GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

01 დეკემბერი, 2022

საქართველოს სახალხო დამცველმა 2022 წლის 29 ნოემბერს გამოსცა რეკომენდაცია „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ წინააღმდეგ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ.

განმცხადებელი, ნატალი ჯახუტაშვილი დასაქმებული იყო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ახალი ამბების სამსახურში თბილისის ბიუროს რეპორტიორის თანამდებობაზე. 2021 წლის 30 დეკემბერს მაუწყებლის დირექტორმა გამოსცა ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მუშაობის ბოლო თვეებში, განმცხადებელს მიანიშნეს, რომ არ ჰქონოდა კრიტიკული ჩართვები, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პერიოდულად პოლიტიკური მიმართულებიდან გამორიცხავდნენ. 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, განუცხადეს, რომ პოლიტიკის მიმართულებით აღარ იმუშავებდა და ეკონომიკურ მიმართულებაზე გადაჰყავდათ, თუმცა, მიზეზი არ განუმარტავთ. ნატალი ჯახუტაშვილს ჰქონდა კრიტიკული და არასახელისუფლებო რიტორიკის შემცველი სიუჟეტები, რაც გახდა მის მიმართ შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველი.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებლის გათავისუფლება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით, იყო მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დაფარვის სამართლებრივი საშუალება. არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შეწყდა შრომითი ურთიერთობა, არ აქარწყლებდა დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს.

სახალხო დამცველი ყურადღებას ასევე ამახვილებს ბოლო წლებში „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ შექმნილ გარემოზე. სახალხო დამცველის მიერ სხვადასხვა დროს შესწავლილმა საქმეებმა კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვები მაუწყებელში დასაქმებული პირების შრომითი უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების სათანადო უზრუნველყოფის, ასევე კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, განგრძობადად მიმდინარეობს კრიტიკული მოსაზრებების გამო თანამშრომელთა დევნა მაუწყებელში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორს მიმართა, რომ მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს შიდა ორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა.

განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში საია იცავდა.

სხვა სიახლეები