სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულა საქართველოში

2016-11-22 10:54
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფარგლებში ერთობლივად მოამზადა სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, რომელიც 2016 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წარედგინება საქართველოს მთავრობას.

პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულების, კორუფციის პრევენციის სამოქმედო გეგმის ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით. პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია სახელმწიფოს საწარმოების დაფუძნების, მართვის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტების შეთავაზება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

პოლიტიკის დოკუმენტის მომზადების ძირითადი მიზეზია ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა სახელმწიფო საწარმოების რეგულირების სფეროში. საქართველოში სახელმწიფო საწარმოების  სფეროში არსებული პრობლემები განხილულია ოთხი ძირითადი მიმართულებით: ა) სახელმწიფო საწარმოების დაფუძნება; ბ) სახელმწიფო საწარმოების მართვა; გ) სახელმწიფო საწარმოების საკადრო პოლიტიკა; დ) სახელმწიფო საწარმოების ანგარიშვალდებულება და ე) გამჭვირვალობა.

პოლიტიკის დოკუმენტი  განიხილავს თითოეული მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრის შესაძლო ალტერნატივებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შემდეგ რეკომენდაციებს:

- მიღებული იქნას „სახელმწიფო საწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო საწარმოების დაფუძნების სფეროებსა და კრიტერიუმებს, სახელმწიფო საწარმოების მართვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებს; ასევე დაადგენს სახელმწიფოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საწარმოებს;

 

- სახელმწიფო საწარმოების მართვა განხორციელდეს დუალისტური მოდელის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შესაბამის სამინისტროებს შორის უფლებამოსილების გადანაწილების გზით; გაიზარდოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პარტნიორული უფლებამოსილებები;

 

- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავდეს სახელმწიფო საწარმოების კორპორაციული მართვის სახელმძღვანელო, რომელიც განსაზღვრავს საწარმოთა მართვის საერთო პრინციპებსა და მიმართულებებს;

 

- სახელმწიფო საწარმოებში ჩატარდეს საკადრო აუდიტი და თითოეულ საწარმოში განისაზღვროს საშტატო ნუსხა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთან შეთანხმების გზით;

 

- სახელმწიფო საწარმოებში შეიქმნას მუდმივი საკონკურსო კომისიები, კანონით განისაზღვროს კონკურსის ჩატარების წესი და პროცედურა; უზრუნველყოფილი იქნას კონკურსების გამჭვირვალობა და შერჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობა;

 

- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავდეს სახელმწიფო საწარმოებში შრომის ანაზღაურების სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელსაც ექნება სარეკომენდაციო ხასიათი და განსაზღვრავს ანაზღაურების, დანამატებისა და წახალისების ერთიან სტანდარტებს;

 

- შეიცვალოს სახელმწიფოს საწარმოების ხელმძღვანელების დანიშვნის წესი და მათი დანიშვნა მოხდეს სსიპ  ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით;

 

- სახელმწიფო საწარმოებმა შეიმუშაონ მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები, ასევე, მოამზადონ ყოველწლიური ანგარიშები შესრულებული სამუშაოს, ფინანსური მდგომარეობისა და განხორციელებული აქტივობების თაობაზე;

 

- სახელმწიფო საწარმოებმა სამოქმედო გეგმები და შესრულების ანგარიშები ყოველწლიურად წარუდგინონ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც გაერთიანებულ ანგარიშს წარუდგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს;

 

- სახელმწიფო საწარმოებს კანონის საფუძველზე სავალდებულო წესით მოეთხოვოთ შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის დეპარტამენტის შექმნა;

 

- შემუშავდეს სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებული თანამშრომლების ეთიკის კოდექსი, დისციპლინური წარმოებისა და მამხილებლის დაცვის მექანიზმები;

 

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავში დადგენილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის სტანდარტი, ასევე საქართველოს მთავრობის #219 დადგენილებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესი გავრცელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საწარმოებზე;

 

- სახელმწიფო საწარმოებში დაინიშნოს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი;

 

- ყველა სახელმწიფო საწარმოს დაევალოს ვებგვერდის შექმნა, სადაც მოხდება საწარმოს საქმიანობის თაობაზე განახლებული და სრულყოფილი ინფორმაციის გამოქვეყნება;

 

- სახელმწიფო საწარმოს ვებგვერდზე ინტეგრირებული იყოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის ფორმა და ელექტრონული გამჭვირვალობის სხვა მექანიზმები (მონაცემთა ბაზები, ინტერაქტიული რუკები და ა.შ);

 

- შემუშავდეს სახელმწიფო საწარმოების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების სპეციალური წესის ერთიანი მინიმალური სტანდარტი და უზრუნველყოფილი იქნას შესყიდვების კომისიის გამჭვირვალობა;

 

აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება დაეხმარება საქართველოს მთავრობას, ჩამოაყალიბოს სახელმწიფო საწარმოების მართვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თაობაზე სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და უზრუნველყოფს სახელმწიფო საწარმოების ეფექტურ მართვას.