სიახლეები
2024 წლის 24 ოქტომბრის დილის საათებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩხრეკა-ამოღება ჩატარდა რუსული დეზინფორმაციის მკვლევრებთან სოფო გელავასა და, ასევე, ეთო ბუზიაშვილთან (Atlantic Council-ის თანამშრომლები), ამასთან, ბიზნესმენ ვასილ ტყეშელაშვილთან, სანდრო ცხადაძესთან, კომპანიასთან: Concentrix.
როგორც ამ ეტაპზე საჯარო წყაროებით ხდება ცნობილი, გამოძიება მიმდინარეობს სსკ 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდება); სსკ 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობა); 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ფულის გათეთრება).
გავნმარტავთ, რომ, რადგან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ადრესატების ნაწილის საქმიანობა, საჯაროდ არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, უკავშირდება რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას; და მათი საჯარო აქტივობებით დასტურდება არასახელისუფლებო სამოქალაქო პოზიციების ქონა, საია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტშიც აქტიურად დააკვირდება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებსა და მათთან დაკავშირებულ მოვლენებს. ამჟამად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით (14:00) და ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული პროცედურული გარანტიების დარღვევებთან მიმართებით აკეთებს შემდეგ შეფასებას:
როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული ჩხრეკა-ამოღების განჩინებები არ შეიცავდა ძებნის საგანს, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევაა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით: “ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელიც აღნიშნულია განჩინებაში ან დადგენილებაში. ასევე ამოღებულ უნდა იქნეს ინფორმაციის შემცველი ყველა სხვა ობიექტი, რომელსაც შესაძლოა მტკიცებულების მნიშვნელობა ჰქონდეს ამ საქმისათვის ან რომელიც აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულზე, აგრეთვე სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი”. ჩხრეკა-ამოღების დადგენილებაში მითითებული არ ყოფილა ჩხრეკის საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი ობიექტი, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს. ვინაიდან ჩხრეკა და ამოღება წარმოადგენს სერიოზულ ჩარევას ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებაში, ისინი უნდა ეფუძნებოდეს განჭვრეტად კანონს,1 ხოლო, ამ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც შიდა კანონმდებლობის იმპლემენტაციას უნდა უზრუნველეყო ინდივიდუალური დაცვა თვითნებური ჩარევისგან, საგამოძიებო მოქმედებას დაქვემდებარებულ მოქალაქეებს უნდა ჰქონოდათ ადეკვატური მითითება გარემოებებისა და პირობების შესახებ, რომლებშიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილი იყო მიემართა ასეთი ზომებისთვის.
საია წლებია საუბრობს, რომ, ზოგადად, პრობლემურია ჩხრეკა-ამოღების შესახებ განჩინებების დასაბუთების სტანდარტი და უმეტესად ისინი ერთმანეთის მსგავსი და შაბლონურია.2
ჩხრეკა-ამოღებისას ადვოკატზე წვდომისა და ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების უფლების შეზღუდვა
როგორც საჯარო წყაროებში ვრცელდება, ეთო ბუზიაშვილს და სანდრო ცხადაძეს არ მიეცათ ადვოკატთან კომუნიკაციის საშუალება. ჩხრეკისა და ამოღების ოპერაციების დროს ადვოკატის ყოფნის უფლება განიხილება მნიშვნელოვან პროცედურულ გარანტიად პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დასაცავად და სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. ამ მხრივ, საია მიიჩნევს, რომ უნდა იყოს დაცული სამართლებრივი გარანტიები ჩხრეკა-ამოღების დროს, მათ შორის, როდესაც ეს გონივრულად შესაძლებელია - ადვოკატის დასწრების უფლება, რათა თავიდან იყოს აცილებული უფლებამოსილების გადამეტება ჩხრეკა-ამოღების დროს და მოხდეს ამის დოკუმენტირება. როგორც საიასთვის ბუზიაშვილის ადვოკატისგან ცნობილია, ჩხრეკა-ამოღების დროს ბუზიაშვილის სახლში, ასევე, არ ყოფილა უზრუნველყოფილი მოწმეთა დასწრება და ვიდეო გადაღება. ბუზიაშვილისა და ცხადაძის შემთხვევაში, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოს მხრიდან უნდა დადასტურდეს, რომ უფლებამოსილმა პირებმა მიიღეს გონივრული ზომები იმისთვის, რომ უზრუნველეყოთ ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება, ამასთან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღებაც განხორციელდეს.
მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს: უზრუნველყონ, რომ ჩხრეკა-ამოღების ყველა ქმედება ჩატარდეს გამჭვირვალედ, სათანადო დოკუმენტაციით, სამართლებრივი ზედამხედველობით და ნეიტრალური მოწმეების თანდასწრებით ან ვიდეოჩანაწერით, რათა დაიცვან მოქალაქეები ძალაუფლების პოტენციური გადამეტებისგან. ასევე, სხვა საგამოძიებო მოქმედებებმა არსებითია დაკმაყოფილდეს ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების სტანდარტი.
მოვუწოდებთ სასამართლო ხელისუფლებას:
მკაცრად დაიცვას სამართლებრივი სტანდარტები, რომლებიც არეგულირებს ჩხრეკისა და ამოღების პროცედურებს, ასევე, ზოგადად, სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
1 SABER v. NORWAY, Application no. 459/18, 17/12/2020.
გააზიარე: