GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

13 მარტი, 2019

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2016 წლიდან თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ადევნებს თვალს და საზოგადებას პერიოდულად აწვდის ინფორმაციას.[1] საუბარია, სახელმწიფოსა და შპს ინტერნეიშენალ ივენთს შორის 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების დეტალებზე, რომელიც შპს “თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“, 100%-იანი წილის მართვის უფლებით 49 წლით გადაცემას გულისხმობს.  

მიმდინარე წლის თებერვალში საიამ განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და კომპანიის მხრიდან, სახელწიფოს წინაშე არსებული დავალიანების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. სააგენტოს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანხმად, 2019 წლის თებერვლის მონაცემებით, შპს  ინტერნეიშენალ ივენთს  სახელმწიფოს მიმართ, მართვის საზღაურის და პირგასამტეხლოს სახით  3,115,146 ლარის და 177,102 აშშ დოლარის დავალიანება ერიცხება.

აღნიშნული დავალიანება მოიცავს პერიოდს 2010 წლის 1 იანვრიდან დღემდე.

საიას ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 4 იანვარს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, წერილობით მიმართა შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ და აცნობა, რომ სააგენტო იყენებდა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების „6.2.“ პუნქტს და კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ცალმხრივად წყვეტდა.

შესაბამისად, კომპანიისთვის განცხადების ჩაბარების მომენტიდან, მხარეებს შორის ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება.

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს ზემოთ აღნიშნული წერილის კომპანიისთვის ჩაბარების მომენტიდან, ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლებოდა, შპს „ინტერნეიშენალ ივენთსმა“, წერილობით მიმართა საქართველოს მთავრობას, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და სრულიად უსაფუძვლოდ მოითხოვა შემდეგი:

- პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება;

- მართვის საზღაურის, 250,020 ლარის - 100,000 ლარამდე შემცირება;

- არსებული დავალიანების გადახდის 9 წლიან გრაფიკზე გადანაწილება;

- 100 ადგილობრივი ღონისძიების ნაცვლად, 60 ადგილობრივი ღონისძიების ჩატარება.

საიასთვის უცნობია, თუ რა გაგრძელება მოჰყვა მთავრობის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სახელზე, კომპანიის მიერ გაგზავნილ განცხადებას. მაგრამ ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 1 მარტს, სააგენტომ, საიას სახელზე გამოგზავნილ წერილში, ღიად აღნიშნა - კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვეტილი არ არის. თუმცა, იურიდიულად, შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“  ხელშეკრულება 2019 წლის 4 იანვრიდან არის შეწყვეტილი. შესაბამისად, შესაძლოა ამ პროცესში ადგილი ჰქონოდეს გარკვეულ არაფორმალურ კომუნიკაციას, რომლის მიზანსაც თბილისის საკონცერტო დარბაზის, შპს „ინტერნეიშენალ ივენთსის“ მართვაში დარჩენა წარმოადგენს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ:

- სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პროცედურები, რომელიც „თბილისის სახელწიფო საკონცერტო დარბაზის“ სახელმწიფოს მართვაში დაბრუნებასთან არის დაკავშირებული;

- ასევე, დროულად და პროაქტიულად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, „თბილისის სახელწიფო საკონცერტო დარბაზის“ სახელმწიფოს მართვაში დაბრუნდების მიზნით გაწეული საქმიანობის შესახებ.

 

 


[1] მაგ. 2016 წ; 2017 წ; 2018 წ; 2018 წ;

სხვა სიახლეები