GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

29 დეკემბერი, 2020

26 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო საია-ს საქმე ვასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, თუმცა, სასამართლომ განჩინებაში მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სათანადო დასაბუთების გარეშე ადმინისტრაციული წესით დაკავების მაქსიმალური ვადის გამოყენება უკანონოა. შესაბამისად, დაკავების საფუძვლის ამოწურვისთანავე, დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, მიუხედავად იმისა, ამოწურულია თუ არა დაკავების მაქსიმალური ვადა. 

ამ საქმეში სადავოდ იყო გამხდარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული დაკავების ზოგად ვადებს. კერძოდ, დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს, ხოლო თუ ადმინისტრაციული დაკავების ვადა ემთხვევა არასამუშაო დროს, პირი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე, რა შემთხვევაშიც პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება. ასეთი მიზნებია – ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთა, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები; ბ) პიროვნების დადგენა; გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პირის დაკავების საფუძველი ამოწურულია, თუმცა ვინაიდან არ არის გასული დაკავების მაქსიმალური ვადა, უფლებამოსილი ორგანო არ ათავისუფლებს დაკავებულ პირს. აღნიშნული პრაქტიკიდან გამომდინარე, საია-ს მიაჩნდა, რომ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისა და პიროვნების დადგენის მიზნით დაკავებაზე უფლებამოსილ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას დაკავების მაქსიმალურ ვადად გამოიყენოს 247-ე მუხლში მოცემული მაქსიმალური ვადები, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ (ადამიანის თავისუფლების უფლება) პუნქტს და არაკონსტიტუციურად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არ მიიღო არსებითად განსახილველად, საქმეზე გაკეთებული განმარტება სრულად შეესაბამება სარჩელის მიზნებს.  საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ: „[ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლში]დასახელებული მიზნები პირის ადმინისტრაციულ დაკავებას ლეგიტიმურობას სძენს არა მხოლოდ უშუალოდ დაკავების მომენტში, არამედ თავისუფლების შეზღუდვის სრული პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, იმისთვის, რათა პირის ადმინისტრაციულმა დაკავებამ უპასუხოს კანონიერების მოთხოვნას, აუცილებელია, რომ ადმინისტრაციული დაკავების კანონით გათვალისწინებული მიზანი არსებობდეს პირის დაკავების მომენტიდან მის გათავისუფლებამდე. დასახელებული მიზნის მიღწევის შემდეგ პირის თავისუფლების შეზღუდვა, ადმინისტრაციული დაკავებისთვის კანონმდებლობით დადგენილი მაქსიმალური ვადის გასვლამდე, თვითმიზნურ ხასიათს ატარებს“.

საია იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება ხელს შეუწყობს თვითნებური დაკავების პრაქტიკის აღმოფხვრას და ადმინისტრაციული დაკავება აღარ იქნება გამოყენებული დაუსაბუთებლად, მაქსიმალური ვადით. 

 

ამ საქმეს საია USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით 

სხვა სიახლეები