სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას წინადადებები ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

2017-02-14 14:47
Featured image

2016 წლის 13 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ოფიციალურად წარუდგინა მოსაზრებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა ასახვა 2017-2018 წწ ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი იქნება.

საიას მიერ მომზადებული წინადადებები ეხება ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს: საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია, სახელმწიფო შესყიდვები, პოლიტიკური პარტიები, სასამართლო ხელისუფლება, კერძო  სექტორი და კორუფციული დანაშაულის პრევენცია.

ა) საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია - საჯარო სამსახურში პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება (პასუხისმგებელი უწყება: საჯარო სამსახურის ბიურო).

ბ) სახელმწიფო შესყიდვები - ა) სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვების ელექტრონული პროცედურის დახვეწა; ბ) ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების მოდულში (CMR) საიდუმლო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებთან დაკავშრებით ინფორმაციის მოდულის ინტეგრირება; გ) საიდუმლო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გაცემის თაობაზე რეგულაციების დაწესება; დ) გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დახვეწა; (პასუხისმგებელი უწყება: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო)

გ) პოლიტიკური პარტიები - ა) პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების რეგულაციების გადახედვა; ბ) ამომრჩევლის მოსყიდვის რეგულაციების გადახედვა; გ) საინიციატივო ჯგუფების (დამოუკიდებელი კანდიდატების) საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხების რეგულირება; დ) პოლიტიკური პარტიებისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხის გადახედვა; (პასუხისმგებელი უწყება: ცენტრალური საარჩევნო კომისია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური)

დ) კორუფციის პრევენცია მართლმსაჯულების სისტემაში - ა) მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის განხორციელება ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, დამსახურების პრინციპით და გამჭვირვალე პროცედურით; ბ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთების გაუმჯობესება, დასაბუთების წესის დახვეწა; გ) მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმის გამჭვირვალობის გაზრდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დონეზე; დ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის საკითხის გადასინჯვა. (პასუხისმგებელი უწყება - იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო)

ე) კერძო სექტორი - ა) სახელმწიფო საწარმოების დაფუძნების სფეროებისა და კრიტერიუმების განსაზღვრა; ბ) სახელმწიფო საწარმოების საკადრო პოლიტიკის რეგულირება; გ) სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებული თანამშრომლებისათვის ეთიკის/ქცევის წესების შემუშავება და მიღება; ე) სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება ანტიკორუფციულ საკითხებზე; (პასუხისმგებელი უწყება: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო)

ვ) კორუფციული დანაშაულის პრევენცია - კორუფციული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა. (პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური)

საიას მიერ წარდგენილი წინადადებების გათვალისწინება უზრუნველყოფს აღნიშნული მიმართულებებით სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებებისა და გამჭვირვალობის გაზრდას, ასევე კორუფციული ხასიათის შემთხვევების აღმოფხვრასა და პრევენციას.

თანდართულ ფაილში წარმოდგენილია საიას წინადადებების დეტალური შინაარსი და მისი განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებები.