სიახლეები
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ცხინვალის რეგიონში დამძიმებულ ეპიდსიტუაციას ეხმიანებიან და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააძლიეროს მოლაპარაკებები ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმთან, ასევე გამოიყენოს საერთაშორისო პოლიტიკური მექანიზმები გადაადგილების თავისუფლების დროულად აღსადგენად და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.
როგორც ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, ცხინვალის რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა, მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ და ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში თავისუფალი ადგილები აღარ არის. მხოლოდ ერთ დღეში ცხინვალში ინფიცირების 57 შემთხვევა დადასტურდა. ცნობილია, რომ ვირუსი დაუდასტურდა დე-ფაქტო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტსაც. დე-ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბავშვთა საავადმყოფო კოვიდჰოსპიტლად გადააკეთოს. ცხინვალში სამედიცინო პერსონალიც არ არის საკმარისი გახშირებული შემთხვევების სამართავად და ექიმების ინფიცირების შემთხვევაში, მდგომარეობა კრიტიკული იქნება. ცხინვალის საავადმყოფოებს მედიკამენტების და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი უკვე აქვთ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვების მიუხედავად, ისინი მაინც ახერხებენ პაციენტების თბილისში გადაყვანას, რაც დე-ფაქტო ხელისუფლებასთან არის შეთანხმებული. წითელი ჯვრის წარმომადგენლის თქმით, 2020 წლის იანვრიდან ამ დრომდე 60 ადამიანის გადაყვანა უკვე მოახერხეს.
ამის მიუხედავად, ახალგორიდან პაციენტების თბილისში გადაყვანა კვლავ პრობლემურია. დაბაში 15 ოქტომბერს კიდევ ერთი ადამიანი, რუსული ენის მასწავლებელი, ვერა კოტოლოვა გარდაიცვალა, რომელსაც ვერც ახალგორის და ვერც ცხინვალის საავადმყოფოებში დროული სამედიცინო დახმარება ვერ გაუწიეს. დე-ფაქტო რეჟიმმა პაციენტის თბილისში გადმოსაყვანად ნებართვა მაინც არ გასცა და არც ნათესავებს ეძლევათ საშუალება დაკრძალვაზე ჩავიდნენ. როგორც ჩანს, ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება შერჩევითად და კორუფციული გზებით იღებს გადაწყვეტილებას გადაადგილების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. გადაადგილების თავისუფლების უკანონო და დისკრიმინაციულ შეზღუდვებს ახალგორში ოცამდე ადამიანი ემსხვერპლა უკვე. ახალგორში ადამიანები წელიწადზე მეტია იზოლაციის და სოციალური კრიზისის პირობებში ცხოვრობენ. გადაადგილების თავისუფლების აღდგენას დაბაში როგორც ქართველები, ისე ოსები ითხოვენ.
ვირუსის გავრცელების მხრივ, სიტუაციის დამძიმების პირობებში ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე დროული ხელმისაწვდომობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება.
შექმნილი კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ
საქართველოს ხელისუფლებას:
- აწარმოოს ინტენსიური მოლაპარაკებები ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გადაადგილების თავისუფლების რეჟიმის გამარტივების მიზნით;
- გამოყოს საჭირო სამედიცინო რესურსები ცხინვალის რეგიონიდან გადმოყვანილი პაციენტების, მათ შორის კოვიდ-ინფიცირებულის, მკურნალობის მიზნით.
- შექმნას კომუნიკაციის ხაზები ცხინვალის რეგიონის სამედიცინო პერსონალთან ინფექციის მართვის და მკურნალობის გამოცდილების გაზიარების მიზნით.
- ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან ცხინვალის რეგიონისთვის მედიკამენტების და დამატებით სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების მიზნით.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას:
- ინტენსიურად აწარმოონ პირდაპირი მოლაპარაკებები ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გადაადგილების თავისუფლების აღსადგენად;
- გამოყონ შესაბამისი რესურსები პაციენტების თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის მიზნით;
- ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან ცხინვალის რეგიონისთვის მედიკამენტების და დამატებით სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების მიზნით.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
გააზიარე: