სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დისკრიმინაციულ, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება

2024-09-20 09:53
Featured image

2024 წლის 17 სექტემბერს საქართველს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და მასთან დაკავშირებული ცვლილებების პაკეტი. აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, იწვევს ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას, აქტივისტურ, შემოქმედებით, მეცნიერულ საქმიანობაზე ცენზურის დაწესებასა და ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წახალისებას. საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ და სისხლისსამართლებრივ სანქციებს, რომლებითაც, ფაქტობრივად აქტივიზმის, სამეცნიერო და პროფესიული საქმიანობის და ჯანდაცვის გარკვეული ფორმების კრიმინალიზებას ახდენს.

კანონი მთლიანად ეფუძნება მცდარ, სიძულვილის შემცველ ნარატივებს, რითაც ფაქტობრივად, ახალისებს სიძულვილით მოტივირებულ ძალადობას.  

აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს, ასევე, ინიციირებული აქვს მსგავსი შინაარსის საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიღებაც საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ რიგ უფლებებს რეალურ შინაარსს გამოაცლის და თავად კონსტიტუციას აქცევს შეუსაბამოდ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან და თავისუფლებებთან, რომელთა დაცვაც კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებაა. 1

ქვემოთ წარმოდგენილია ის უფლებრივი საკითხები, რომლებიც მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებით ირღვევა: 

 

  • პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევა 

 

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა პირადი სფეროს მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით (პირადი ცხოვრების პატივისცემა) არის დაცული 2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც განსხვავებული მოპყრობა მხოლოდ პირის სექსუალურ ორიენტაციას ემყარება, სახეზეა დისკრიმინაციული მოპყრობა 3. ადამიანის უფლებათა სამართალში ისედაც არ არსებობს ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების აღიარების ვალდებულება, თუმცა  სახელმწიფო ვალდებულია ყველა ადამიანი უზრუნველყოს პირადი ცხოვრების დაცულობისთვის საჭირო მინიმალური გარანტიებით 4 . 

მაშინ, როდესაც საქართველოში ლგბტქი+ თემის წევრების პირადი ცხოვრების დაცულობა ისედაც მყიფე და პრობლემურია, პარლამენტი, მიღებული საკანონმდებლო პაკეტით, კიდევ უფრო უწყობს ხელს ლგბტქი+ ადამიანების სტიგმატიზაციას, აწესებს შეზღუდვებს, მათ შორის, ისეთ უფლებებზე, რომელთა დიდი ნაწილიც საქართველოში მცხოვრებ ლგბტქი+ ადამიანებს ისედაც არ გაჩნიათ და ცდილობს შექმნას მცდარი წარმოდგენა, თითქოს ოჯახური ღირებულებების დაცვა შეუთავსებელია ლგბტქი+ ადამიანების პირადი ცხოვრების დაცვასთან.  

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გენდრული იდენტობა, ასევე, წარმადგენს პერსონალური იდენტობის ნაწილს, რომელიც კონვენციის მე-8 მუხლის დაცვის ქვეშ ექცევა 5. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული ნორმები არამხოლოდ მნიშვნელოვნად აუარესებს ტრანსგენდერი ადამანების პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას, რომელიც ისედაც შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან 6 , არამედ, ასევე ახდენს ტრანს-სპეციფიური ჯანდაცვის ფორმების კრიმინალიზებას, როგორიცაა, მაგალითად ჰორმონოთერაპია. ასეთ სერვისზე წვდომის არარსებობამ შესაძლოა მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება გამოიწვიოს და სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკები შექმნას ტრანსგენდერი ადამიანებისთვის 7.

 

  • გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურა 

 

გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს შეუცვლელ პირობას ადამიანის თავისუფალი განვითარებისთვის და აუცილებელია ნებისმიერი საზოგადოებისთვის 8. ადამიანის უფლებების განხილვა, ისევე როგორც სახელოვნებო გამოხატვა, აღნიშნული ფუნდამენტური უფლების განუყოფელი ნაწილია 9. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლების დაცვა სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე, რაც მოიცავს აზრის გავრცელებისა და ინფორმაციის მიღების თავისუფლებას 10

კანონი, ფაქტობრივად, კრძალავს ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ლგბტქი+ საკითხებს შეეხება. აღნიშნული შეეხება როგორც აქტივისტურ, ისე შემოქმედებით, სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას. საფუძველს არის მოკლებული მსგავსი შეზღუდვის დაწესება არასრულწლოვანთა დაცვის მოტივით 11.

ეს შეზღუდვა გამოიწვევს მსუსხავ ეფექტს, აქტივისტების, ხელოვანების, მეცნიერების, სამდიცინო და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის. რუსეთში მსგავსმა აკრძალვამ უკვე გამოიწვია წიგნების, ფილმების, ხელოვნების სხვა ნაწარმოებების ბრუნვიდან ამოღება, არტისტებისა და მედიის გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვა, გამომცემლობებსა და ხელოვანებში თვითცენზურის გავრცელება სანქციების შიშის გამო 12. 

 

  • შეკრების თავისუფლების შეზღუდვა

 

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, არ არსებობს 13 არავითარი ორაზროვნება იმასთან დაკავშირებით, რომ ლგბტქი+ ადამიანებს აქვთ უფლება ღიად გამოხატონ თავიანთი სექსუალური ორიენტაცია და იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის, მათ შორის, შეკრებისა და მანიფესტაციის გზით, მაშინაც კი, როდესაც ამ უფლებების შესახებ კონსენსუსი არ არსებობს. ადამიანის უფლებების სულისკვეთებასთან შეუსაბამოა ისეთი რეალობა, როდესაც უმცირესობის მიერ 14 საკუთარი უფლებებით სარგებლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა იგი მიღებული უმრავლესობის მიერ. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი უმცირესობის შეკრებისა და გამოხატვის უფლებები არაპრაქტიკულ, თეორიულ მოცემულობად გადაიქცეოდა 15.

მაშინ, როდესაც საქართველოში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის კუთხით მნიშნელოვანი გამოწვევები არსებობს, ეს უფლება განსაკუთრებით მიუწვდომელია ლგბტქი+ ადამიანებისთვის 16. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ დაიცვას შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებული სტანდარტები, იგი ცდილობს ახალი შეზღუდვების მიღებას, რომელიც საქართველოში შეკრების უფლებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუარესებს.

 

  • სიძულვილით მოტივირებული ძალადობის წახალისება 

 

ლგბტქი+ ადამინები არიან ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი და სტიგმატიზირებული ჯგუფი საქართველოში 17. კანონი იწვევს ლგბტქი+ ადამიანების მიმართ არსებული მცდარი წარმოდგენების და სიძულვილის კიდევ უფრო გაძლიერებას 18.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა აქამდეც გამოირჩეოდა ჰომოფობიითა და ტრანსფობიით მოტივირებული ძალადობის მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულებით 19. მაგალითად, 2021 წელს ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ლგბტქი+ პირებზე განხორციელებული ძალადობის უპრეცედენტო მასშტაბზე ზეგავლენას ახდენს ხელისუფლების უმოქმედობა, რომელმაც  ვერ ჩაატარა დროული და ობიექტური გამოძიება თემზე წარსულში განხორციელებული თავდასხმების თაობაზე და მიუთითა საქმეზე ,,იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, რომელზეც სასამართლომ დარღვევა 2015 წელს დაადგინა. 

მაშინ, როდესაც ლგბტქი+ თემის წევრები ისედაც ხშირად განიცდიან ძალადობას როგორც ოჯახში, ისე ოჯახის გარეთ, ხოლო ტრანსგენდერი ადამიანები სიძულვილით მოტივირებული ძალადობის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან, ამგვარი დისკრიმინაციული საკანონმდებლო ინიციატივების შემოტანა და სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მცდარი, სიძულვილის შემცველი რიტორიკის გავრცელება კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ლგბტქი+ თემის წევრებს20. ამასთანავე, მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივების მავნე გავლენა სცდება საზოგადოების ცალკეული ჯგუფების ფარგლებს და იწვევს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას, მათ შორის, საზოგადოებაში სიძულვილით მოტივირებული ძალადობის წახალისებას21.

ჰომოფობიური/ტრანსფობიური საკანონმდებლო პაკეტის მიღების მომდევნო დღეს, 18 სექტემბერს, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობამ კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სიმძიმე. სამწუხაროდ, სახელმწიფო ბოლო პერიოდში წარმოებული სიძულვილის კამპანიით კიდევ უფრო ზრდის ქალების და ლგბტქი+ ადამიანების წინაშე არსებულ საფრთხეებს. მნიშვნელოვანია, საგამოძიებო უწყებებმა სწორად შეაფასონ სიძულვილის მოტივი და, ასევე, მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება, თუ რამდენად იყო სამართალდამცავი უწყებებისთვის ცნობილი ძალადობის ფაქტების შესახებ და რატომ ვერ მოხერხდა ფემიციდის მორიგი ფაქტის თავიდან აცილება. 

 

  • კანონის მავნე ზეგავლენა ბავშვების უფლებებზე

სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის დაკავშირება ბავშვების უფლებებზე თავდასხმასთან, წარმოადგენს აშკარა მცდელობას, რომ ადამიანის უფლებებისთვის დამახასიათებელი ენა გამოყენებული იყოს დისკრიმინაციული პოლიტიკის გასატარებლად, რაც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება22

მიუხედავად იმისა, რომ კანონის დასახელებაში სიტყვები ,,არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” არის გამოყენებული, იგი თავად აყენებს ბავშვებს სხვადასხვა უფლების დარღვევის რისკის, მათ შორის, ძალადობისა და ბულინგის მომეტებული საფრთხის წინაშე. აღსანიშნავია, რომ თავად გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმაც  მოუწოდა საქართველოს უარი ეთქვა მსგავსი შინაარსის მქონე კონსტიტუციური კანონის პროექტზე.23

 

მოვუწოდებთ:

 

საქართველოს პრეზიდენტს:

ვეტო დაადოს ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ცვლილებების პაკეტს. 

 

საქართველოს პარლამენტს:

უარი თქვას დისკრიმინაციულ, სიძულვილის გამაღვივებელ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებზე. თუ პრეზიდენტი ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ცვლილებების პაკეტს ვეტოს დაადებს, არ დაძლიოს იგი.

 

ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლებს:

არ გაავრცელონ სიძულვილის შემცველი, დისკრიმინაციული ნარატივები და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იზრუნონ თანასწორობის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის.

 


1 იხ. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლი.

2 CASE OF BEIZARAS AND LEVICKAS v. LITHUANIA, 41288/15, 2020, პარ. 109; CASE OF A.P., GARÇON AND NICOT v. FRANCE,  79885/12, 52471/13, 52596/13, 2017, პარ. 123.

3 CASE OF E.B. v. FRANCE, 43546/02, 2008, პარ. 93.

4 FEDOTOVA AND OTHERS v. RUSSIA, 40792/10, 30538/14 and 43439/14, 2023.

5 GARÇON AND NICOT v. FRANCE,  79885/12, 52471/13, 52596/13, 2017, პარ. 123.

6 A.D. and Others v. Georgia, 57864/17, 79087/1755353/19.

7 ILGA-Europe statement, 18.09.2024, https://www.ilga-europe.org/news/statement-the-president-of-georgia-must-not-sign-on-family-values-and-the-protection-of-minors-legislative-package-into-law/, [19.09.2024].

8 Human Rights Committee, General comment No. 34, para 2, https://www2.ohchr.org/english/bodies/hrc/docs/gc34.pdf, [19.09.2024].

9 იქვე, პარ 11.

10 Recommendation CM/Rec(2010)5 of the Committee of Ministers to member states on measures to combat discrimination on grounds of sexual orientation or gender identity, par 13-16, https://search.coe.int/cm/Pages/result_details.aspx?ObjectID=09000016805cf40a, [19.09.2024].

11 CASE OF ALEKSEYEV v. RUSSIA, 4916/07, 25924/08, 14599/09, 2010, პარ. 86.

12 Euronews, From museums to book publishing: How Russia's new anti-LGBTQ laws will impact culture, 2022 https://www.euronews.com/culture/2022/12/06/from-museums-to-book-publishing-how-russias-new-anti-lgbtq-laws-will-impact-culture, [19.09.2024].

13 CASE OF ALEKSEYEV v. RUSSIA, 4916/07, 25924/08 and 14599/09, 2010, პარ 84.

14 იქვე, პარ. 81.

15 იქვე.

16 მაგალითად იხ. CASE OF IDENTOBA AND OTHERS v. GEORGIA,  73235/12,  2015, ასევე CASE OF WOMEN’S INITIATIVES SUPPORTING GROUP AND OTHERS v. GEORGIA, 73204/13, 74959/13, 2021.

17 Communication from the Commission to the European Parliament, the Council, the European Economic and Social Committee and the Committee of the Regions, Brussels, SWD(2023) 697 final,  8.11.2023, 40.

18 Venice Commission, OPINION ON THE DRAFT CONSTITUTIONAL LAW ON PROTECTING FAMILY VALUES AND MINORS, CDL-AD(2024)021, 2024, 13, https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2024)021-e [19.09.2024].

19 მაგალითად, დღემდე არ არიან დასჯილები 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები.

20 საია, სახელმწიფოს რეაგირება გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე საქართველოში კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი, 2024, 60-61.

21 იქვე.

22 European Parliament resolution of 8 July 2021, para. 17. https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-9-2021-0362_EN.html, [19.09.2024].

23 Committee on the Rights of the Child, Concluding observations on the combined fifth and sixth reports of Georgia, 30.05.2024, CRC/C/GEO/CO/5-6, par. 16. https://documents.un.org/doc/undoc/gen/g24/088/87/pdf/g2408887.pdf, [19.09.2024].