სიახლეები
2011 წლის 12 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თეა თადაშვილმა განიხილა ჟურნალისტების (შვიდი განმცხადებელი) ერთობლივ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.
მოსარჩელეები ”ნეტგაზეთის” ჟურნალისტები კონსტანტინე სტალინსკი და თამაზ კუპრეიშვილი, გაზეთ ”გურია ნიუსის” ჟურნალისტი ნატო გოგელია, შპს „გაზეთი ბათუმელები“, შპს „ჩოხატაურის მაცნე“, შპს „ახალი ამბები“ და შპს „რადიოცენტრი პლიუსი“ მოითხოვენ მოპასუხის მიერ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალდებულება/ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას და ზიანის ანაზღაურებას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გამო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი აღიარებენ სარჩელს ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ნაწილში. რაც შეეხება აპარატურის ნაწილში დავას, მათი განცხადებით პირვანდელი მდგომარეობის სახით ზიანის ანაზღაურება შეუძლებელია, რადგან შსს არა აქვს შესაძლებლობა დააბრუნოს ზუსტად ის ტექნიკა და ის ჩანაწერები, რომლებიც გააჩნდათ ჟურნალისტებს. უფრო კონკრეტულად, სამინისტრომ ცნო ჟურნალისტების კონსტანტინე სტალინსკის, თამაზ კუპრეიშვილის, ნატო გოგელიას სხეულის დაზიანების ფაქტები. ასევე, დადგენილად მიიჩნია „გაზეთი ბათუმელების“ მოთხოვნა ორი კამერის წართმევის გამო და შპს „ახალი ამბების“ სასარჩელო მოთხოვნა ერთ ფლიპ-ჩარტთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზაციის ჟურნალისტს 26 მაისის ღამეს წაართვეს სამართალდამცავმა პირებმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ნატო გოგელიას მოთხოვნა ტელეფონის წართმევის გამო მიყენებული ზიანის ნაწილში, ასევე შპს „ჩოხატაურის მაცნესა“ და შპს „ახალი ამბების“ ქონებრივი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტების მიერ წარდგენილ სარჩელზე საქმის განხილვა დღეს დასრულდა.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება 26 დეკემბერს 11:00სათზე გამოცხადდება.
მოსარჩელეთა ინტერესებს იცავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი.
გააზიარე: