GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

20 ივნისი, 2023

საია სასამართლოში იცავს 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დარბევის შედეგად დაზარალებული პირის ინტერესებს. მოსარჩელე, რომელიც აქციაზე მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, აქციის დარბევისას შეეცადა ცრემლსადენი აირის გარემოცვაში მყოფი მონაწილის დახმარებას, რა დროსაც მოხვდა მას რეზინის ტყვია თვალ-წარბის არეში. მხედველობის დაკარგვის გამო მოსარჩელეს ჩაუტარდა რამდენიმე სამედიცინო პროცედურა. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. სამართალდამცავების მხრიდან ძალადობით და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მოსარჩელეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებშიც მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5 წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით, ასევე შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე. გადაწყვეტილება ამ დროისთვის  კანონიერ ძალაში შესული არ არის.

ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი. ამასთან, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არაა ხშირი ამ მოცულობით მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევები. აღსანიშნავია ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩოს ოდენობის და მისი ფარგლების ნაწილშიც.

იმედს გამოვთქვამთ, მოსარჩელის მდგომარეობისა და საქმის შინაარსის გათვალისწინებით, დროულად დასრულდება სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოება და მოსარჩელე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, უახლოს მომავალში შეძლებს გადაწყვეტილების აღსრულებას.

საიას დახმარებით 15-მდე პირმა უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე, - შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები. საიამ მოსარჩელეთა სახელით ასევე, მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც. ევროპულმა სასამართლომ საქმეების არსებითი განხილვა 2021 წლის 07 ივნისს დაიწყო. გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ.

საია ამ საქმეზე USAID PROLoG-ის მხარდაჭერით მუშაობდა

სხვა სიახლეები