სიახლეები
საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ,,პარტიზანული მებაღეობის“ წევრების ინტერესებს, რომლებიც სასამართლოში ასაჩივრებდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის ფაქტს და მოითხოვდნენ მისცემოდათ შესაძლებლობა, ქ. თბილისის მერიის წინ, სკვერში, მათ მიერ შერჩეულ ადგილას განეთავსებინათ კარავი.
თბილისის მერიამ აქციის მონაწილეებს კარვის დადგმის შესაძლებლობა 25 აგვისტოს არ მისცა და შეზღუდვის დაწესების მიზეზად სხვადასხვა გარემოება დაასახელა: ხეების მორწყვაში ხელის შეშლა; შენობის ბლოკირება; მერია ასევე მიუთითებდა, რომ ადგილი, რომელზეც აქციის მონაწილეებს კარვის განთავსება სურდათ, წარმოადგენდა ,,არაშესაფერის ადგილს თავად მოსარჩელეთა ინტერესების გათვალისწინებით“ და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შექმნოდა, ,,რადგანაც აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია ელექტროსადენები, სარწყავი სისტემა და მწვანე ყვავილების ნარგავები“.
სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის მერიის პოზიცია და განმარტა, რომ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროისა, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას, რაც შესაძლებლად მიიჩნევს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობას“. სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის მერიის მიერ ,,ვერ იქნა დასაბუთებული ის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა ძირითად უფლებაში ჩარევას, ასევე, ვერ იქნა დადასტურებული აღნიშნული ჩარევის აუცილებლობა, რაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების (ქმედების), რომლითაც მოსარჩელეებს შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ კარვის განთავსების შესაძლებლობა, უკანონოდ ცნობის და მოპასუხისთვის ქმედების - მოსარჩელეებს მიეცეთ შესაძლებლობა განათავსონ კარავი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ, მოსარჩელეთა მიერ შერჩეულ ადგილზე (ადგილი, სადაც მოსარჩელეებს 2016 წლის 25 აგვისტოს ჰქონდათ კარვის განთავსების მცდელობა) განხორციელების დავალების საფუძველია.“ შესაბამისად, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნები.
საქმე მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ სასამართლომ გაიზიარა საია-ს ადვოკატის არგუმენტაცია ანალოგიის წესით საქმის განხილვისათვის 2 დღიანი ვადის გამოყენებასთან დაკავშირებით.
გააზიარე: