ მეთაურის პასუხისმგებლობის საკითხი გაეროს 6-მა სპეციალურმა მომხსენებელმაც გამოავლინა.


(2) დანაშაულის არასწორი კვალიფიკაცია: გამოძიება ამ საქმეზე მიმდინარეობს არასწორი მუხლის საფუძველზე („უფლებამოსილების გადამეტება“ (სსკ-ის 333-ე მუხლი)), ნაცვლად საქმისთვის შესაბამისი მუხლებისა - „წამება“ (სსკ-ის 144¹ მუხლი) და „დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა“ (სსკ-ის 144³ მუხლი), რაც ხელს უშლის გამოძიების სათანადოდ წარმართვას.


(3) პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება: საგამოძიებო ორგანოებმა ვერ უზრუნველყო თითქმის წელიწადნახევრის თავზე 5 პირის გარდა სხვა ოფიცრების იდენტიფიცირება.


(4) მტკიცებულებების მოპოვება: რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის გარშემო არსებული შენობების სათვალთვალო კამერების კადრების გამოძიებისთვის გადაცემაზე სახელმწიფო უწყებები უარს აცხადებენ, ხშირად „სისტემის გაუმართაობის“ ან „კამერების დაზიანების“ მიზეზის ხსენებით.


(5) სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების არ გადმოცემა: საიას დაცვის ქვეშ არსებულ პირთა მხრიდან მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურა უარს აცხადებს საქმის მასალების ასლების გადმოცემაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ დაზარალებულის სტატუსი და, შესაბამისად, საქმის მასალების ასლების მიღების უფლებაც.


(6) საზოგადოებრივი კონტროლის შეზღუდვა: მას შემდეგ, რაც 2026 წლის მაისში სამი დაზარალებულის (ჟურნალისტი გურამ როგავა, დემონსტრანტი ზვიად მაისაშვილი, პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილი) საქმეზე ხუთ პირს წარედგინა ბრალი ნოემბერ-დეკემბერში გამართულ პროევროპულ აქციებზე დემონსტრანტების მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, აღნიშნულ საქმეებს მიენიჭა საიდუმლო გრიფი და სასამართლო სხდომები დაიხურა. იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება საზოგადოების ფართო წრის მიმართ ძალადობის ფაქტებს, მსგავსი პრაქტიკა მნიშვნელოვნად ზღუდავს საზოგადოებრივი კონტროლისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის თეორიულ შესაძლებლობასაც კი.


(7) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებამ გამოიწვია გამოძიების უფლებამოსილების პროკურატურაზე გადაცემა, რაც უქმნის საფრთხეს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და ეფექტიანი გამოძიების წარმოებას.


სხვა სიახლეები