სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად 30-მდე დაზარალებულის ინტერესებს იცავს როგორც საგამოძიებო უწყებაში, ისე - სასამართლოში. დაზარალებულთა შორის არიან ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე უშუალოდ აქციის მონაწილეები და აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევითი გამვლელები.
ამ დროისთვის საიას დახმარებით 2 პირია ცნობილი დაზარალებულად გენერალური პროკურატურის მიერ და 6 ადამიანის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია სარჩელები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. სასამართლოში დაზარალებულები სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის გამო მატერიალური ან/და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მათ აქციის დაშლისას გამოყენებული ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების შედეგად მიიღეს დაზიანებები. რამდენიმე მოსარჩელემ რეზინის ტყვიის მოხვედრის გამო დაკარგა ან მნიშვნელოვნად გაუუარესდა მხედველობა, რამაც მათი შრომისუნარიანობის შეზღუდვა გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე დაიწყო წარდგენილი სარჩელების განხილვა და პირველი საქმის განხილვის ზეპირი სხდომა ჩანიშნულია 22 თებერვალს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროისთვის წარდგენილ შესაგებლებში სადავოდ ხდის ზიანის დადგომაში სამინისტროს ბრალეულობას და აცხადებს, რომ პოლიციელთა მხრიდან უკანონოდ გამოყენებული ძალის და რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის ფაქტი საგამოძიებო უწყებებმა უნდა გამოიძიონ.
თავის მხრივ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიების დაწყებიდან დღემდე მხოლოდ ერთი სამართალდამცავისთვის მოხდა ბრალის წაყენება იმ დაზარალებულების საქმეში, რომელთა ინტერესებსაც საია იცავს. ამ დრომდე 2 პირის გარდა ყველას ეთქვა უარი როგორც გენერალური პროკურატურის, ასევე სასამართლოს მიერ დაზარალებულად ცნობაზე. დაზარალებულად ცნობილ პირებს კი, სრულად არც მიეცათ საქმის მასალების გაცნობის უფლება, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს გამოძიების ეფექტიანობის მიმართ.
საია იმედოვნებს, რომ სასამართლო დროულად განიხილავს საქმეებს და წარდგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
გააზიარე: