სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანებიან

2013-03-11 04:16
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის" მიესალმებიან ვენეციის კომისიის მოსაზრებებს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმირებას ისახავს მიზნად.
 
მართალია, ვენეციის კომისიის დასკვნის ოფიციალური ვერსია ჯერ გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ გავრცელებული ინფორმაცია იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ზემოაღნიშნული კანონპროექტის ძირითადი არსი და სულისკვეთება მოწონებულია, რაც ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის დიდი ნაწილი ასახავს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს  ბოლო წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში არსებული სერიოზული პრობლემების შესწავლის შედეგად დაუგროვდათ. ამ რეკომენდაციების კანონად ქცევის შემთხვევაში გაიზრდება ინდივიდუალური მოსამართლის როლი; ჟურნალისტებს ექნებათ მათთვის საინტერესო სასამართლო პროცესების ტრანსლაციის შესაძლებლობა; მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაციის მიმართულებით, რადგან არც პრეზიდენტს ექნება წევრების დანიშვნის უფლება  და არც დეპუტატებს ექნებათ  შესაძლებლობა გახდნენ საბჭოს წევრები; გაიზრდება მოსამართლეთა თვითმმართველობის როლი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება ექსკლუზიური უფლებამოსილება დაასახელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები - ეს უფლება ექნება თითოეულ მოსამართლეს და მოსამართლეთა კონფერენცია ფარული კენჭისყრით აირჩევს მისთვის სასურველ კანდიდატებს და ა.შ. 
 
როგორც ირკვევა, ყველა აღნიშნული სიახლე ვენეციის კომისიის მიერ დადებითად არის შეფასებული. ამასთან, არსებობს საკითხი, რომელმაც საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და პოლიტიკური დისკუსიის საფუძველი გახდა. კერძოდ, გადასაწყვეტია, ვადაზე ადრე სრულად უნდა შეუწყდეს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას უფლებამოსილება? ზემოთ მითითებული კანონპროექტის თანახმად, უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება ყველა წევრს. საკითხის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა საპარლამენტო უმცირესობას, რომელიც საბჭოს არც ერთი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ემხრობოდა.
ვფიქრობთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვენეციის კომისია საქართველოს იმ მოდელს სთავაზობს, რომელიც ყველაზე უფრო მეტად მიახლოებულია არასამთავრობო სექტორის პოზიციასთან და რომელსაც კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ: უმჯობესი იქნება თუ უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეუწყდებათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც მოსამართლეთა კონფერენციის მეირ არიან არჩეულნი და არ ახორციელებენ ადმინისტრაციულ ფუნქციებს.
 
მიგვაჩნია, რომ ვენეციის კომისიისა და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის პოზიციების გათვალისწინებით, უნდა გამოინახოს იმის რესურსი, რომ ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი კანონპროექტი სასამართლო ხელისუფლების, მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის პოზიციების მაქსიმალურად დაახლოებისა და შეთანხმების გზით იქნეს მიღებული და არა მწვავე დაპირისპირების რეჟიმში. მისასალმებელია, რომ ამ მხრივ გარკვეული დადებითი ტენდენციები არსებობს და ჩვენის მხრივ, გამოვთქვამთ მზაობას, რომ ამ პროცესს შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყოთ.