სიახლეები
საიამ სასამართლო მონიტორინგზე დაყრდნობით მოამზადა ანგარიში: 2024-2025 წლებში აქციების კონტექსტში დაკავებული პირების პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკვირვების შედეგები. საია დააკვირდა 69 პირის 300-მდე სისხლის სამართლის სასამართლო სხდომას. მონიტორინგის მიზნებისთვის საქმეები შეირჩა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
· სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია სავარაუდოდ პოლიტიკური ან სამოქალაქო აქტივიზმის ნიშნით ადამიანების დევნასთან;
· რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებიდან (2024 წლის გაზაფხული) გამომდინარე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ პირთა საქმეები;
· 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი აქციების კონტექსტში დაკავებულ პირთა სისხლის სამართლის საქმეები.
საია მიიჩნევს, რომ ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია და სამართალწარმოების პრედომინანტური მიზანი განსხვავებულ აზრზე ანგარიშსწორებაა.
ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე
ძირითადი მიგნებები
სისხლის სამართლის საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკვირვება ავლენს, რომ აქტივისტების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენება, რაც მიმართულია არა მხოლოდ კონკრეტული შესაძლო დანაშაულის გამოვლენის და აღკვეთისკენ, არამედ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე ზეწოლისკენ, არის არა იზოლირებული უფლებადარღვევა, არამედ შეიცავს პოლიტიკური მოტივის / ფარული განზრახვის ელემენტს.
წარდგენილი ბრალი
აქტივისტებს ბრალი უმეტესად ედებათ ისეთი დანაშაულებისთვის, როგორებიცაა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა; აფეთქების მომზადება; პოლიციელზე თავდასხმა; ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით; სტრატეგიული ობიექტის ბლოკირების მცდელობა და სხვა.
აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება
სასამართლო თითქმის ყოველთვის, პირველ ეტაპზე, იყენებდა და შემდეგშიც, უმეტესად, უცვლელად ტოვებდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახეს - პატიმრობას. მოსამართლე აკმაყოფილებდა პროკურატურის შუამდგომლობას პატიმრობის შეფარდების
თაობაზე ბრალდებულების ისეთი გარემოებების მხედველობაში მიღების გარეშე, როგორებიცაა ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, მათი პიროვნება, საქმიანობა, ასაკი, ჯანმრთელობა, ოჯახური, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა.
საიას შეფასებით, აქტივისტებისთვის შეფარდებული დაუსაბუთებელი, გრძელვადიანი საპატიმრო ღონისძიება არ ემსახურება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნებს და მისი ამოცანაა აქციებში მონაწილეთა დასჯა ან/და მათზე ზემოქმედება.
საიას მიერ განხორციელებული სასამართლოს მონიტორინგის შედეგები, წლებია, ავლენს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება ყოველთვის მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში არ ხდება. პრაქტიკაში, ამ კუთხით იკვეთება ორი პრობლემური საკითხი: პატიმრობის შეფარდების მაღალი მაჩვენებელი და დაუსაბუთებელი პატიმრობის შემთხვევები.
არასათანადო მოპყრობის შემთხვევები
დაკავებულ დემონსტრანტთა 19% (13 პირი) პროცესზე უთითებდა არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე, რომლებიც, თავისი არსით, უთანაბრდება საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალულ და სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს (მათ შორის, გარემოებების მიხედვით, თითოეული შეიძლება გაუთანაბრდეს სსკ-ის 1441-ე, 1442-ე, 1443-ე მუხლებით გათვალისწინებულ წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას).
არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითეს: საბა სხვიტარიძემ, რევაზ კიკნაძემ, ნიკოლოზ კაციამ, ანატოლი გიგაურმა, დავით ხომერიკმა, დავით ლომიძემ, თემურ ზასოხაშვილმა, არჩილ მუსელიანცმა, ანასტასია ზინოვკინამ, არტემ გრიბულმა, თევდორე აბრამოვმა, ალექსანდრე ელისაშვილმა და მზია ამაღლობელმა.
ამასთანავე, რამდენიმე ბრალდებული საუბრობდა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე, როგორებიცაა: სიცხე და არასათანადო ვენტილაცია, საკანში ტარაკნების არსებობა, წყლისა და კანალიზაციის პრობლემა. რამდენიმე პატიმარი ასევე მიუთითებდა დაწესებულებაში არასაკმარის სამედიცინო დახმარებაზე.
არასათანადო მოპყრობის საქმეებზე გამოძიება ხასიათდება არაეფექტიანობით. თავის დროზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მისი გაუქმების შემდეგ (2025 წლის 1-ლი ივლისი) პროკურატურას არ გამოუვლენიათ პასუხისმგებელი პირები. მათ შორის, 13-იდან 12 პირს (საიას ინფორმაციით, დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ საბა სხვიტარიძეს აქვს) დაზარალებულადაც კი არ ცნობს პროკურატურა.
საჯაროობის პრინციპი
პირველ ეტაპზე საჯაროობა იზღუდებოდა ინდივიდუალური მოსამართლეების თვითნებობით ან/და პროცესების მცირე დარბაზში ჩატარებით, რაც დაინტერესებულ პირებს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას ართმევდა. შემდგომ მედიებს შეეზღუდათ პროცესების გაშუქება და გაუარესდა კანონმდებლობა სასამართლოს გამჭვირვალობის თვალსაზრისით.
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებით, დაუშვებელი გახდა: სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. გადაღებული
მასალების გავრცელება ასევე სასამართლოს დისკრეციის ფარგლებში მოექცა - მას შეუძლია, გაავრცელოს ან არ გაავრცელოს თავის ხელთ არსებული ფოტო, კინო და ვიდეო მასალები. ცვლილებებით, პრაქტიკულად, სრულად შეიზღუდა მედიის მიერ პროცესების გაშუქება. დათქმა,რომ სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე ტრანსლაცია, შეიძლება დაშვებული იყოს ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით, პრაქტიკაში არ ამუშავდა. არაერთი მედიასაშუალების მიმართვის მიუხედავად, მიეღოთ ნებართვა აქტივისტების სისხლის სამართლის საქმეების განხილვის გაშუქების თაობაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკუკავშირიც კი არ ჰქონია.
პრობლემები შეინიშნებოდა სხდომების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებითაც. დემონსტრანტების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ინფორმაცია ყოველთვის არ იყო განთავსებული სასამართლოს ვებგვერდსა ან/და სასამართლოს შენობაში ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ მონიტორზე.
საქმეთა გაჭიანურება
2024 წლის გაზაფხულის აქციების კონტექსტში დაკავებული პირების სისხლის სამართლის საქმეები ხელოვნურად ჭიანურდებოდა.6 შეინიშნებოდა დასკვნით ფაზაში არსებული საქმეების პროცესების დიდი ინტერვალით გადადების ტენდენცია. სხდომები, უმეტესად, 2 თვეში ერთხელ , პატიმრობის სავალდებულოდ გადასინჯვის აუცილებლობის გამო ინიშნებოდა, რაზეც დაცვის მხარის წარმომადგენლები მუდმივად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას. განხილვა დროულად არ სრულდებოდა იმ მოტივით, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქტივისტების შეწყალება თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში ვერ მოესწრო.
დაცვის უფლების შეზღუდვა
აქტივისტების მიმართ მიმდინარე საქმეებზე ერთ-ერთი გამოწვევა იყო, ზოგ შემთხვევაში, დაცვის უფლების შეზღუდვაც. თერთმეტი პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლემ ყველა ბრალდებულს უსაფუძვლოდ, სავალდებულო წესით დაუნიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი, მაშინ, როდესაც, ერთის გარდა, ყველა დანარჩენი ბრალდებულის ადვოკატები სხდომას ესწრებოდნენ და აცხადებდნენ, რომ არ სურდათ, მათ საქმეში ახალი ადვოკატის ჩართვა.
მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა საზოგადოებრივი ადვოკატების დანიშვნის კანონისმიერი საფუძვლები. პრევენციულად საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ასევე ბრალდებულსა და ადვოკატს შორის ნდობის ფაქტორი. ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება ნდობას. ბრალდებულთა მიერ სხდომაზე გაცხადებული პოზიციით, მათ ამ მიზნით ჰყავდათ კერძო, შეთანხმებით მოწვეული ადვოკატები.
ზემოაღნიშნული ფაქტი შეიძლება შეფასდეს, როგორც სასამართლოს უხეში ჩარევა ბრალდებულის დაცვის უფლებაში.
ზემოაღნიშნული ქმედება აჩენდა ეჭვს, რომ მოსამართლე ცდილობდა, 9-თვიან საპატიმრო ვადაში დაესრულებინა პროცესი ისე, რომ იძულებული არ გამხდარიყო, ვადის გასვლის გამო შეეცვალა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა.
მიმდინარე საქმეებში გამოიკვეთა თარჯიმნებთან დაკავშირებული პრობლემებიც. თარჯიმნის არაკვალიფიციურობა ან თარგმნის პროცესში გამოვლენილი არსებითი ხარვეზები პირდაპირ ზღუდავს ბრალდებულის უფლებებს, განსაკუთრებით, დაცვის ეფექტიანი განხორციელებისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვის თვალსაზრისით. როდესაც ბრალდებულს არ აქვს შესაძლებლობა, გაიგოს მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესის შინაარსი, მათ შორის,ბრალდების ფორმულირება, მტკიცებულებების შეფასება და მოწმეების ჩვენებები, იგი ვერც საკუთარი პოზიციის გამოხატვას ახერხებს და ვერც დაცვის მექანიზმებს იყენებს ადეკვატურად.
გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დაცვის მხარემ განმარტა, რომ თარჯიმნის მიერ განხორციელებული თარგმანი არ ემსახურებოდა ბრალდებულის ინტერესებს და ზოგჯერ იყო მნიშვნელოვნად არასაკმარისი ან არასათანადო. გამოწვევები უკავშირდებოდა როგორც თარგმნის ხარისხს, ასევე ნეიტრალურობისა და ეთიკური სტანდარტების დარღვევას, რაც არსებითი ბარიერი იყო პროცესში ბრალდებულის სრულფასოვანი მონაწილეობისა და დაცვის უფლების რეალიზებისთვის.
განაჩენები და სასჯელები
აქტივისტების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების მიდგომა, ძირითადად, მკაცრია, რაც, მათ შორის, გამოიხატება უმეტესად გამამტყუნებელ განაჩენებსა და ე.წ. საპატიმრო სასჯელებში.
აქტივისტების წინააღმდეგ მიმდინარე ყველა საქმის სასამართლო განხილვები დასრულდა (2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, პირველი ინსტანციის სასამართლოში განიხილება მხოლოდ ნინო დათაშვილის და 2 თებერვლის საქმეები).
ხაზგასასმელია, რომ გიორგი ახობაძის, თევდორე აბრამოვის და ნიკოლოზ კაციას გარდა, სასამართლომ ყველა პირი დამნაშავედ ცნო.
რამდენიმე საქმეზე სასამართლომ დაკავებულების მიმართ წარდგენილი ბრალდებები გადააკვალიფიცირა, კონკრეტულად, ანატოლი გიგაურის, ე.წ. რვა და თერთმეტპირიან საქმეებზე მოსამართლეებმა წარდგენილი ბრალდებები უფრო მსუბუქ მუხლებზე გადააკვალიფიცირეს, ხოლო ერთ შემთხვევაში, საბა სხვიტარიძის საქმეზე, თავად პროკურატურამ შეცვალა კვალიფიკაცია - ნაცვლად სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისა (რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს) მას ბრალი 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა.
ბრალი გადაუკვალიფიცირდა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელსაც - ნაცვლად სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლისა (პოლიციელსა ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა), მოსამართლემ განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) დაადგინა.
სასამართლომ რუსული კანონის პროტესტის დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებულ პირთა მიმართ სასჯელის სახედ 10-იდან 8-ს ე.წ. საპატიმრო სასჯელი განუსაზღვრა. რაც შეეხება ნოემბერ-დეკემბრის აქციების კონტექსტში დაკავებულ პირებს, ყოველგვარი გამონაკლისის
გარეშე, ყველა მსჯავრდადებულ პირს სასჯელის სახედ და ზომად ე.წ. საპატიმრო სასჯელი - ვადიანი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტების მიმართ მიმდინარე საქმეების სასამართლო განხილვებმა, რომლებიც ნარკოტიკულ დანაშაულებს უკავშირდებოდა, გამოავლინა, რომ, უმეტესად, საქმეში არ მოიპოვება ნეიტრალური მტკიცებულება, ხოლო, ზოგ შემთხვევაში, პროკურატურის მიერ ნეიტრალურ მოწმეებად წარმოჩენილი პირების ნეიტრალურობა ეჭვს იწვევს. გარდა ამისა, არ არის წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებები მაშინაც კი, როცა შესაძლებელი იყო გარე პერიმეტრზე არსებული იმ ვიდეოჩანაწერების გამოთხოვნა, რომლებშიც, სავარაუდოდ, ასახული იქნებოდა ჩხრეკა-ამოღების პროცესი.
ამასთანავე, ზოგიერთ საქმეში კითხვის ნიშნებს აჩენდა ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც ჩხრეკის ჩატარების პროცესს ასახავდა.
სისხლის სამართლის კანონმდებლობის ინსტრუმენტალიზება
2025 წლის 2 თებერვალს დაგეგმილი დემონსტრაციის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 31 იანვარს ცვლილება შეიტანა საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილებაში. შედეგად, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების ობიექტების ჩამონათვალს დაემატა ერთადერთი პუნქტი: „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები. ზემოხსენებული ცვლილებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდა „თბილისი მოლის“ მიმდებარედ, აღმაშენებლის გამზირის გადაკეტვისთვის. მოგვიანებით, ამ ცვლილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ 8 პირს ბრალი წარუდგინა.
მთავრობის დადგენილებაში ცვლილება ერთ დღეში შევიდა. ამ ცვლილებით, შესაძლებელი გახდა, სისხლისსამართლებრივად დასჯადი გამხდარიყო ქმედება, რომელიც ერთი დღით ადრე პასუხისმგებლობის საფუძველი არ იქნებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ზემოხსენებული აქცია დადგენილების ცვლილებამდე იყო დაანონსებული, ხოლო დადგენილება აქციამდე ერთი დღით ადრე შეიცვალა, დროის მცირე შუალედის გამო, საზოგადოებას არ მიეცა გონივრული ვადა, ყოფილიყვნენ ინფორმირებულნი.
დაგეგმილ აქციამდე 1 დღით ადრე მთავრობის დადგენილებაში მხოლოდ ერთი პუნქტის ჩამატება, რომელიც მოიცავს დაანონსებული აქციის ჩატარების ტერიტორიას, აჩენს ეჭვს, რომ „ქართული ოცნება“ ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და ცდილობს, ხელოვნურად ხელი შეუშალოს ადამიანის ფუნდამენტურ, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
სპეცრაზმელთა და მეთაურთა დაუსჯელობა
საგანგაშოა, რომ აქციების დროს აქტივისტების და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე არცერთი პირის მიმართ არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა. ამასთანავე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ, დემონსტრაციულად გამოხატა, რომ არ აპირებს საპოლიციო ძალადობის და არასათანადო მოპყრობის ეფექტიან გამოძიებას, ევროკავშირთან ასოცირების პროცესშინაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას.
გააზიარე: