სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გერმანული ფონდის „პური მსოფლიოსათვის“(Bread for the World - BfdW) მხარდაჭერით, აცხადებს ზამთრის სკოლას სტუდენტებისთვის „გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები“.
დარგის ექსპერტები სკოლის ფარგლებში განიხილავენ გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, საკონსტიტუციო სამართალწარმოება გარემოს დაცვით საკითხებზე; გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა; ევროკავშირის წინაშე არსებული გარემოსდაცვითი ვალდებულებები; საერთაშორისო სამართალწარმოება და საერთაშორისო მექანიზმები გარემოს დაცვით საკითხებზე.
ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. სკოლაში მონაწილეობის მისაღებად წახალისებულნი არიან რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტები.
დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 21 იანვრის ჩათვლით უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა, ასევე, დამატებით, განმცხადებლის CV (რეზიუმე) უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე mabuladze@gyla.ge. მეილის სათაურში უნდა მიეთითოს „ზამთრის სკოლა“.
კონკურსის ეტაპები და გამარჯვებულთა გამოვლენა:
მონაწილეთა შერჩევა მოხდება ზამთრის სკოლის შესარჩევი კომისიის მიერ.
პირველი ეტაპი: წარმოდგენილი განაცხადის ფორმალური შესაბამისობის შემოწება კონკურსის მოთხოვნებთან; განაცხადთა შინაარსობრივი შეფასება და გადარჩევა; (შეფასების კრიტერიუმებია: ზამთრის სკოლის მიზნებთან და თემატიკასთან კონკურსანტის კვალიფიკაციის, ინტერესების და მოტივაციის თავსებადობა);
მეორე ეტაპი: გასაუბრება და გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეებს შესაძლოა მოეთხოვოთ CV-ში მითითებული გამოცდილების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენა.
ზამთრის სკოლა ჩატარდება 2024 წლის 12-16 თებერვალს. სკოლის ფარგლებში სრულად იქნება დაფარული ზამთრის სკოლის ხარჯები. კერძოდ, უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეების ტრანსპორტირება, სასტუმროში განთავსება და კვება.
კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: mabuladze@gyla.ge
გააზიარე: