სიახლეები

2025 წლის 12 ნოემბერს დაინიციირდა კანონპროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.1 საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, 2025 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის 76 წევრმა2 პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შემოთავაზებულ ცვლილებებს და მასთან დაკავშირებულ საქართველოს ორგანული კანონებისა3 და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტებს,4 ხოლო 2025 წლის 09 დეკემბერს პლენალურ სხდომაზე კანონპროექტმა, მეორე მოსმენისას, პარლამენტის 78 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა.5
კანონპროექტის ინიციატორებმა6 ცვლილებების მიზანშეწონილობა რიგი საკითხების დაზუსტების, დახვეწისა და აღქმადობის თვალსაზრისით გამარტივების, ასევე ერთგვაროვანი საკითხების სისტემატიზაციის საჭიროებით ახსნეს.7 განმარტებითი ბარათის მიხედვით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოქმედი რედაქცია მიღებულ იქნა 2011 წლის 27 დეკემბერს და მას შემდეგ, სხვადასხვა დროს, ორგანულ კანონში განხორციელდა დაახლოებით 100-მდე ცვლილება. დღეს მოქმედი რედაქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა გარდამავალ დებულებებს, რომლებიც თავისი შინაარსით ძალადაკარგულია და სწორედა ამან განაპირობა, პრაქტიკულად, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღების საჭიროება.8
კანონპროექტი 20-ზე მეტ სხვადასხვა შინაარსისა და მნიშვნელობის ცვლილებას ითვალისწინებს. ინიციირებული ცვლილებების კანონად ქცევის შემთხვევაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ქვეყნის საზღვრებს გარეთ,9 აღნიშნული ცვლილება, არსობრივად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ არჩევნების საყოველთაობის პრინციპს, სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.10
საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, განაგრძონ თავიანთი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფიზიკურად არ იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე.11 ვენეციის კომისიის მოსაზრებით, მოქალაქეთა ევროპული მობილობის გათვალისწინებით და სახელმწიფოების ინდივიდუალური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოებმა უნდა გამოიჩინონ პოზიტიური მიდგომა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის უფლებთან დაკავშირებით.12 ეს საერთაშორისოდ აღიარებული კარგი პრაქტიკა უნდა იყოს სახელმძღვანელო კანონმდებლისთვის, რადგან, თავისი არსით, სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპის პრაქტიკული რეალიზების შესაძლებლობას იძლევა - „სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე“.13 გარდა ამისა, აღნიშნილი საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს კონტექსტში, რადგან ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა დიდი და მუდმივად მზარდია, და, ამასთანავე, მზარდია ქვეყანაში დარჩენილ ოჯახებისთვის მათ მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა, რაც ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.14
მოქმედი რედაქციით ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები იღებენ გადაწყვეტილებას საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.15 შემოთავაზებული ცვლილებებით კი, აღნიშნული უფლებამოსილება ერთპიროვნულად გადასაწყვეტად გადაეცემა შესაბამისი კომისიის თავმჯდომარეს.16
ცვლილება, განსაკუთრებით ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, ამცირებს პროცესის ინკლუზიურობას და კომისიის სხვა, მათ შორის, პროფესიული და ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრების მონაწილეობის შესაძლებლობას.
ინიციირებული საარჩევნო კოდექსით, საუბნო საარჩევნო კომისიებს აღარ ექნებათ ამომრჩეველთა ბარათების დარიგების ვალდებულება. აღნიშნული ცვლილება განმარტებით ბარათში ახსნილია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებითა და ამომრჩეველთა ინფორმირების საშუალებების მრავალფეროვნებით.
საარჩევნო ბარათი იყო საშუალება ამომრჩევლებისთვის, რომლებსაც ნაკლები წვდომა აქვთ ტექნოლოგიებთან, დაეზუსტებინათ მათი უბნის შესახებ ინფორმაცია და კენჭისყრის დღეს შეუფერხებლად განეხორციელებინათ აქტიური საარჩევნო უფლება - ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ბოლო პერიოდში გახდა საარჩევნო უბნების საზღვრების არაერთგზის ცვლილებისა თუ დაზუსტების გამო.
მორიგი ცვლილება ეხება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს. ცვლილებებით, პარტიულ სიებში შესაძლოა წარდგენილი იყოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი.17 ახალი საარჩევნო კოდექსი იმავეს ითვალისწინებს საკრებულოს არჩევნების შემთხვევაშიც.18 ასევე, პარტიას ეზღუდება საქართველოს პარლამენტის19 და საკრებულოს20 არჩევნებში პარტიულ სიაში პირის შეყვანა, ასევე, და მერის21 არჩევნებში - პირის ნომინირება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეკრძალება პარტიის შექმნა და სხვა პოლიტიკური საქმიანობა.
ამასთანავე, მეორე მოსმენით, შეცვლილ საარჩევნო კოდექსს დაემატა ცესკოს თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების, ასევე, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი. კერძოდ, საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში, კომისიის წევრსაც უწყდება უფლებამოსილება.22
აღნიშნული ცვლილება პოლიტიკური პარტიებს უკარგავს შესაძლებლობას, პარტიულ სიაში საკუთარი წევრების გარდა, სხვა პირები შეიყვანონ. ცვლილება განსაკუთრებით პრობლემური „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის კონტექსტშია.23 საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს საფუძველი, პარტიების გაუქმების კვალდაკვალ მისმა წევრებმა ვეღარ შეძლონ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა, პასიური საპარტიების არჩევნო უფლების რეალიზების გზით და სხვა პოლიტიკური პარტიებიც ვერ შეძლებენ მათ პარტიულ სიაში შეყვანას. ამდენად, ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მნიშვნელოვან დემოკრატიულ ეროზიას იწვევს.24
საიამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული ცვლილებები პოლიტიკური ოპონენტების განადგურებისთვის ნიადაგის მომზადებად და ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის დამყარების მცდელობად შეაფასა. ორგანიზაციის შეფასებით, სწორედ ამ ტენდენციის გაგრძელებას წარმოადგენს ახალი, უკვე ინდივიდუალური შეზღუდვების დაწესება პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის.25
ცვლილების მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობიდან გაძევებულ პირს აეკრძალება ყველა სხვა კენჭისყრის შენობაში შესვლა, ხოლო გაძევებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია აწარმოებს გაძევებულ პირთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზას.26
დამკვირვებლის საქმიანობის შემზღუდველი სხვა ცვლილებების მსგავსად,27 აღნიშნული ცვლილება ქმნის სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაში ხელის შეშლის საფრთხეს.
საია არჩევნებზე მონიტორინგის ანგარიშებში მუდმივად მიუთითებდა დამკვირვებლის საქმიანობაში ხელის შეშლის, მათ შორის, საქმიანობის განხორციელებისას - საჩივრის წარდგენისას, შენიშვნისას - გაძევების შემთხვევებზე. მაგალითად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კენჭისყრის დღეს, საიას დამკვირვებლების ნაწილს არ მიეცა თავისი საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობა. ეს გამოიხატებოდა, ერთი მხრივ, კომისიის მიერ მათი მუშაობის ხელშეშლაში (აგრესიული დამოკიდებულება და შეურაცხყოფის მიყენება, უბნიდან უსაფუძვლოდ გაძევება, პროცედურაზე არდაშვება, საჩივრის დაწერასა და ფოტოს გადაღებაში ხელის შეშლა), ხოლო მეორე მხრივ - უმოქმედობაში, როდესაც საიას დამკვირვებლებზე ზეწოლა მოდიოდა პარტიის წარმომადგენლების, სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების ან სხვა პირების მხრიდან, ხოლო კომისიის თავმჯდომარე არ იღებდა შესაბამის ზომებს კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღსაკვეთად.28
საარჩევნო კომისიების ამგვარი უფლებამოსილებით აღჭურვა, განსაკუთრებით, ობიექტური სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ გამწვავებული ნეგატიური დამოკიდებულების ფონზე, წარმოადგენს საშიშ პრეცედენტს და ქმნის მისი თვითნებურად და დაუსაბუთებლად გამოყენების რისკს. ამასთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას უკავშირდება სადამკვირვებლო მისიის დაკომპლექტება. თითოეული დამკვირვებლის საარჩევნო უბანზე განაწილება დიდ ფინანსურ ხარჯსა და რთულ ლოგისტიკურ პროცედურებს უკავშირდება. შესაბამისად, გაძევებული დამკვირვებლისთვის სხვა საარჩევნო უბნებზე შესვლის აკრძალვა სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის არაპროპორციულად მძიმე ტვირთის მატარებელია.
ახალი საარჩევნო კოდექსით დაზუსტდება საარჩევნო უბანზე ფოტოვიდეოგადაღების წესები.29 ცვლილებით დადგინდა, რომ საარჩევნო უბანზე ფოტოვიდეოგადაღება არ გულისხმობს აუდიომონიტორინგს, რასაც კანონპროექტის ინიციატორები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზანს უკავშირებენ.30
ინიციირებული საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული აუდიომონიტორინგის შეზღუდვა ვრცელდება კენჭისტრის შენობაში მყოფ ყველა პირზე, მათ შორის, მედიასაშუალებებზე. მოქმედი საარჩევნო კოდექსისა31 და ცესკოს 2012 წლის 24 სექტემბრის №42/2012 დადგენილების შესაბამისად,32 მედიასაშულებებს, კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება. დადგენილება აუდიომონიტორინგის განხორციელებაზე სპეციალურ შეზღუდვას არ აწესებს.
პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით განხორციელებული ცვლილება შეიძლება იქცეს სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის ინსტრუმენტად და მნიშვნელოვნად შეამცირებს მათ მიერ მტკიცებულების მოგროვების შესაძლებლობას. აუდიომონიტორინგი, რიგ შემთხვევებში, წარმოადგენს დარღვევის დოკუმენტირების ეფექტურ საშუალებას. თავის მხრივ, საარჩევნო კოდექსი განმარტავს, რომ საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკუთარი ინიციატივით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.33 ამდენად, ისეთ შემთხვევებში, სადაც ვიდეოჩანაწერი წონადი მტკიცებულებაა მისი აუდიოჩანაწერის (ხმის) გამო, სადამკვირველო და მედია ორგანიზაციები ვერ შეძლებენ მათ წარდგენას მტკიცებულების სახით, რაც, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შემთხვევაში, ფაქტობრივად, გამორიცხავს საჩივრის დაკმაყოფილებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით დამკვირვებლის საქმიანობის შეზღუდვა არახალია. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2025 წლის 3 აპრილის N22/2025 დადგენილებით, საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელთა თავისუფალი გადაადგილება, ამომრჩევლის პირადობის დოკუმენტის დათვალიერება და აღმოჩენილი დარღვევების დოკუმენტირება შეიზღუდა პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით.34
საიას შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები ერთიანობაში არაპროპორციულად და გაუმართლებლად ზღუდავს დამკვირვებლების საქმიანობას, ისინი ვეღარ შეასრულებენ მათ უპირველეს მოვალეობას - ვერ დააიდენტიფიცირებენ პოტენციურ დარღვევებს და ვერ მოიპოვებენ მტკიცებულებებს. ცვლილება არაკეთილსინდისიერი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ობიექტური და მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ შეიძლევა იქნეს გამოყენებული. ამასთან, გაურკვეველია სხვა რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს მსგავსი შინაარსის აკრძალვა, მაშინ, როცა პერსონალური მონაცემების კანონიერად დამუშავებაზე საზედამხედველო ორგანო - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, დასაშვებად მიიჩნევს დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ მონაცემების დამუშავებას საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით.35 დამატებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნა არ ითვალისწინებს პერსონალური მონაცემების დამუშავების აკრძალვას, არამედ გულისხმობს ასეთი მონაცემების ლეგიტიმურ დამუშავებას, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. დამკვირვებლის საქმიანობის ამგვარი შეზღუდვა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
საბოლოო ჯამში, აღნიშნული ცვლილებები, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების კრიზისის ფონზე, დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტის - საარჩევნო პროცესის დამაზიანებელია, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას ართმევს საზღვარგარეთ მცოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ზღუდავს დამკვირვებელთა თავისუფალ საქმიანობას საარჩევნო უბანზე, რაც არჩევნების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
1 კანონპროექტის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ინიციირებული ვერსია. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/404609? [განახლებულია: 09.12.2025].
2 კანონპროექტს მხარი დაუჭირა 76 წევრმა. მათგან, ფრაქცია “ქართული ოცნება” - 66 წევრი, “ევროპელი სოციალისტები” – 3 წევრი, პოლიტიკური ჯგუფი “ხალხის ძალა” – 7 წევრი. დეტალურად იხ. კენჭისყრის ანგარიში. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/406008? [განახლებულია: 09.12.2025].
3 „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
4 კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ფრაქცია “საქართველოსთვის” [პოლიტიკური პარტია “გახარია-საქართველოსთვის”] 9 წევრმა. დეტალურად იხ. კენჭისყრის ანგარიში. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/406008? [განახლებულია: 09.12.2025].
5 კანონპროექტს მხარი დაუჭირა 78 წევრმა. მათგან, ფრაქცია “ქართული ოცნება” - 69 წევრი, “ევროპელი სოციალისტები” – 3 წევრი, პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 6 წევრი. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ფრაქცია “საქართველოსთვის” [პოლიტიკური პარტია “გახარია-საქართველოსთვის”] 5 წევრმა. დეტალურად იხ. კენჭისყრის ანგარიში. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/408321? [განახლებულია: 11.12.2025].
6 საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.
7 განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესახებ. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/404611? [განახლებულია: 09.12.2025].
8 იქვე.
9 იხ. ინიისირებული ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 2, პუნქტი „ა“ - არჩევნები – საარჩევნო პროცესი, რომელიც იმართება საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში და რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/404609? [განახლებულია: 09.12.2025].
10 იხ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება „საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია“, 18.11.2025. ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/sazgvargaret-xmismicemis-upleba-saia [განახლებულია: 09.12.2025].
11 European Commission for Democracy through Law (Venice Commission), Report on Out-of-Country Voting, CDL-AD(2011)022. (64).
12 European Commission for Democracy through Law (Venice Commission), Report on Out-of-Country Voting, CDL-AD(2011)022. (99).
13 საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი.
14 მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის პერიოდში, ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით, საქართველო ფულადი გზავნილების მიმღებთა ათეულში მე-6 ადგილს იკავებს, 4,2 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილების შემოდინებით, რაც, ამავე პერიოდისთვის, საქართველოს მშპ-ს 13.8%-ს უტოლდება.
15 იხ. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ [2025 წლის 16 ოქტომბრის რედაქცია] მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტი, ასევე, 21-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი.
16 იხ. ინიციირებული „საქარველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი, ასევე, 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/404609? [განახლებულია: 09.12.2025].
17 იხ. ინიციირებული „საქარველოს საარჩევნო კოდექსის“ 129-ე მუხლის მე-4 ნაწილი. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/404609? [განახლებულია: 09.12.2025].
18 იხ. ინიციირებული „საქარველოს საარჩევნო კოდექსის“ 150-ე მუხლის მე-4 ნაწილი. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/404609? [განახლებულია: 09.12.2025].
19 იხ. ინიციირებული „საქარველოს საარჩევნო კოდექსის“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/404609? [განახლებულია: 09.12.2025].
20 იხ. ინიციირებული „საქარველოს საარჩევნო კოდექსის“ 152-ე მუხლის მე-6 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი; 155-ე მუხლი. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/404609? [განახლებულია: 09.12.2025].
21 იხ. ინიციირებული „საქარველოს საარჩევნო კოდექსის“ 172-ე მუხლის მე-12 ნაწილი. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/404609? [განახლებულია: 09.12.2025].
22 იხ. ინიციირებული „საქარველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-13 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/404609? [განახლებულია: 09.12.2025].
23 იხ. საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“,ც„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე. კონსტიტუციური სარჩელი ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=18680 [განახლებულია: 09.12.2025].
24 იხ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „ქართული ოცნების“ ინიციატივა - ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა“, 15.10.2025. ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/GYLA-politikuri-saqmianobis-akrdzalvis-shesaxeb [განახლებულია: 10.12.2025].
25 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „,,ქართული ოცნების“ ინიციატივა - ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა“, 15.10.2025. ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/GYLA-politikuri-saqmianobis-akrdzalvis-shesaxeb [განახლებულია: 09.12.2025].
26 იხ. ინიციირებული „საქარველოს საარჩევნო კოდექსის“ 64-ე მუხლის მე-5 ნაწილი. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/404609? [განახლებულია: 09.12.2025].
27 საქართველოს ახალაგზრდა იურისტთა ასოციაცია, საარჩევნო პერიოდის ანალიტიკური მიმოხილვა, 2025, 27. ხელმისაწვდომია: https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%9D%20%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90.pdf [განახლებულია: 09.12.2025]
28 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისია - წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიში, 2025. ხელმისაწვდომია: https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/2024%20%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D%20%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%20%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90_2024.pdf [განახლებულია: 09.12.2025]. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, მათ შორის, საიას მიერ დამკვირვებელთან საქმიანობაში ხელშეშლის აღრიცხულ ფაქტებს შორისაა:
· საუბნო კომისიის თავმჯდომარეებისა და წევრების მხრიდან საიას დამკვირვებლებისადმი აგრესიული დამოკიდებულება და შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები - ვაკის მე-15, გლდანის მე-60, 73-ე, 74-ე, ქუთაისის 49-ე და მარტვილის მე-10 უბნებზე. გლდანის 73-ე უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი პირი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს „აგენტებად“ მოიხსენიებდა.
· კომისიის თავმჯდომარის მხრიდან დამკვირვებელზე მუქარის ფაქტი - ნაძალადევის მე-10 უბანზე. ზოგადად აგრესიული ფონის არსებობის გარდა, თავმჯდომარემ საიას დამკვირვებელს შეახსენა, რომ მანქანაში „ალესილი დანა“ ჰქონდა. ეს შემთხვევა არაეთიკურია და შეიცავს დამკვირვებელზე ზეწოლის ნიშნებს.
· კენჭისყრის დღეს საბურთალოს 81-ე, მარნეულის 22-ე, ქუთაისის 49-ე და ზუგდიდის 65-ე უბნებიდან საიას დამკვირვებელი გააძევეს ან დაემუქრნენ გაძევებით. გაძევების მიზეზი, უმრავლეს შემთხვევაში, დამკვირვებლის მხრიდან საჩივრის ან შენიშვნის დაწერის მცდელობა იყო, რაზეც კომისიის წევრებს განსაკუთრებით აგრესიული რეაგირება ჰქონდათ.
29 იხ. ინიციირებული „საქარველოს საარჩევნო კოდექსის“ მეოთხე მუხლის მე-6 პუნქტი. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/404609? [განახლებულია: 09.12.2025].
30 განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესახებ. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/404611? [განახლებულია: 09.12.2025].
31 იხ. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ [2025 წლის 16 ოქტომბრის რედაქცია] მე-8 მუხლის 25-ე ნაწილი.
32 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის №42/2012 დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“, მუხლი 2.
33 იხ. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ [2025 წლის 16 ოქტომბრის რედაქცია] 77-ე მუხლის 28-ე ნაწილი. ასევე, იხ. ინიციირებული „საქარველოს საარჩევნო კოდექსის“ 92-ე მუხლის 25-ე ნაწილი. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/404609? [განახლებულია: 09.12.2025].
34 იხ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება „საიამ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა საარჩევნო კომისიის უკანონო დადგენილების შესახებ“, 08.04.2025. ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/saias-sasamrtlo-megbris-mosazreba [განახლებულია: 09.12.2025]. ასევე, იხ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება საქმეზე N3/2533-25, 07.04.2025. ხელმისაწვდომია: https://admin.gyla.ge/uploads_script/news/tmp/phphjkPl9.pdf [განახლებულია: 09.12.2025].
35 ამომრჩევლის უფლებები და საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის ცალკეული ასპექტები, საინფორმაციო ბიულეტენი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, 2024.
გააზიარე: