სიახლეები
სახალხო დამცველმა დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი ეკატერინე კიკნაძის, დინარა ვაჩნაძის, ნინო ხუნდაძისა და დავით ნიორაძის მიმართ, რის საფუძველზეც 2022 წლის 26 ოქტომბერს გამოსცა რეკომენდაცია განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ. განმცხადებლების ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში საია წარმოადგენდა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. შედეგად, ამ დროისთვის მრავალი დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული პოზიციებიდან. გათავისუფლებულებს შორის არიან ეკატერინე კიკნაძე, დინარა ვაჩნაძე და ნინო ხუნდაძე, რომლებიც თავიანთი უფლებების დაცვას სასამართლოში აგრძელებენ.
2022 წლის 28 იანვარს, სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაქვეყნა კონკურსში გამარჯვებული პროექტების სია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის 13 გამარჯვებულ პროექტს შორის იყო ეკატერინე კიკნაძის, დინარა ვაჩნაძის, ნინო ხუნდაძისა და დავით ნიორაძის ერთობლივი პროექტიც.
მას შემდეგ, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ განმცხადებლების პროექტმა მიიღო რუსთაველის ფონდის დაფინანსება, იმ მიზნით, რომ ხელი შეშლოდა კრიტიკულად განწყობილი (ყოფილი) თანამშრომლების სამეცნიერო კვლევების განხორციელებას მუზეუმში, მინისტრმა შეიმუშავა განსხვავებული შეხედულებების გამო კვლევითი პროექტებიდან კონკრეტული პირების ჩამოშორების მექანიზმი. კერძოდ, დებულებით დირექტორატს მიენიჭა უფლებამოსილება, დაფინანსებული პროექტების შესახებ მიმართოს დამფინანსებელს და მოითხოვოს საგრანტო თანხა. დირექტორატს ასევე, მიენიჭა უფლება, თავად განსაზღვროს, დაუშვებს თუ არა მუზეუმში მკვლევარს კვლევითი პროექტის განხორციელების მიზნით.
მიღებული ცვლილებების შესაბამისად, დირექტორატის უმრავლესობამ აღასრულა მინისტრის დისკრიმინაციული განზრახვა. კერძოდ, განმცხადებლებმა 2022 წლის 28 მარტს საქართველოს ეროვნული მუზეუმის Facebook გვერდზე განთავსებული პოსტიდან[1] შეიტყვეს, რომ სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს სსიპ ეროვნული მუზეუმის სახელით გაეგზავნა თანხმობა ფონდის კონკურსში გამარჯვებული 12 პროექტის განხორციელების თაობაზე და გაფორმდა ხელშეკრულებები. ის 1 პროექტი, რომლის განხორციელებაზეც უარი თქვა სსიპ ეროვნულ მუზეუმში შექმნილი მუზეუმთა ჯგუფის დირექტორატი და უკვე ახლადშექმნილი სამეცნიერო საბჭო, არის განმცხადებლების პროექტი. ამით ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა განმცხადებლების გამარჯვებული სამეცნიერო პროექტის განხორციელება.
აღსანიშნავია, რომ განმცხადებლები არიან ხელმომწერები და ორგანიზატორები 2021 წლის აგვისტოსა და დეკემბერში მომზადებული პეტიციების, რომლებიც უკავშირდებოდა ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ არსებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, პეტიციების ხელმომწერთა დევნა კი, რეორგანიზაციის შედეგებშიც ნათლად გამოჩნდა.
რეკომენდაციაში მითითებულია, რომ მოვლენების განვითარების თანმიმდევრობა ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და შემდგომში გამარჯვებული პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმა განპირობებული იყო მხოლოდ განმცხადებლების მიერ დაფიქსირებული პოზიციებით. შესაბამისად, ფაქტების, მტკიცებულებებისა და სამართლებრივი სტანდარტების შეჯერებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიმართ, მოპასუხეების მხრიდან ადგილი ჰქონდა მათ პირად ცხოვრებასა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევას გამოხატვის თავისუფლებით დაცული აზრის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრს და სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატის წევრებს შემდეგი რეკომენდაციით:
- გამარჯვებული პროექტის - „საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის XVIII-XIX საუკუნის ქართული დაზგური პორტრეტული მხატვრობის კოლექციის ინტეგრირებული კვლევა“ დაფინანსების მიღების მოთხოვნით, მიმართოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს;
- მომავალში არ დაუშვას განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს შიდაორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა.
ამ საქმეს საია ,,ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში აწარმოებდა.
[1] https://www.facebook.com/GNMuseum/posts/10158412015271269
გააზიარე: