GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

18 ივლისი, 2011

რუსეთის ფედერაცია თავის ოფიციალურ განცხადებებში პირდაპირ უარყოფს მისი სამხედრო ძალების მიერ სამოქალაქო მოსახლეობაზე ან/და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის ფაქტებს. ამასთან, ამ დრომდე გამოგზავნილ ოფიციალურ წერილებში რუსეთის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ის იძიებს გენოციდისა და მასობრივი მკვლელობის საქმეებს მხოლოდ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირების მიმართ, რომლებიც არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და ასევე, რუსი სამშვიდობოების მიმართ. ცხადია, ასეთი პოზიცია იმთავითვე  გამორიცხავს ომის დროს რუსი და ოსი შეიარაღებული ძალების მიერ ეთნიკურად ქართველი პირების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სურვილს რუსეთის ფედერაციის მხრიდან.  

საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება 2008 წლის აგვისტოს თვეში საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს სამოქალაქო პირთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უკვე თითქმის 3 წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიებისა და მისი შედეგების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი როგორც უშუალოდ დაზარალებულები პირების, ასევე ფართო საზოგადოებისათვის. ცალკეულ შემთხვევებში დაზარალებული პირებისათვის არ არის ცნობილი,ჩატარებული იქნა თუ არა საქმეზე აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები. ეთნიკურად ოსი პირების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში რიგ შემთხვევებში გამოძიების მიერ არ არის უზრუნველყოფილი  დაზარალებული პირებისა და მოწმეების დაკითხვა. რიგ საქმეებზე ასევე სადავო ხდება გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხი. ამასთან, დაზარალებული მხარის არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, გამოძიების მიერ არ ხდება იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ეფექტიანი გამოძიებისთვის.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ ომის დანაშაულების ეფექტიან გამოძიებასა და დამნაშავე პირების დასჯას არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და დაზარალებული პირების უფლებრივი მდგომარეობის აღდგენის, ასევე, სახელმწიფოების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის და დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრის მიზნით.

რუსეთის ფედერაცია და საქართველო ვალდებული არიან მიიღონ ყველა ზომა, რათა მოხდეს 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა, მიუხედავად იმისა კონფლიქტის რომელ მხარეს მოხდა მათ მიერ ამ დანაშაულების ჩადენა.

ამასთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიცია მოუწოდებს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის სათანადო უწყებებს უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირებულობა მიმდინარე გამოძიებების განვითარებისა და შედეგების შესახებ.

როგორც ცნობილია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი აქვთ არა ერთი განაცხადი როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს  ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს შეეხება. ამასთან,  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიცია აქტიურად თანამშრომლობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებზე ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით.

 

სხვა სიახლეები