GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

21 სექტემბერი, 2016

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს. ამ ეტაპზე გვსურს, საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ მიმდინარე პერიოდში, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, გამოკვეთილ დარღვევებსა და ტენდენციებზე, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განვითარდა და რომლებმაც, გარდა იმისა, რომ წარმოადგენენ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინონ თავისუფალ, მშვიდ  და თანასწორ საარჩევნო გარემოზე.

გამოკვეთილი დარღვევები და ტენდენციები:

  1. 19 სექტემბერს  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება 19 სექტემბერს, გამთენიისას, „ნაციონალური მოძრაობის“  აქტივისტების „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში შესვლასთან დაკავშირებით, რომელთაგან 2 წარმოადგენდა სევდია უგრეხელიძის შტაბის წევრს. კობახიძის განმარტებით, აღნიშნულ პიროვნებებს „ქართული ოცნების“ მაისურები ეცვათ და თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ. მათ მიზანს კი წარმოადგენდა ფაქტის ვიდეო გადაღება, იმის საჩვენებლად, რომ „ქართული ოცნების“ შტაბში იკრიბებოდნენ კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ იმ აქტივისტებმა, რომლებიც შტაბში იმყოფებოდნენ სამართალდამცველები გამოიძახეს და პოლიციამ ვითარება ადგილზე შეისწავლა.

 

იმავე დღეს, აღნიშნულ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სევდია უგრეხელიძემ უპასუხა და კობახიძის განცხადება ცრუ ბრალდებად შეაფასა. სევდია უგრეხელიძემ განაცხადა რომ აღნიშნული პირები შტაბიდან დათხოვნილ წევრებს წარმოადგენდნენ და ქმედების ჩადენის დროისთვის მათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ ჰქონდათ.

 

მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების, - 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.

 

  1. 13 სექტემბერს, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ირაკლი ოქრუაშვილის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა,  გორში,  შინდისის გზატკეცილზე მდებარე  №11, №13 და №15 კორპუსების მაცხოვრებლებს გადასცეს სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი. აღსანიშნავია, რომ პროდუქტის დარიგებამდე მოქალაქეებთან შეხვედრა ჰქონდა თავად გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს - ირაკლი ოქრუაშვილს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციის“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა - მამუკა ნოზაძემ, პროკურატურას მიმართა. პროდუქტის გადაცემის ფაქტს, ერთ-ერთი მოქალაქეც ადასტურებს.

 

  1.  მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 სექტემბერს პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმი“-ს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ოთარ ხარჩილავას დაფინანსებით და ამავე პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით, ქალაქ ფოთში  „ფერების ფესტივალი“ ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია და ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა კანდიდატის სააგიტაციო ფეისბუკ გვერდზეც გავრცელდა.

 

ფესტივალზე ფერადი ფხვნილები გაიცემოდა უფასოდ და ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი მსურველისთვის. ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც სრულწლოვანი, ისე - არასრულწლოვანი ადამიანები. ღონისძიების ორგანიზატორებს (მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ოთარ ხარჩილავას ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს) ეცვათ სააგიტაციო მაისურები. ღონისძიებაში მონაწილეობდა თავად კანდიდატი.

 

  1. ასევე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღეა ფოთის ქუჩებში ვრცელდება ფლაერები, რომელთა მიხედვითაც, პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმის“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ოთარ ხარჩილავას „ახალგაზრდული ფრთა“ იწვევს 17-დან 30 წლამდე ფოთელ ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებში (ექსკურსია, კარაოკე, ფოტოსესია და სხვა) მონაწილეობის მისაღებად. სტატიაში აღნიშნულია, რომ ხარჯებს სრულად „ეროვნული ფორუმი“ ფარავს.

 

  1. საიასათვის სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აწარმოებენ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) აღრიცხვას, თუმცა ისინი არ განმარტავენ აღნიშნული მონაცემების შეგროვების მიზანს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და დევნილი მოქალაქეები.

 

 

  •  სახელი, გვარი და პირადი ნომერი პირის პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს და მისი დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა.

 

  • პერსონალური მონაცემების შეგროვება წარმოადგენს ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირი ზემოქმედების განხორციელების საფრთხის შემცველ ტენდენციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მონაცემთა სუბიექტები სოციალურად დაუცველი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და დევნილი მოქალაქეები არიან.

 

  1. ასევე, საიას მონიტორებისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამეგრელოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა ერთ-ერთი ა(ა)იპ სამსახურის ყველა თანამშრომელს  2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 10-10 მხარდამჭერი ამომრჩევლის მიყვანა, ხოლო მანამდე კი ამ ადამიანების პარადობის მოწმობების ასლების მიტანა  დაავალა.

 

  1. 19 სექტემბერს გაზეთ გურია news-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ბელა შათირიშვილმა მონაწილეობა მიიღო სოფელ შუა ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ წინასაარჩევნო კამპანიაში სამუშაო საათების დროს.

 

საარჩევნო პროცესების მშვიდ, კონკურენტულ და  ძალადობრივი ქმედებებისაგან თავისუფალ გარემოში წარმართვის მიზნით  მივმართავთ რეკომენდაციებით სახელმწიფო უწყებებსა და საარჩევნო სუბიექტებს, კერძოდ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

უზრუნველყოს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული ყველა იმ ფაქტისა თუ შესაძლო დარღვევის დროული და სრულყოფილი გამოძიება, რომლებიც კანონმდებლობით მათ კომპეტენციაში შედის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შსს-მ დროული და ეფექტური გამოძიება აწარმოოს ამ დრომდე მომხდარ ყველა ამგვარ ფაქტზე და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს შემთხვევებს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს მუქარის, იძულების, დაშინების ან ძალადობის სხვადასხვა ფორმებს და საფრთხეს უქმნიდეს წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდ გარემოში წარმართვას; 

აუდიტის სამსახურსა და საარჩევნო ადმინისტრაციას:

თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება;

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის  უწყებათშორის კომისიას:

შეისწავლოს საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის სავარაუდო ფაქტები და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს:

დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და არ გასცდნენ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს:

არ დაუშვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა და ინსპექტორის საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები;

საარჩევნო სუბიექტებს, პარტიების წარმომადგენლებსა და აქტივისტებს:

თავი შეიკავონ ყოველგვარი პროვოკაციისა და ძალადობრივი ქმედებებისაგან და ხელი შეუწყონ წინასაარჩევნო პერიოდის სამართლებრივი ნორმების და სტანდარტების დაცვით წარმართვას.

მოქალაქეებს:

უფლება გაქვთ, არ გასცენ საკუთარი პერსონალური მონაცემები, ხოლო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს არ აქვთ უფლება, გაიძულონ ამგვარი ინფორმაციის გაცემა.

საარჩევნო დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში მოგვწერეთ საიას ვებ-გვერდზე: https://gyla.ge/ge/contact 

ასევე, შეგიძლიათ მობრძანდეთ საიას თბილისის ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში: აჭარაში (ბათუმი), გურიაში (ოზურგეთი), იმერეთში (ქუთაისი), ქვემო ქართლში (რუსთავი), კახეთში (თელავი), სამეგრელოში (ზუგდიდი), მცხეთა-მთიანეთში (დუშეთი), შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში (გორი) https://gyla.ge/ge/mod/regions

საიას დამკვირვებლების მიერ დაფისქირებული დარღვევების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ საინფორმაციო ბიულეტენში.

საია აგრძელებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას და პერმანენტულად მიაწვდის საზოგადოებას მონიტორინგის შედეგებს.

 

 

 

სხვა სიახლეები