სიახლეები

2026 წლის 27 ივლისს თბილისში MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც ახალი “სახალხო მოძრაობის” დაფუძნების შესახებ განაცხადა. პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების მიხედვით აშკარაა, რომ აღნიშნული ჯგუფის მიზანი არაფორმალურად მოქმედება და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინება ან ფიზიკური ანგარიშსწორება იქნება. დაჯგუფების შემქმნელები იყენებენ ისეთ დეზინფორმაციულ, მადისკრედიტირებელ ლექსიკას, რომელიც ხშირია სახელისუფლებო და პრო-სახელისუფლებო ნარატივებში და აცხადებენ, რომ იწყებენ ბრძოლას “უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ”. 1
დაჯგუფების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ასევე აშკარად ჩანს დაჯგუფების ძალადობრივი ხასიათი (“თუკი შესაბამისი გარემოპირობები სხვა გზას არ დაგვიტოვებს, არც პატიმრობის შეგვეშინდება”). ამავე განცხადებაში ისინი მოითხოვენ ონისე ოქრიაშვილისაგან და სხვა იუმორისტებისაგან ბოდიშის მოხდას და პროკურატურისთვის მიმართვას, რათა პროკურატურამ არ მოითხოვოს ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის პატიმრობა.2 წინააღმეგ შემთხვევაში, ისინი ონისე ოქრიაშვილს და მის კოლეგებს ემუქრებიან. განცხადების მიხედვით: “წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კი მათ ნაბიჯებზე საზოგადოება რეაქციას დაინახავს, შემდეგ კი ვერ ახერხებს გაიაზროს, რომ წითელ ხაზებს კვეთენ, ქართველი ერის ღირსებას შემლახავ თითოეულ ქმედებასა და კომენტარზე მოვითხოვთ პასუხს"3
დაჯგუფებას განცხადება თანხვედრაშია ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მიერ უკვე არაერთხელ გამოხატულ, ძალადობის წამახალისებელ პოზიციებთან, მაგალითად, ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ღიად მოუწოდებს საზოგადოებას გამოხატვის კონტროლისაკენ და მიუთითებს ახალშექმნილი დაჯგუფების მიერ დაანონსებულ “მყისიერ რეაგირებაზე”. 4
მესამე პირების მხრიდან ძალადობა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე საქართველოში აქტიურად გამოიყენებდა როგორც 2024 წლის გაზაფხულის 5და ზამთრის საპროტესტო აქციების პარალელურად, 6 ასევე 2024 წლის საპროტესტო აქციების შემდგომ პერიოდში.7 ასეთი თავდასხმები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მხარდამჭერი განცხადებებით8 ან მოძალადეთა მიმართ პოლიციის არასათანადო რეაგირებით9 არის წახალისებული. ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის არაეფექტიანი გამოძიება პრობლემურია როგორც საპოლიციო, ასევე მესამე პირთა მხრიდან ძალადობის მიმართ. გარკვეულ შემთხვევებში, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ღიად გვევლინებიან მსგავსი კამპანიების ორგანიზატორებად. 10
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ცხადია, რომ სადამსჯელო დაჯგუფების შექმნა და მის მიერ მოქალაქეთა გამოხატვის კონტროლის დაანონსება მჭიდრო კავშირშია აქამდე ნორმალიზებულ სახელმწიფო ძალადობასთან. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის, შეკრებისა და სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ საკანონმდებლო მექანიზმების რეპრესიულ აღსრულებასთან ერთად, არაფორმალური ძალადობაც გამოიყენება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის არაფორმალური დაჯგუფებების შექმნა და მასში მონაწილეობა განსაკუთრებით საფრთხისშემქმნელია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ძალადობრივი, კანონგარეშე დაჯგუფებების შექმნის წინააღმდეგ არაერთ ნორმას შეიცავს და კრძალავს როგორც უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას, ასევე ასეთ ფორმირებაში გაწევრებას, მონაწილეობას ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელებას. 11 ასევე, აკრძალულია ორგანიზაციაზე ან პირზე თავდასხმის მიზნით მყარი შეიარაღებული ჯგუფის შექმნა და ხელმძღვანელობა (ბანდიტიზმი).12 აკრძალულია ისეთი საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნა/გაერთიანებაში მონაწილეობა, რომლის საქმიანობას თან ერთვის ძალადობა ადამიანის მიმართ. 13 ამასთან, ადამიანებზე თავდასხმის მიზნით დაჯგუფების შექმნა/მასში მონაწილეობა შესაძლოა წარმოადგენდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას/მასში მონაწილეობას. 14
მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ზომა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინონ ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობისთვის ადამიანებზე ძალადობის ან მათი დაშინების პრევენცია და აღკვეთა.
ამასთან სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, ისევე როგორც პრო-სახელისუფლებო მედიასაშუალებებმა უნდა შეწყვიტონ მადისკრედიტირებელი კამპანიებითა და დეზინფორმაციით ძალადობის წახალისების, მოძალადეთა მხარდაჭერისა ან ძალადობის სამიზნეთა “მონიშვნის” მათთვის ჩვეული პრაქტიკა.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოში 2024 წლიდან ადამიანების დაშინების, დევნისა და სისტემური წამების პარალელურად, ასევე კანონმდებლობით მათი უფლებრივი სივრცის მიზანმიმართული შევიწროებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობის ფონზე, სადამსჯელო რაზმების შექმნა განსაკუთრებით საგანგაშოა. როდესაც პრო-სამთავრობო მედია აქტიურად მონაწილეობს ადამიანების მიზანში ამოღებასა და დემონიზებაში, ეს შეიძლება ძალადობის წაქეზებისა და თანამონაწილეობის ნიშნებსაც ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფო ინსტიტუტების სტრატეგიული დუმილი და ფორმალურად, დროში გაჭიანურებული გამოძიება ქმნის იმგვარ ინსტიტუციურ გარემოს, რომელიც ამ ძალადობას პირდაპირ ხელს უწყობს.
1 ტაბულა, საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება, 27.07.2026, https://tabula.ge/ge/news/750431-sakartveloshi-chechnuri-tipis-arapormaluri
2 ონისე ოქრიაშვილი ძალადობრივი ტავდასხმის სამიზნე 2026 წლის 22 ივლისს გახდა. იხილეთ საიას გამოხმაურება ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით: https://www.gyla.ge/post/GYLA-oniseoqriashviliCase.
3 რუსთავი 2, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას - გიორგი ქართველიშვილი, 27.07.2026, https://rustavi2.ge/ka/news/359418
4 იხილეთ კავკასიის ფეისბუქ გვერდი, 27.07.2027, https://www.facebook.com/100064289905373/posts/1472171051602544/?mibextid=wwXIfr&rdid=jDFFyjdUh5K2BCBc#
5 საია, საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის რეინიციირებიდან 60 დღის განმავლობაში, 2024, გვ. 9. https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0.pdf_01722589845.pdf
6 საია, არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების ხელშეწყობით / მათი თანხმობით მოქმედებენ, 08.12.2024, https://www.gyla.ge/post/araformaluri-sadamsjelo-jgufebi-gyla-ganckhadeba,
7 საია ვანო თარხნიშვილზე თავდასხმას ეხმაურება, 07.07.2025, https://www.gyla.ge/post/tavdasxma-vanotarxnishvilze-saia, საია, აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა ქართული ოცნებისა და სახელისუფლებო მედიის მიერ შექმნილი და წახალისებული ძალადობრივი გარემოს შედეგია, 23.07.2026, https://www.gyla.ge/post/GYLA-oniseoqriashviliCase,
8 იმედი, დიმიტრი სამხარაძე: მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და, თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ!, 24.07.2026, https://imedinews.ge/ge/politika/447355/dimitri-samkharadze-minda-chemi-deputatis-mandati-gamovikeno-da-tu-niko-khurtsilavas-survili-iqneba-tavdebshi-davudge-rata-giraos-sanatsvlod-gaatavisuplon,
9 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასება, ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში 2025 წელს, 2025 წლის 10 დეკემბერი, გვ. 18. https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98%202025%20%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1.pdf
10 მაგალითად, 2024 წლის 31 მაისს, სოციალურ ქსელში ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ გაავრცელა ვიდეოების კოლაჟი, რომელშიც ჩანს, როგორ არის დაზიანებული სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ოფისები. სამხარაძე ფეისბუქ პოსტში ფაქტობრივად აღიარებს, რომ ეს ფაქტები მის მიერ არის ორგანიზებული და წერს: [...] ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით! [...]“. იხილეთ: საია, საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის რეინიციირებიდან 60 დღის განმავლობაში, 2024, გვ.19. https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0.pdf_01722589845.pdf
11 სსკ 223. ამ მუხლის მიზნებისათვის „უკანონო ფორმირება“ (ლაშქარი, გაერთიანება, რაზმი ან სხვა ჯგუფი) გულისხმობს ნებისმიერ ფორმირებას (გარდა სახელმწიფო ორგანოს გამგებლობაში არსებული ფორმირებისა), რომელიც შეიარაღებულია ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებით, ასაფეთქებელი მოწყობილობით, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერებით, ცივი იარაღით ანდა ისეთი მოწყობილობით ან საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად, თუ ასეთი ფორმირება დანაშაულებრივი მიზნით არის შექმნილი.
12 სსკ 224
13 სსკ 252
გააზიარე: