GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

10 ოქტომბერი, 2013

საიას დახმარებით ნიგერიის მოქალაქემ საქართველოში ბინადრობის ნებართვა მიიღო

საიას თბილისის ოფისის ადვოკატის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნიგერიის რესპუბლიკის მოქალაქის ს.ა.ე.-ს სარჩელი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა, ხელახლა ემსჯელა მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეცვლილა არც სააპელაციო სასამართლოს მიერ და ის შევიდა კანონიერ ძალაში. 

სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, რის შედეგადაც მოსარჩელეზე ბინადრობის ნებართვა გაიცა.
 
საიას დახმარებით,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი საჯარო მოსამსახურე სამსახურში აღდგა და იძულებითი განაცდური აუნაზღაურდა
 
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსის ლ.ლ-ს ინტერესებს, რომელიც ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 28 ივნისის ბრძანებით უკანონოდ განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
 
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის   ყოფილი  უფროსის  სარჩელი სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის  18 სექტემბრის განჩინებით ასევე დაკმაყოფილდა საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატის განცხადება და დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაეცა სასამართლო გადაწყვეტილება ლ.ლ-ს სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
 
საიას დახმარებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის  ყოფილი საჯარო მოსამსახურე სამუშაოზე  აღდგა და იძულებითი განაცდური აუნაზღაურდა
 
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საირმის თემის ყოფილი რწმუნებულის  ნ.ბ-ს ინტერესებს, რომელიც ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 14 აგვისტოს ბრძანებით უკანონოდ განთავისუფლდა დაკავებული  თანამდებობიდან.
 
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის  04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ.ბ-ს სარჩელი სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
 
ცაგერის რაიონულმა სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატის განცხადება და დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაეცა სასამართლო გადაწყვეტილება ნ.ბ-ს სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
 
საიას დახმარებით არასრულწლოვნებს ალიმენტი დაენიშნათ
 
საიას დუშეთის ოფისის ადვოკატი მოსარჩელე მ.მ-ს სასარგებლოდ აწარმოებდა სამოქალაქო საქმეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში. ამავე სასამართლოს  გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხე-მ.ბ-ს, ორი არასრულწლოვანი შვილის, თ.ბ-ს და მ.ბ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 120 ლარის ოდენობით.
 
საიას დახმარებით მოქალაქე განთავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
 
მოქალაქე დ.კ. ქუთაისის საქალაქო  სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის დადგენილებით  ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით(წვრილმანი ხულიგნობა) და სანქციის სახით დაეკისრა ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით. მან საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 აგვისტოს დადგენილებით დ.კ-ს მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. სააპელაციო სასამართლომ სრულად  გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა დ.კ-ს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და საქმე შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
 
საიას გორის ოფისის დახმარებით, კიდევ ერთ მოქალაქეს მიენიჭა დევნილის სტატუსი
 
საიას გორის ოფისი სასამართლოში იცავდა ზ.ვ-ს და მისი ოჯახის წევრების ინტერესებს, რომლებიც ცხოვრობდნენ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩვენმა სახელმწიფომ დაკარგა კონტროლი სოფელ ხურვალეთის იმ ნაწილზე, სადაც ზ.ვ-ს საცხოვრებელი სახლი მდებარეობს.  ის  არ ექცევა საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებულად აღიარებული ტერიტორიის საზღვრებში, მაგრამ  მიუხედავად ამისა, ზ.ვ-ს  და მისი ოჯახის წევრებს არ ეძლევათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების და საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა. ზ.ვ-ს ოჯახი იმყოფება ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ყოფილი სამხრეთ ოსეთიდან  და აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები. ამის მიუხედავად, ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი პირებისაგან განსხვავებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტრომ მათ არ მიანიჭა  დევნილის სტატუსი.
 
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ სამინისტროს დაევალა განეხილა ზ.ვ-ს განცხადება დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.  სამინისტრომ ჩაატარა  ადმინისტრაციული  წარმოება  და 2013 წლის 16 სექტემბერს ზ.ვ-ს და მისი ოჯახის წევრებს გადაეცათ დევნილის მოწმობა. შესაბამისად, ისინი შეძლებენ ისარგებლონ იმ სოციალური შეღავათებით, რაც ამ სტატუსთან არის დაკავშირებული.
 
საიას დახმარებით არასრულწლოვნებს ალიმენტი დაენიშნათ
 
საიას გორის ოფისის ადვოკატი მოსარჩელე ნ.მ-ს სასარგებლოდ აწარმოებდა სამოქალაქო საქმეს გორის რაიონულ სასამართლოში. ამავე სასამართლოს  გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხე გ.კ-ს,  არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
 
საიას  დახმარებით, დევნილი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით-თავშესაფრით
 
საიას გორის ოფისი სასამართლოში იცავდა ჟ.ო-ს ინტერესებს, რომელიც 2008 წლის  რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელ ქურთაში და ცალკე კომლად იყო რეგისტრირებული. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით   მიენიჭა დევნილის სტატუსი.  ჟ.ო-მ  განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით- თავშესაფრით დაკმაყოფილება. სამინისტრომ  უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით ის რეგისტრირებული იყო შვილიშვილების საცხოვრებელ მისამართზე. ამ უკანასკნელთ კი, თავშესაფრის სანაცვლოდ უკვე აღებული ჰქონდათ ფულადი კომპენსაცია 10 000 (ათი ათასი) დოლარის ეკვივალენტი ლარში. შესაბამისად, სამინისტრომ ჟ.ო. მიიჩნია საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილად.
 
საიას გორის ოფისის დახმარებით,  ჟ.ო-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ზემოთ აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა. ქურთის მუნიციპალიტეტის  გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და გაიცა ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ჟ.ო. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა  სოფელ ქურთაში და ის ცალკე კომლად იყო რეგისტრირებული. შედეგად, 2013 წლის 17 სექტემბერს  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ჟ.ო . დაკმაყოფილებულ იქნა საცხოვრებელი ფართით ქალაქ რუსთავში.
 
საიას დახმარებით,  კიდევ  ერთი მოქალაქე განთავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
 
საია-ს აჭარის ფილიალის იურისტის დახმარების შედეგად ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა დ.შ-ს მიმართ. საქმე ეხება 2013 წლის 29 აგვისტოს ქ.ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრის, დ.შ-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ნარკოლოიგიური შემოწმების ცენტრში გადაყვანას და მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყებას. დ.შ. ქ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამაცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ შეჩერებული  და გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიური შემოწმების ცენტრში, სადაც მას დაუდგინდა ნარკოლოგიური ნივთიერების, მარიხუანისა და ამფეტამინის (ექსტაზის) მოხმარება.  
 
უნდა აღინიშნოს, რომ დ.შ-მ საქართველოს ტერიტორია 2013 წლის 04 აგვისტოს დატოვა და 25 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ქ. ბერლინში. სადაც მოიხმარა ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ანუ მას საქართველოს ტერიტორიაზე არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება. აღნიშნულ საქმეში სასამართლომ სრულად გაიზიარა საიას ადვოკატის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდარღვევის შემთხვევაში, არ მოქმედებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი, საქართველოს მოქალაქის მიერ საზღვარგარეთ ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომისათვის და საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით სამართალდარღვევას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას საქართველოს ტერიტორიაზე.
ამდენად, სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა და არ სცნო დ.შ სამართალდამრღვევად.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

სხვა სიახლეები