GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

03 იანვარი, 202517:59

შპს “საქნახშირი” ისედაც მძიმე სოციალურ რეალობასა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში დასაქმებულ პირებს სამსახურიდან ათავისუფლებს, მათ შორის, ქართული ოცნების საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირების გამო.  

საია შეხვდა იმ დასაქმებულების ნაწილს,  ვისაც აღნიშნული პროცესები შეეხო. აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის ფორმალური საფუძვლით დაწყებულ გათავისუფლების პროცესს დასაქმებულები უკავშირებენ მათ მიერ „ქართული ოცნებისადმი“ დაფიქსირებულ კრიტიკულ მოსაზრებებსა  და პოლიტიკურ აქტიურობას. მაგალითად, ერთ-ერთ გათავისუფლებულს საქნახშირის დირექტორმა  შეხვედრისას გათავისუფლების მიზეზის შესახებ განუმარტა, რომ ,,ყველაფერი დააბრალოს მის მიერ გაზიარებულ პოსტებს". აქ სწორედ ზემოაღნიშნული ტიპის გამოხატვა იგულისხმებოდა.  ასევე, ერთ-ერთი გათავისუფლებული, რომლის ინტერესებსაც საია სასამართლოში დაიცავს, 2010 წლის აპრილიდან დასაქმებულია შახტაში. იგი გაათავისუფლეს ნახშირმომპოვებელი უბნის სამთო ოსტატის პოზიციიდან. დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში ის კეთილსინდისიერებითა და პროფესიონალიზმით ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში რაიმე სახის შენიშვნაც კი არ აქვს მიღებული და ისიც გათავისუფლებას მის განსხვავებულ მოსაზრებებს უკავშირებს. 

მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,საქნახშირის“ გადაწყვეტილების (ე.წ. რეორგანიზაციის) შედეგად ტყიბულში ათეულობით ადამიანი სამსახურის, ხოლო მათი ოჯახები, ხშირ შემთხვევაში შემოსავლის ერთადერთი წყაროს, გარეშე დარჩნენ, საქნახშირის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 27 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “საქნახშირში” რეორგანიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდა. 

გვინდა, საზოგადოებას მივაწოდოთ ამ ეტაპზე საიას ხელთ არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დარღვევებია „საქნახშირის“ მიერ ინიცირებულ პროცესში, რომელიც თანამშრომელთა რეორგანიზაციის ფორმალური საფუძვლით გათავისუფლებას, მათ შორის, მათი „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკული  დამოკიდებულების გამო, უკავშირდება. კერძოდ: 

3 თვის წინ შპს ,,საქნახშირში“ რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო იმგვარად, რომ დასაქმებულებისათვის გაუგებარი იყო, რას უკავშირდებოდა რეორგანიზაცია, რას გულისხმობდა მიმდინარე პროცესი, ხოლო ნაწილი მათგანისათვის საერთოდ არ იყო ცნობილი მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ. 

  1.  გასაუბრების შესახებ შეტყობინება

რეორგანიზაციის პროცესის ფარგლებში 2024 წლის 09 დეკემბერს შპს ,,საქნახშირის“ დირექტორის წერილით დასაქმებულები მიიწვიეს კომისიის მიერ ჩანიშნულ გასაუბრებაზე. როგორც წერილშია მითითებული, გასაუბრება მიზნად ისახავდა ახალ საშტატო პოზიციებზე თანამშრომელთა შესაბამისობის დადგენას. გასაუბრების თარიღად მითითებულია: 12.12.2024 – 14.12.2024; დრო: 09:18:00. 

ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ დასაქმებულებს:

  1. არ მიაწოდეს ინფორმაცია, რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდებოდა მათი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასება;

  2. არ მიაწოდეს ინფორმაცია გასაუბრების გენერალიზებულ თარიღში ინდივიდუალური გასაუბრების დროის შესახებ. 

  3. შეტყობინებასა და გასაუბრებას შორის იყო მცირე დროითი შუალედი, 2 დღე. 

შპს საქნახშირში დასაქმებულ პირებს უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფდა მათთვის გადაწყვეტილების მიღების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოს. ამ შემთხვევაში, კრიტერიუმების და გასაუბრების სპეციფიკური დეტალების გაუცხადებლობა არღვევს აღნიშნულ სტანდარტებს. ეს სტანდარტები ასევე, გათვალისწინებულია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (ICESCR), რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ, და, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები. 

წერილის შინაარსიდან ჩანს, რომ ინფორმაცია გასაუბრების დროის შესახებაც კი ბუნდოვანი იყო, რაც ხელს უშლის დასაქმებულებს თავიანთი უფლებების დაცვაში და ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტებს.

კრიტერიუმების, პროცედურების და შეფასების მეთოდოლოგიის ბუნდოვანება  ეწინააღმდეგება, ასევე, გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებიც ბიზნესის სუბიექტებს ავალდებულებს, უზრუნველყონ პროცესების გამჭვირვალობა და დასაქმებულთა უფლებების დაცვა.

  1. დასაქმებულთა ნაწილის გამოუვალი მდგომარეობით გამოწვეული თანხმობა შემოთავაზებულ პირობებზე და ნაწილის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება

გასაუბრების შემდეგ, იმ ვითარებაში, რომ ზოგიერთ პირთან გასაუბრებაც არ ჩატარებულა, გაუგებარია, კომისიამ რა გადაწყვეტილება მიიღო, მიღებული გადაწყვეტილება რა კრიტერიუმებისა და მეთოდოლოგიის საფუძველზე მოამზადა და გადაწყვეტილებას რა დასაბუთება დაუდო საფუძვლად.  

როგორც საიასთვის მეშახტეებთან პირდაპირი კომუნიკაციისას გახდა ცნობილი, გასაუბრების შემდეგ, დასაქმებულებს კომპანია სთავაზობდა ბუნდოვან პირობებს მხოლოდ ზეპირსიტყვიერად. კომპანიას ეს პირობები დასაქმებულებისთვის წერილობით არ უცნობებია. ეს მიზანმიმართულად მოხდა, ვინაიდან, მაგალითად, როდესაც ერთ-ერთმა დასაქმებულმა კომპანიის წარმომადგენელს შესთავაზა ადვოკატთან ერთად შეხვედრა და, ასევე, ითხოვა კომპანიისაგან შემოთავაზებული პირობების წერილობითი ფორმით გაცნობა, ამაზე მან უარი მიიღო. 

მეტწილად ნათლად იკვეთება  ორი პირობა:

  1. სამი თვის კომპენსაცია და შემდეგ კომპანიის მიერ გახსნილ ახალ შახტაში დასაქმება

ამ პირობის რეალისტურობა დასაქმებულებისათვის ბუნდოვანია. მათი განმარტებით ახალი შახტის გახსნაზე სამუშაოები არც კი მიმდინარეობს და ამასთან, კომპანია ვერ ახერხებს, არა თუ ახალი შახტის გახსნას, არამედ ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხო  სამუშაო პირობების შექმნას უკვე არსებული ძიძიგურისა და მინდელის შახტებში.

  1. ოთხი თვის კომპენსაცია და შეთანხმების საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა

კომპანიის მიერ შექმნილი პირობებისა და თავიდან დასაქმების ბუნდოვანი პერსპექტივის გამო, დასაქმებულების უმრავლესობა იძულებული გახდა დათანხმებულიყო ოთხი  თვის კომპენსაციის მიღებასა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

დასაქმებულთა ნაწილს კი, 2024 წლის 27 დეკემბერს ჩაბარდათ შპს ,,საქნახშირის“ გენერალური დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

მოცემულ შემთხვევაში, შპს საქნახშირი მხოლოდ ფორმალურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უთითებს გათავისუფლების საფუძვლად რეორგანიზაციას და კომპანიის მხრიდან დღემდე არ მომხდარა რეორგანიზაციის პროცესის შესახებ სრულყოფილი განმარტება. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას. კერძოდ,  საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დასაქმებულთა უფლებებს.

საქნახშირის პასუხისმგებლობა

ტყიბულში მეშახტეების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი ცხადად იმეორებს ქვეყანაში განსაკუთრებით 2024 წლის 28 ნოემბრიდან იმ მზარდ რეპრესიულ პრაქტიკას, სადაც სამსახურის დატოვება დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ კრიტიკული აზრის დაფიქსირებასთან. შპს „საქნახშირი“, კომპანია, რომლის სახელი მშრომელების უფლებების დარღვევას  უკავშირდება, კიდევ ერთხელ ქმნის ადამიანის უფლებების საუარესო პრეცედენტს. კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას იმ ფონზე, როდესაც „საქნახშირი“ ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და სამართლიანობას ზემოაღნიშნულ პროცედურებში. დასაქმებულებს არ მიეწოდათ ნათელი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებით და რა დეტალებით მოხდებოდა მათი შეფასება. კომპანიის მხრიდან შრომის და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების (მაგ. დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევა პირდაპირ უქმნის საფრთხეს ადამიანების ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც.


სხვა სიახლეები