GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

19 ნოემბერი, 202407:39

საჯარო წყაროების თანახმად, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენელების მიმართ ძალადობის შემთხვევებს. გავრცელებული ინფორმაციით, გადაღების დროს ხელი შეუშალეს და ფიზიკურად იძალადებს „მთავარი არხის“ ოპერატორ სერგი ბარამიძეზე, მას რამდენიმე პოლიციელი დაუპირისპირდა, დაუმტვრიეს კამერაც და შემოდგომ  დააკავეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია პუბლიკის ჟურნალიტის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ.[1]

დემოკრატიულ საზოგადოებაში მედია, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტი, სასიცოცხლო როლს ასრულებს.[2] საზოგადოებრივ ინტერესს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის და იდეების მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად გავრცელება მედიის წარმომადგენლების მნიშვნელოვან მოვალეობას წარმოადგენს, ხოლო საზოგადოებას, თავის მხრივ, გააჩნია მსგავსი სახის ინფორმაციის მიღების უფლება. მედიის „ძირითადი ფუნქცია“ ასევე მოიცავს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ხასიათის შეკრებებისა და მანიფესტაციების გაშუქებას და აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.[3] მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს როგორც აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების, ასევე, სამართალდამცავი პირების ქმედებების შესაფასებლად და, ამასთან, ხელი შეუწყოს ამ საკითხზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში.[4]

მსგავსი ღონისძიებები, რომლებითაც ხელი ეშლებათ ჟურნალისტებს თავიანთი სამუშაოს შესრულებაში, არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.[5] ამასთან, დაუშვებელია ჟურნალისტის და მედიის სხვა წარმომადგენლების აღჭურვილობის, მათ შორის, გადაღებული კადრების მიზანმიმართულად ჩამორთმევა ან/და დაზიანება.[6] მსგავსი ტიპის ქმედებები წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებით აკრძალულ პრაქტიკას და, შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ცენზურა. საერთაშორისო სტანდარტების მსგავსად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა, მათ შორის ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯად ქმედებასაც.

ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევაში, აუცილებელია, სახელმწიფომ უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა დასჯა გამჭვირვალე და სწრაფი პროცედურებით. სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ძალისხმევის გამოჩენა, მათ შორის, გამოძიების გაჭიანურება და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიუცემლობა აღვივებს დაუსჯელობის სინდრომს, ახალისებს ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ ძალადობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას.[7]

ამასთან გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მედიის წარმომადგენელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წინა წლებში დაწყებული ტენდენცია ,,რუსული კანონის“ ინიცირების შემდეგ საგრძნობლად გაუარესდა. კიდევ უფრო გახშირდა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევისა და ხელშეშლის შემთხვევები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება.[8] სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა და არაეფექტიანი გამოძიება, ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევებს.

საია მოუწოდებს:

·         საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - შეწყვიტოს  აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენების და მათი უკანონო დაკავების პრაქტიკა, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები.  აქციაზე მყოფ მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალოს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. დროულად გაასაჯაროოს დაკავებულ პირთა რაოდენობის და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია;

·         სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - დროულად გამოიძიოს მედიის წარმომადგენელების და დემონსტრანტების დაკავებისა და მათზე სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისს ფაქტები. ასევე, გატარებული ღონისძიებების შესახებ უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება.

 

საია აგრძელებს აქციაზე მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს, მათ შორის სწავლობს აქტივისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევებს.  ასევე, ამოქმედებულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ცხელი ხაზი - 577 070563. ჩვენი ადვოკატები უწყვეტ რეჟიმში მზად არიან დახმარება გაუწიონ აქციაზე დაკავებულ და დაზარალებულ პირებს.  

 

 



[1] პოლიციამ „პუბლიკის“ ჟურნალისტსა და „მთავარი არხის“ ოპერატორზე ფიზიკურად იძალადა, პუბლიკა, 19.11.24, ხელმისაწვდომია: https://publika.ge/policiam-publikis-djurnalistsa-da-mtavari-arkhis-operatorze-fizikurad-idzalada/. იხ. ჟურლანისტურ საქმიანობაში სავარაუდო ხელშეშლის ფაქტები: https://www.facebook.com/1649314348/videos/582184674496854/, https://www.facebook.com/givi.avaliani/posts/pfbid0365TLnYnuDNUq6fb2Zd3TfHd9U8iCo6Uek512GE52nVfiLg3XYgaiJ6CU3tMEPLbml?locale=ka_GE

[2] Fatullayev v. Azerbaijan, no. 40984/07, § 88, 22/04/2010.

[3] Najafli v. Azerbaijan, no. 2594/07, § 66, 02/10/2012.

[4] OSCE Representative on Freedom of the Media, Special Report: Handling of the media during political demonstrations, Observations and Recommendations, June 2007.

[5] Gsell v. Switzerland, no. 12675/05, § 49, 8/10/2009.

[6] OSCE Representative on Freedom of the Media, Special Report: Handling of the media during political demonstrations, Observations and Recommendations, June 2007.

[7] დაკარგულ თვალს მიღმა, 20-21 ივნისის მოვლენების სამართლებრივი შეფასება, საია, გვ. 67. ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/files/news/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%90.pdf.

სხვა სიახლეები